ძლივს ახერხებდა არეულობაში ისეთი ადგილის პოვნას, არც ზურგჩანთამოკიდებულ ბავშვებს რომ არ გადაევლოთ ზედ და შესასვლელიც რომ არ დაეკარგა მხედველობის არიდან.
მოუსვენრად ანაცვლებდა ფეხებს ერთმანეთს და გონებაში, ალბათ, უკვე მემილიონედ ნანობდა ასეთ აურზაურში ”ლუბუტენის” წვრილქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას.
არა, მაღალი ქუსლი ნამდვილად არ წარმოადგენდა მისთვის დაბრკოლებას, უკვე ყოველდღიურობადაც კი ექცა, თუმცა ახლა მაინც მოუსვენრად იყო და ცდილობდა, აღელვება სწორედ მისთვის გადაებრალებინა.
ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო მის ცხოვრებაში, დღე, როდესაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ახალ ეტაპზე გადადიოდა და დარწმუნებული იყო, თვითონ უფრო ნერვიულობდა, ვიდრე ეს, თეთრ, მოდურ პერანგსა და კუბოკრულ ქვედაბოლოში გამოწყობილი ქერათმიანი წერტილი. ვერც კი იჯერებდა, რომ უკვე სკოლაში შედიოდა. ისე სწრაფად გავიდა დრო... გუშინდელივით ახსოვდა, ორსულობის ტესტზე ორი წითელი ხაზი რომ დაინახა, ახლა კი, არსება, რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარა, უკვე ექვსი წლის იყო და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებოდა.
– დე, არ ინერვიულო, კარგი? – ჩაიმუხლა, მის სიმაღლეზე რომ გათანაბრებულიყო და საკუთარ ხელებში მოიქცია ციცქნა თითები.
– მთელი ექვსი წელი ველოდი ამ დღეს, დედიკო! – ცისფერი თვალები სასაცილოდ აატრიალა პატარამ.
– აღარ ვარ პატარა გოგო, უკვე პირველკლასელი გავხდი!
– მა, ნერვიულობ? - ზურგიდან მიეხუტა სუნთქვააჩქარებული კაციც.
– მომიტანე?
კითხვა უპასუხოდ დატოვა, ისე ახედა და მისი საყვარელი, ბუმბულებიანი კალამი რომ შეუღიტინეს ცხვირზე, თვალები გაუბრწყინდა.
– საუკეთესო მამიკო ხარ! – შემდეგ კი, გახარებული ჩამოეკიდა კისერზე.
– კაბა დაგეკუჭება, ლილუ! – ამოიოხრა უფროსმა ქერათმიანმა, თუმცა კაცს მისი რეპლიკა არც შეუმჩნევია, ისე მიიხუტა შვილი.
– დღეს რომელი გამომიყვანთ სკოლიდან? – ატიტინდა, ყველაფერი მოგვარებულად რომ დაიგულა. თხუთმეტი წუთის წინ კი, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. კალამი ზურგჩანთაში რომ ვერ აღმოაჩინა, ლამის სკოლაში შესვლაზეც კი უარი განაცხადა და წამითაც არ შეუწუხებია უცოდველ სინდისს, მამიკო სწრაფი ტემპით რომ გაუშვა სახლში მთავარი ატრიბუტის მოსატანად.
– დე, მე ხომ იცი... – შემპარავი ხმით დაიწყო ელენემ, თუმცა მაშინვე გადააკეთა სათქმელი, შვილის მოწყენილი თვალები რომ შეამჩნია.
– კარგი, გადავდებ შეხვედრას.
– მე გამოვიყვან, არაა პრობლემა. – მხრები აიჩეჩა კაცმა და კისერში აკოცა პატარას, რომელმაც სუსტი ხელები კიდევ უფრო მოუჭირა კისერზე.
– მეღიტინება, მა! – გაეცინა ლილუს, წვერი რომ შეეხო და ისე სასაცილოდ დაიმანჭა, ლამის ხელიდან გაუსხლტა მამას.
– გეყოფათ!
თუმცა, შექმნილი მხიარულების მიუხედავად, მაინც ვერ ისვენებდა ელენე.
– მთელი დილა ვუუთოებდი ტანსაცმელს, შენ მაინც რა გჭირს?!
შემდეგ კი, გაბრაზებული თვალებით გახედა კაცს, რომელიც შვილის გამხიარულებას ისე ცდილობდა, დედამისს არც უსმენდა.
– კარგი, რა, ლენა!
ჩაეცინა ბოლოს და ღიმილი კიდევ უფრო გაეზარდა, ცისფერი თვალები ბრაზით რომ აინთო. იცოდა, როგორც მოქმედებდა ეს სახელი ელენეზე და დღემდე ვერ ელეოდა ამ შანსის გამოყენების საშუალებას. ყოველთვის ერთნაირი რეაქცია ჰქონდა ხოლმე და ისე ბრაზდებოდა, როგორც პირველად. ამ დროს კი, ისეთი ლამაზი იყო...
– ჩემი შეყვარებული დავინახე! – წამოიძახა ლილუმ და ამჯერად, უკვე მამის ანთებული თვალები მიიღო პასუხად.
– დე, იქნებ სკოლაში სხვა ვინმე მოგეწონოს, რატომ ჩქარობ? – ელენე კი, თითქოს განგებ, საუბარში ისე აჰყვა, როგორც თანატოლს.
– არ გახსოვს, ბაღში იები რომ მაჩუქა?! თან გოგოების დღეს!
– რამე გამომრჩა, მა?
– რვა მარტს დაურიგეს გოგოებს ყვავილები. – გაეცინა ქალს.
– კი არ დაგვირიგეს, გვაჩუქეს! და ლუკამ მე მაჩუქა! ნინუცას კი არა, მე მაჩუქა, დედიკო, ვერ ხვდები?! – აჭარხლდა პატარა მეტიჩარა და აშკარა იყო, კიდევ რამე რომ ეთქვათ მის „შეყვარებულზე“, შემორიგება ძვირად დაუჯდებოდათ.
– აღარ გვქონია სხვა გზა, უნდა მივიღოთ...
– ახლა კი, გთხოვთ, გაამხნევეთ ჩვენი პირველკლასელი მერცხლები, დღეს მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! – თუმცა, საუბარი დირექტორის ხმამ შეაწყვეტინათ და ლილუ ისე სწრაფად ჩამოხტა მამის მკლავებიდან, რამდენიმე წამში მოასწრო კაბის გასწორებაც, თმაზე ხელის გადასმაც და სერიოზული სახის მიღებაც. არა, ამით ნამდვილად დედას ჰგავდა!
– აბა, შენ იცი, დე! არ ინერვიულო და დაუჯერე ანა მასწავლებელს, კარგი? – გულში ჩაიკრა საკუთარი პატარა ასლი ელენემ და კანზე ჭიანჭველების დარბენაც იგრძნო, მამაკაცის მკლავები რომ შემოეხვიათ ორივეს.
– შენი იმედი მაქვს, მა... – კაცმა კი, შუბლზე აკოცა ერთადერთ ქალიშვილს და ისე გააყოლა მზერა კარისკენ გაქცეულს, თითქოს სკოლაში კი არ უშვებდა, უკვე ათხოვებდა.
განსაკუთრებული რაღაც აკავშირებდა ამ პატარა არსებასთან. პირველივე წამიდან იგრძნო, მაშინვე, როგორც კი ღილისოდენა თვალები შეანათა და მას შემდეგ ვერაფერმა შეძლო ამ გრძნობის გადაფარვა. იცოდა, მამებს გოგონები რომ განსაკუთრებით უყვარდათ, თუმცა მისი და ლილუს ურთიერთობა, ეგონა, რომ ყველანაირ საზღვარს სცილდებოდა. სუნთქვაც კი არ შეეძლო მის გარეშე და ბავშვისგანაც გრძნობდა, სამყაროს ერჩივნა მისი თავი. უსიტყვოდ უგებდნენ ხოლმე ერთმანეთს, ხმის აწევა კი არა, ტონის შეცვლაც არ სჭირდებოდა, პაწაწინა ონავარი რამეს რომ დააშავებდა და სასჯელზე მიდგებოდა საქმე. დიდი ადამიანივით უხსნიდა, ჩხუბის ნაცვლად, ესაუბრებოდა და ისე ეუბნებოდა, რატომ იყო მისი საქციელი ცუდი, ელენეს უკვირდა კიდეც, ორი წლის ბავშვს ამ ყველაფერს ასე რომ აგებინებდა.
ხანდახან, ისე ეჭვიანობდა... ეგონა, რომ თამაშგარე სიტუაციაში ხვდებოდა და მასზე მეტად მამა უყვარდა გოგონას. თან აცნობიერებდა კიდეც, სისულელის გამო რომ იშლიდა ნერვებს, თუმცა მაინც ვერაფრით ერეოდა თავს, სანამ შვილის ჩახუტება არ დააბრუნებდა დედამიწაზე.
საუკეთესო მშობლები ჰყავდა ლილუს. მისთვის რომ გეკითხათ, რომელი უფრო მეტად უყვარდა, ისე დაგიქაჩავდათ ციცქნა თვალებს, შეგეშინდებოდათ კიდეც. შემდეგ დიდი ადამიანივით გამკიცხავად გაიქნევდა თავს, ბოლოს კი ისეთი ტონით გეტყოდათ, ასეთ კითხვებს არ ვპასუხობო, დამნაშავედაც გაგრძნობინებდათ თავს ამ უწყინარი კითხვის დასმისთვის.
თვითონაც განსაკუთრებული ბავშვი იყო. თითქოს, თავიდანვე გაზრდილი დაიბადა. ჩამოყალიბებული, საღად მოაზროვნე, ნამდვილი ქალბატონი. ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე, რა სიტუაციაში არ უნდა ეტირა, ან როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა დედიკოს ან მამიკოს მოწყენილს დაინახავდა. ისეთ რაღაცებს აკეთებდა, ჭკუიდან გადაჰყავდა ორივე. არ უნდა სცოდნოდა ასეთ პატარას, რა იყო სწორი და რა არა.
ვერ უნდა მიმხვდარიყო, როდის არ ღირდა კითხვების დასმა. არ უნდა გაზრდილიყო ასე სწრაფად, თუმცა, მოუწია და ამას ახლა ვეღარაფერი შეცვლიდა. ვერც მომხდარს შეცვლიდა რამე და იყო ხოლმე მომენტები, ჩაძინებულსა და ფუმფულა ლოყებქვეშ ხელებამოდებულს, ელენე ჩუმად რომ უყურებდა, თავისუდაუნებურად უცრემლიანდებოდა თვალები. ერთიანად აწვებოდა ემოციები, დიდი ხნის დავიწყებული რომ ეგონა და ძლივს ასწრებდა ოთახიდან გასვლას, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო.
– სამსახურში მიდიხარ? – ფიქრებიდან გამოარკვია კაცის ხმამ.
– კი. – მოუჭრა მოკლედ და ლილუ საბოლოოდ რომ მოეფარა თვალს, აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანისაკენ.
– მაგრამ ბავშვის გამოყვანას მოვახერხებ, არ ინერვიულო.
– მეც შეხვედრა მქონია... – დაიწყო შემპარავად. – გასაუბრებაა და ხომ გესმის...
– მესმის... – ამოიოხრა და ეცადა, ბრაზი ჩაეხშო. ყოველთვის ასე ხდებოდა, რაღაცაზე თანხმდებოდნენ, ბოლო წუთს კი, აუცილებლად გამოჩნდებოდა მიზეზი, რომელიც გეგმებს უშლიდათ.
– მართლა ვერ გადავდებ...
– ვიცი. – თუმცა საბოლოოდ, ისე მოეშალა ნერვები, აღარც უცდია დაფარვა.
– სამსახურის საქმეს ვერ გადადებ, არაფერია ამაში ახალი!
– ელენე...
– რა? ტყუილს ვამბობ? თუ რამე მეშლება?
– ლენა, გასაუბრება მაქვს ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში და მგონი, უნდა გესმოდეს, როგორი მნიშვნელოვანია ახლა ჩემთვის სამსახურის დაწყება.
– მომისმინე!
მიუტრიალდა გაბრაზებული.
- ჯერ ერთი, ლენას ნუ მეძახი, მემილიონედ გიმეორებ! – თვალები დააკვესა და კაცმა ზუსტად იცოდა, რომ არა მაკიაჟი, ახლა მთელ სახეზე აწითლებული იქნებოდა.
– და უკვე გითხარი, ვიცი, რომ შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სამსახურს უჭირავს. ძალიან კარგად მახსოვს და აღარაა საჭირო, შემახსენო მიზეზი, რის გამოც უკვე ორი წელია შენი ცოლი აღარ ვარ! ახლა კი, წავედი, აღარ მაქვს შენთან საუბრის დრო! – ისე მიაყარა, მიმიკაც არ შეცვლია, არც ხმის ტემბრისთვის აუწევია და ბოლოს, სადგომზე გაჩერებული შავი „აუდის“ მძღოლმა ნაჩქარევად რომ გაუღო მანქანის უკანა კარი, ისე ჩაჯდა შიგნით, პასუხს აღარც დალოდებია...
* * *
მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, ქუსლების კაკუნით რომ შეაბიჯა „The D Corporation”-ის სათავო ოფისში. აქ მართლა ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში. მართალია, მხოლოდ ორი წელია, რაც მუშაობდა, თუმცა ისე შეეჩვია თანამშრომლებსაც, უფროსსაც და გარემოსაც, სხვაგან ვერც კი წარმოედგინა თავი.
უყვარდა საქმე, რომელსაც აკეთებდა და სწორედ ამ კომპანიაში ჩამოყალიბდა პროფესიონალ ეკონომისტად. ვერც კი წარმოიდგენდა, ასეთ მაღალ საფეხურზე თუ ავიდოდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდოდა წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა ეს სამსახური მის ცხოვრებაში ისეთ დროს გამოჩნდა, კარიერაზე კი არა, საკუთარ თავზე ფიქრისთვისაც არ ეცალა და შემდეგ ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვერც გააცნობიერა, უბრალო ბუღალტრობით დაწყებულმა, საბოლოოდ როგორ დაიკავა ფირმის მთავარი ეკონომისტის სავარძელი.
თითქოს, წამებში მოხდა ყველაფერი. ერთ დღეს საბუთებს ამზადებდა, უფროსის კაბინეტში შესულს კი, პატარა ბავშვივით ჟრუანტელი უვლიდა, თუმცა მეორე დღეს, ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილმა, ოფისში რომ შეაბიჯა და ლიფტამდე მისასვლელ გზაზე ყველა შემხვედრი მოკრძალებით ესალმებოდა, სწორედ მაშინ მიხვდა, რამდენ რამეს ცვლის თანამდებობა. მანამდეც ხომ იცნობდა დანარჩენებს? სამუშაო გარემოშიც და კორპორატიულ წვეულებებზეც, თუმცა აშკარად შეიცვალა ყველას დამოკიდებულება მას შემდეგ, კაბინეტის კარზე მისი სახელი და გვარი რომ გაჩნდა.
ერთადერთი, ვინც თავიდანვე ისე ექცეოდა, როგორც დაწინაურების შემდეგ, მისი უფროსი იყო, კომპანიის დამფუძნებელი და ამ სტატუსისათვის საკმაოდ ახალგაზრდა მამაკაცი. ისეთი შრომისმოყვარე იყო, ისეთი მონდომებული... ყველას უკვირდა, ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ამდენის მიღწევა რომ შეძლო და თან, ყოველგვარი პროტექციისა და მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობის გარეშე. თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და დამსახურებულადაც დაიკავა ადგილი ახალგაზრდა მილიონერების სიაში.
თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ისეთი უშუალო იყო ურთიერთობებში, სანამ თათბირზე არ ნახა ელენემ, მანამდე ჩვეულებრივი თანამშრომელი ეგონა. არც საკუთარი სტატუსით უსარგებლია, როცა გაეცნო და ხელიც მეგობრულად ჩამოართვა. ისე მიიღო, როგორც თანასწორი და ასე იქცეოდა, უბრალო მდივნით დაწყებული, ყველაზე სერიოზული ბიზნეს-პარტნიორით დამთავრებული, ყველასთან. შრომასაც ყველას თანაბრად უფასებდა, არ ჰყავდა განსაკუთრებული ფავორიტები, არც ნეპოტიზმს სწყალობდა და ამხელა კომპანიის საათივით მუშაობაც, მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურება იყო...
– უკვე მოხვედით? ჯერ არ გელოდით... – აღელვებული წამოდგა წაბლისფერთმიანი გოგონა, ელენემ კაბინეტის მისაღებში რომ შეაბიჯა.
– ახლავე მოგართმევთ ყავას...
– თაკო, კარგი, რა! – გაეცინა მის დაბნეულობაზე. უკვე რამდენიმე თვეა მასთან მდივნად მუშაობდა და საკმაოდ კარგი კადრიც იყო, თუმცა უფროსის დანახვისას ყოველთვის ისე ღელავდა, გამართულად საუბარიც კი უჭირდა.
– რამე ხომ არ გამოვტოვე?
– არა, არაფერი შეცვლილა. თათბირი სამზეა, დღეს სხვა შეხვედრა არ გაქვთ. ამ თვის დოკუმენტებს ხვალ გამოგვიგზავნიან სტატისტიკის დეპარტამენტიდან, ოთხშაბათს ექვს საათზე კი ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან გაქვთ ვახშამი დაგეგმილი...
– მადლობა. თათბირზე შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს, ამიტომ სანამ მოვალ, შემცვალე, კარგი?
გაუღიმა გულწრფელად. არ შეეძლო, თავი ისე დაეჭირა, თითქოს ვინმეზე რამით მეტი იყო და უხერხულადაც კი გრძნობდა ხოლმე თავს, თაკოს ყავა რომ შეჰქონდა მის კაბინეტში. ისეთი უშუალო იყო ურთიერთობებში, ახლაც, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე სთხოვა ასისტენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება და მხნეობის შესამატებლად, თვალიც კი ჩაუკრა, სანამ კაბინეტის კარს მიიხურავდა...
* * *
სკოლის პირველი დღე ლილუსთვის სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორსაც წარმოიდგენდა. ყოველთვის განებივრებული იყო, ხშირად ექცეოდა ყურადღების ცენტრში და თავს ისე აგრძნობინებდნენ ხოლმე, თითქოს მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავდა, ახლა კი, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია რომ დახვდა, ცოტათი გაუჭირდა შეგუება.
არც ბაღის მეგობრები ჰყავდა, აღარ ძველი მასწავლებელი, მისი „შეყვარებულიც“ კი სხვა გოგოს გვერდით დასვეს და ლამის ფეხების ბაკუნი დაეწყო, ყურადღება რომ მიექცია. ისიც კი არ მოეწონა, ანა მასწავლებელმა რომ სთხოვა ბავშვებს, თქვენს თავზე მომიყევით რამე საინტერესოო და ერთმა ბიჭმა ამაყად გამოაცხადა, ფორტეპიანოზე ვუკრავო. ამაშიც კი ვეღარ იქნებოდა გამორჩეული. პირველს რომ თვითონ ეთქვა, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა რაღა აზრი ჰქონდა? ზოგი მღეროდა, ზოგი ხატავდა, ყველას ჰქონდა რაღაც ისეთი, რითაც დანარჩენებისგან გამოირჩეოდნენ. ლილუს? ლილუს დაკვრა გამოსდიოდა ძალიან კარგად, მაგრამ ეს გამორიცხა და ახლა აღარაფერი რჩებოდა, რითაც ყურადღებას მიიქცევდა. შინაური ცხოველიც არ ჰყავდა და არც არსად დაკარგულა ოდესმე, რა უნდა მოეყოლა? ცრემლებით აევსო თვალები და მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა ტირილი, მასწავლებლის ხმა რომ მოესმა.
– ლილუ, საყვარელო, შენ რას მოგვიყვები? – გაუღიმა გოგონამ თბილად. ისე მეგობრულად მიმართავდა ბავშვებს, მაქსიმალურად ცდილობდა, მათთან ისეთი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა, რომ მეგობრად აღექვათ და არა უფროსად, რომელიც მათ დიდხანს გაუნძრევლად ჯდომას აიძულებდა.
– მე... მე... – საწყლად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ და ღრმად დაიწყო სუნთქვა, პასუხს რომ ვერ პოულობდა. თითებს იმტვრევდა და კაბის ბოლოს ჭმუჭნიდა, სიტყვები კი, თითქოს თავისით ამოუფრინდა თავიდან.
– შენი სახელი მზეს ნიშნავს, საყვარელო, ხომ ასეა? – მასწავლებელმა ნერვიულობა რომ შეატყო, ეცადა, დახმარებოდა, თუმცა არც ამან უშველა დაბნეულს.
– არა, მე ლილუ მქვია, როგორც ფორთოხლისფერთმიან გოგოს „მეხუთე ელემენტიდან“.
– რა საინტერესოა, არა, ბავშვებო? – დანარჩენებს მიმართა ანამ, თუმცა ხმა რომ არავინ ამოიღო, ლილუს ნერვიულობა ბრაზით შეიცვალა. ასე, არა?! ახლა კი ყველას დაუმტკიცებს, რომ მართლა გამორჩეულია.
– მე ორი სახლი მაქვს! – დაიწყო შეცვლილი ხმით. – დანარჩენებს ერთი სახლი აქვთ და დედიკოსთან და მამიკოსთან ცხოვრობენ, მაგრამ ჩემი დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ, ამიტომ მეც ორი სახლი მაქვს! – ისე ამაყად გამოაცხადა, იმ მომენტში ვერც კი გააცნობიერა, რატომ შეეცვალა ანას სახე.
– და ფორტეპიანოც ორი ცალი მაქვს! დედიკოს სახლში შავი პიანინო და მამიკოსთან თეთრი როიალი! ერთ თვეში კონცერტიც მექნება...
ატიტინდა, როცა დააფიქსირა, ყველა მას რომ უყურებდა. როგორც იქნა, საბოლოოდ მაინც მოახერხა კუთვნილი ყურადღების მოპოვება...
* * *
– გილოცავთ, დღეიდან თქვენ უკვე ჩვენი გუნდის წევრი ხართ და მერწმუნეთ, აქ მუშაობა თქვენთვის შეუფასებელი გამოცდილება იქნება! – ხელი ჩამოართვა ახალგაზრდა მამაკაცს ოფიციალურად გამოწყობილმა გოგონამ და ეს ყველაფერი ისეთი საზეიმო სახით გააკეთა, თითქოს სამუშაო კონტრაქტზე კი არა, მილიონიანი მემკვიდრეობის გადაცემის საბუთზე აწერინებდა ხელს.
– როდიდან შემეძლება, საქმეს შევუდგე? – კაცი კი, სულაც არ ჩანდა მასავით აჟიტირებული. არც პიჯაკსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი. ზედმეტად არაოფიციალურადაც კი ეცვა ასეთი შეხვედრისათვის, თუმცა მისი კედები და ჯინსი შთამბეჭდავმა სივიმ გადაფარა და კომპანიის იურისტის ადგილიც მოაპოვებინა.
– კაბინეტი ხვალისთვის უკვე მზად იქნება, დღეს კი, თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია კომპანია დაგათვალიერებინოთ, თანამშრომლები გაგაცნოთ, თუ კითხვები გაგიჩნდებათ, ინფორმაცია მოგაწოდოთ...
– დიდად დამავალებთ. – როგორც იქნა, გაუღიმა კიდეც.
– მირჩევნია, ჯერ კაბინეტი ვნახო, თანამშრომლების გაცნობას მერეც მოვასწრებ. თან, სიმართლე ითქვას, ჩემი საქმე მათთან კი არა, საბუთებთან მუშაობა უფროა...
– როგორც გნებავთ, დღეს თქვენი გიდი მე ვიქნები, ხვალიდან კი, როგორც ყველას, პირადი ასისტენტიც გეყოლებათ. ალბათ, აცნობიერებთ, როგორი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეთ და...
– ჩემი საქმე კარგად ვიცი. – შეაწყვეტინა უცერემონიოდ.
– და უნდა ვაღიაროთ, კომპანიას უფრო ვჭირდები მე, ვიდრე მე მჭირდება კომპანია. ახლა კი, თუ შეიძლება, მაჩვენეთ, სად მომიწევს მუშაობა...
ყოველთვის ასეთი იყო. სიტყვაძუნწი, სერიოზული და ზედმეტად ოფიციალური. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, საკუთარი საქმე პროფესიონალურ დონეზე რომ შეესრულებინა, დანარჩენს კი, არაფერს აქცევდა ყურადღებას.
სწორედ ამის ბრალი იყო ისიც, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და გამორჩეული იურისტი რომ გახლდათ. ისეთი საქმეები ჰქონდა მოგებული, როგორც კერძო პირების, ასევე კომპანიების სახელითაც... საკმაოდ რთული იყო მისი „მფარველობის ქვეშ“ მოხვედრა.
ვერც დიდი ჰონორარით მოთაფლავდით, ვერც სახელითა და პრესტიჟით. მხოლოდ და მხოლოდ იმას უყურებდა, რამდენად საინტერესო საქმე იყო და საკმარისია, თუნდაც ერთი ხელჩასაჭიდი სამხილი ეპოვა, დაუფიქრებლად იღებდა საკუთარ თავზე, მისი სირთულის მიუხედავად და რა უნდა მომხდარიყო, პროცესი რომ წაეგო. კბილებით გაჰქონდა სიმართლე და არაფრის გულისთვის ნებდებოდა. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი გამორჩეულობისა. მაგრამ, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, მის კარიერასაც ჰქონდა დაღმავალი პერიოდი და წარსულის აჩრდილივით მუდამ თან სდევდა საქმე, რომლის მოგებაც ვერაფრით მოახერხა. რამდენიმე წელია, რაც იძიებდა, კვანძს კი მაინც ვერ ხსნიდა. თითქოს, განსაკუთრებული არაფერი იყო, სისხლის სამართლის დანაშაული მანამდეც ბევრი ჰქონია, ბევრად რთული შემთხვევებიც, თუმცა ეს რაღაცით მაინც გამოირჩეოდა ყველასგან და ალბათ, ამიტომაც ვერ იგდებდა თავიდან.
– უფროსს სურს, რომ თანამშრომლების წინაშე წარგადგინოთ... – ფიქრებიდან გოგონას ხმამ გამოარკვია და წარბებშეჭმუხნილმა გახედა. მსგავსზე არაფერზე შეთანხმებულან. გეგმიდან გადახვევას კი ვერ იტანდა და არც ზედმეტი ფორმალობები ეხატებოდა დიდად გულზე. არ ესმოდა, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ იყო, პირველსავე დღეს საკუთარი სიჯიუტე რომ გამოემჟღავნებინა და მხოლოდ მხრები აიჩეჩა, კი ბატონოო. შემდეგ კი, როცა „მასპინძელმა“ საკონფერენციო დარბაზის კარი შეუღო, ინდიფერენტული სახით, შეწინააღმდეგების გარეშე შეაბიჯა პიჯაკებიანი ხალხით სავსე ოთახში...
* * *
მთელი გზა მასწავლებლის სიტყვებზე ფიქრობდა. არასდროს, არავისთან ულაპარაკია ლილუს ამ თემაზე და ახლა ვერაფრით ხვდებოდა, რატომ გადაწყვიტა სრულიად უცხო ხალხისთვის საკუთარი ოჯახური მდგომარეობის მოყოლა. თითქოს, უმტკივნეულოდ გადაიტანა ყველაფერი. მშობლების განქორწინების მიუხედავად, მაინც არ მოკლებია რომელიმეს სიყვარული და საკმაირისი გახდა, დედას აეხსნა, რომ ასე იყო საჭირო, კითხვების დასმაც შეწყვიტა.
კი უკვირდა ხოლმე, რატომ ცხოვრობდნენ მისი მეგობრების დედა და მამა ერთ სახლში, მაგრამ არასდროს გამოუთქვამს საკუთარი განსხვავებულობის გამო პრეტენზია. პირიქით, ხანდახან მოსწონდა კიდეც გამორჩეულობა და ელენესაც ეგონა, რომ ეს თემა საბოლოოდ გაიარეს, თუმცა ღიმილი სახეზე შეეყინა, მასწავლებელმა ცალკე გასაუბრება რომ სთხოვა. ყველაფერს წარმოიდგენდა, იმის გარდა, რაც მოისმენდა. ერჩივნა კიდეც, ლილუს ცელქობის შესახებ რომ მიეღო საყვედური. იმის ასატანადაც კი მზად იყო, რომ ეთქვათ, თქვენმა შვილმა პირველსავე დღეს მასწავლებელს სკამზე ჭიკარტი დაუდოო, თუმცა მოსმენილმა ისე გააოგნა, ძლივსღა ამოღერღა, აუცილებლად დაველაპარაკებიო და შოკირებულმა დატოვა სკოლა.
გზაში არაფერი უთქვამს შვილისთვის. არ იყო ეს მანქანაში გასამართი საუბარი და კარგად აცნობიერებდა ამას, თუმცა ის ნამდვილად არ იცოდა, საერთოდ როგორ უნდა დალაპარაკებოდა, ან რა უნდა ეთქვა. ერთი შეხედვით, არც არაფერი დაუშავებია, სიმართლე თქვა. ვისი მშობლები არ განქორწინებულან? თვითონ ხომ არ იყო ერთადერთი ასეთი ბავშვი, მაგრამ მაინც ცუდად მოხვდა გულზე ელენეს და ისე დაამძიმა, ოფისში რომ შევიდნენ, პირდაპირ საკუთარ კაბინეტში შეიყვანა, ცოტა ხანს დამელოდეო, სთხოვა, კომპიუტერში საყვარელი თამაში ჩაურთო და ისე სწრაფად გაეცალა, სანამ რამის კითხვას მოასწრებდა. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, ოდესმე ვინმესთან საუბრის თავიდან არიდება ასე ძალიან თუ ენდომებოდა, მით უმეტეს კი, ეს ვინმე თუ საკუთარი შვილი იქნებოდა, თუმცა, მინდა გითხრათ, ეს ნამდვილად არ ყოფილა ერთადერთი რამ, რასაც იმ დღეს ელენე საერთოდ ვერ წარმოიდგენდა...
ხასიათგაფუჭებული მიაბიჯებდა საკონფერენციო დარბაზისკენ, თუმცა იმდენად იყო ფიქრებით გართული, ზუსტად იცოდა, ჯობდა კიდეც, ბოლომდე თაკო ყოფილიყო თათბირზე, რადგან თვითონ ყურადღების მოკრებასა და მოსმენას ვერ შეძლებდა. არ შეეძლო ახლა საქმეზე კონცენტრირება და ამის აღიარების ისე ეშინოდა, ერჩივნა, გრანდიოზულ საცობში გაჭედილიყო და ეს მოეტანა შეხვედრის გაცდენის მიზეზად, ვიდრე დასწრებოდა, თუმცა გონებით სულ სხვაგან ყოფილიყო. ყოველთვის ახერხებდა, პირადი და პროფესიული საქმიანობა ერთმანეთში არ აერია და კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ ახლა ეს ნამდვილად ვერ მოახერხა.
ღრმად ჩაისუნთქა, სანამ კარის სახელურს ჩამოსწევდა და მთელი მონდომებით ეცადა, შიგნით ზუსტად ისეთი ელენე შესულიყო, როგორსაც თანამშრომლები იცნობდნენ. მოწესრიგებული, ყურადღებიანი, კრეატიული და საქმეზე კონცენტრირებული, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემისგან თავისუფალი. რამდენიმე წამით გამოუვიდა კიდეც, თუმცა, გაღიმებულმა რომ შეაბიჯა და უხერხულად მოიხადა ბოდიში დაგვიანებისთვის, სიტყვის დასრულებაც კი ძლივს მოახერხა, რადგან თანამშრომლებს შორის შენიშნა ადამიანი, რომელიც არანაირი წესითა და ლოგიკით იქ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც უცერემონიოდ იჯდა გორგოლაჭებიან სავარძელში, საზურგეზე მიყუდებული და შუა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეულ კალამს ისე აკაკუნებდა პრიალაზედაპირიან მაგიდაზე, აშკარა იყო, არც თვითონ ახარებდა ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც მისთვის სრულიად უინტერესო თემაზე საუბრობდნენ...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი