ამას წინათ ხუმრობით დავპოსტე: ჯერ შორენა ბეგაშვილი მაპიარებდა, ახლა შორენა თეთრუაშვილი მაპიარებს-მეთქი. თუმცა, ეს უსაფუძვლოდ არ მითქვამს.
ჩემს ბლოგებზე ნანახმა თქვენმა რამდენიმე კომენტარმა განმიმტკიცა ეჭვი, რომ ხშირად ქართული შოუბიზნესის ცნობილ ვარსკვლავში გერევით. :) არადა, თქვენთან ჩემი ინტენსიური ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ რატომღაც მეგონა, რომ ბევრი რამ ძალაუნებურად გაგანდეთ და ჩემი პიროვნების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეგიქმენით.
იმ მშვენიერი ქალბატონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მსურს, სხვის ჩრდილს ვეფარებოდე. მირჩევნია, მე - მე ვიყო და ამიტომ ამიერიდან შოშიას "ნიკნეიმით" დაგელაპარაკებით, სახელით, რომლითაც შინაურები ბავშვობიდან მომმართავენ.
სხვათა შორის, ამას წინათ თავში ერთმა სახალისო იდეამ გამიელვა: საინტერესოა, რას ფიქრობთ ჩემზე, ვინ გგონივართ: როგორი ხასიათის, ინტერესების, გარეგნობის? - დამეთანხმებით, ეს სახალისოცაა და ცოტა სარისკოც, რადგან ჩვენი სოციალური ქსელებიდან ნიაღვარივით მომდინარე ნეგატივის გათვალისწინებით, შესაძლოა, გვარიანი "დარტყმებიც" მივიღო, მაგრამ ვეცდები, ამას ღირსეულად გავუმკლავდე. :)
ჩემი მხრიდან შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ყოველთვის სიამოვნებით და ერთგვარი პასუხისმგებლობის განცდით ვემზადები თქვენთან შესახვედრად. გულწრფელად გიამბობთ იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი და ასევე გულწრფელად მსურს, კეთილგანწყობა და სიკეთე მომქონდეს. მერე რა, რომ ზოგჯერ ეპატაჟური, ცოტა ირონიული და რაღაც-რაღაცების მიმართ შეურიგებელი ვარ! - ჩვენი ცხოვრების გზა ხომ ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ არის და ჩვენც დიდი ხანია, ვარდისფერი სათვალე ჩამოგვხსნეს დაღლილი სახეებიდან! ამიტომ ნუ მიწყენთ, თუ მტკივნეულ ადგილას დაგაბიჯებთ, გიჩხვლეტთ, ცივ წყალს გადაგასხამთ და გამოგაფხიზლებთ - ამას ისევ და ისევ ჩვენთვის და, პირველ რიგში, ჩემთვის ვაკეთებ.
ისე, გამოგიტყდებით და, ჩემ შესახებ ძალიან ბევრი სასაცილო და აბსურდული ამბავი მაქვს მოსმენილი, იცოცხლე, ჭორებიც! :) მაგრამ ახლა საკუთარ თავზე ჭორებს ხომ ვერ მოგიყვებით?! :) ყველაზე გავრცელებული შეხედულება და საზოგადოებრივი აზრი, რომელიც, რაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, აჩრდილივით დამყვება, არის ე.წ. ძლიერი ქალი-ს იმიჯი! ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად მიცნობს, "ძლიერ ქალს", "ხასიათიან ქალს", "ამაყ ქალს" მეძახის. მე კი გულში სულ მეცინება ამაზე... :)
ხშირად მიფიქრია: რა მოსაბეზრებელია ეს ოხერი სიძლიერე! ერთხელ ხომ შეიძლება მეც ვიყო სუსტი, უმწეო და დაუცველი?!
მაგრამ ამ დროს სულ მახსენდება ბებო ეთიკო, რომელიც ჯერ კიდევ პატარაობიდან ასე მომმართავდა: "ჩემი ვაჟკაცი, ჩემი ვაჟკაცი გოგო!" მერე, როცა მოვიზარდე და ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და ბედის უკუღმართობაზე შევჩივლებდი, მომიბრუნდებოდა და - "ცხოვრებამ როგორ უნდა შეგაშინოს?!" - ისე მეტყოდა, სირცხვილისგან ვწითლდებოდი. :)
წარმოგიდგენიათ მდგომარეობა, როცა საკუთარი თავი ქეჩოთი გიჭირავთ? - აი, დაახლოებით ასეთია ძლიერი ქალის ტვირთი, რომლის დაბლა დაშვების უფლება, უბრალოდ, არ გაქვთ!
მოდიხარ გამართული, თავაწეული, მტკიცე სახით. არ გაქვს უფლება, თავი დახარო; როცა ფეხს წამოჰკრავ და წაიქცევი, არ წამოდგე და კვლავ არ გაიმართო! არ გაქვს უფლება, არ იფიქრო, არ იზრუნო, არ აკეთო! როდესაც ძალიან გიმძიმს, როცა მხოლოდ ის გინდა, რომ ჩაწვე ლოგინში და მთელი ხმით იბღავლო, უბრალოდ, არ გაქვს უფლება! ამიტომ ჩვეულებრივ დადიხარ სამსახურში, ნაცნობ-მეგობრებთან და ისევ ის მოწესრიგებული კოლეგა, ყურადღებიანი მეგობარი და მზრუნველი დედა ხარ! როცა გრძნობ, რომ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, არ გაქვს უფლება, გამოსავალი არ ეძებო! როცა შენიანებს უჭირთ, არ გაქვს უფლება, არ უშველო! არ გაქვს უფლება, არ იყო სულგრძელი და არ აპატიო! - ამ "არ გაქვს უფლებას" გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საკმარისია. გული ხომ არ გაგისკდათ? :) - არადა, თუ კარგად მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია. მერე რა, რომ ხან გამოგივათ, ხან - არა.
მთავარია, ირწმუნოთ, რომ ძლიერი ქალი ხართ და სისუსტის შეტევებს გაუმკლავდეთ. ოღონდ აქედანვე იცოდეთ, რომ ძლიერები არ უყვართ, მაგრამ ესეც მტკიცედ დაიმახსოვრეთ: არ გაქვთ უფლება, თქვენც არ გიყვარდეთ!