ზამთრის ცივ და ნესტიან საღამოს ჩაის დასალევად ქალაქის ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჩემი აზრით, ერთ ჩვეულებრივ კაფეში მინდოდა თავის შეფარება.
კარი შევაღე და კიბის რამდენიმე საფეხური ავიარე თუ არა, მაშინვე შემომეგება ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც ნაზი ინტონაციით, მაგრამ საქმიანი მანერით მკითხა: "მაგიდა დაჯავშნილი გაქვთ?"
ერთიანად გათოშილსა და დაღლილს ახსნისა და კამათის თავი ნამდვილად არ მქონდა. ამიტომ მხოლოდ თავი გავუქნიე. ყმაწვილმა ამ მეტად "მოთხოვნადი" დაწესებულების ტელეფონის ნომერი მომცა და ზრდილობიანი უარით გამომისტუმრა.
სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც. თუ რატომ, ამას ცოტა ქვემოთ თავად მიხვდებით...
ამ კაფე-ბარის მეპატრონე თურმე, როგორც ჩვენში ეძახიან, "ცნობადი სახე" ყოფილა. ახალგაზრდა ფრანტი, ქართული შოუბიზნესის ნამდვილი ვარსკვლავი და თბილისური ბომონდის გული და სული.
ვიცი, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დარბაზში ბევრი ქერა, ტუჩგამობურცული და პირში სიგარეტმომარჯვებული ამავე საზოგადოების წარმომადგენელი ქალი იმყოფებოდა. ნამდვილად გამიჭირდება, აღვწერო მათ სახეებზე გატკეპნილი სიამოვნება, გამოწვეული "სვეცკი" საზოგადოების სიახლოვით, რომელიც, რასაკვირველია, მატონიზირებელი და მათრობელა სასმლის არომატით იყო შეზავებული.
გოგონები სექსუალური იმიჯით: წინგამოწეული შეღებული ტუჩებით, რაც შეიძლება გრძლად გაწვდილი სიგარეტიანი თითებით, ქერა და დაგრძელებული თმის მოხდენილი ქნევით, მოტკეცილი ჯინსებითა და ტოპებით... ბიჭები - ღრმად ჩაფლულები სავარძლებსა და თვითკმაყოფილებაში, მიმტკნარებული და ვითომ "სულერთია" სახეებით, ასევე დახეული ჯინსებით, მოდური სპორტული ფეხსაცმლით... და კვამლი, კვამლი, სიგარეტის ხშირი, ბლანტი და უხვი კვამლი...
მოუკიდებენ, მოქაჩავენ, ჩააჭყლეტენ... მოუკიდებენ, მოქაჩავენ, ჩააჭყლეტენ... თან მოდურ "აიფონებში" ჩამძვრალები, ალბათ, ვეღარც ითვლიან, მერამდენე ღერი ამოიღეს.
წესით, ნაცრისფერები უნდა იყვნენ, იმდენს და ისე სწრაფად ეწევიან. ერთი-ორი ღერის გაბოლება კიდევ გამიგია, როცა "საკაიფოდ" მომჯდარი მეგობრებს მაგარ ამბავზე ეჭორავები, მაგრამ მთელი კოლოფის?!
და ეს ხდება თბილისური კაფე-რესტორნების, კლუბებისა და ბარების აბსოლუტურ უმრავლესობაში.
ეს ის შემთხვევაა, როცა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობაზე საუბარი მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. რა თქმა უნდა, ისიც "სულ ჰკიდიათ", რომ შენ, არამწეველს, ზიანს გაყენებენ. "აი, ვაბშე" არ აინტერესებთ, თუ ევროპასა და ამერიკაში, რომელსაც ასე ვბაძავთ, თამბაქოს მოწევა დიდი ხანია ლამის სირცხვილად ითვლება. და ყველაზე უარესი: არ სჯერათ, უბრალოდ, არ სჯერათ, რომ ეს დამღუპველია!
ალბათ, თქვენც გინახავთ სადარბაზოებსა და საზოგადოებრივ ტუალეტებში შეყუჟული პატარა გოგონები, რომლებიც ნაცნობ თვალს ემალებიან (ეს ძალზე მტკივნეული, სერიოზული პრობლემა და ცალკე სამსჯელო თემაა და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.) ანდა საკმაოდ მოზრდილები, რომლებიც ასევე ტუალეტში იკეტებიან, რათა არ დაინახონ დედამთილებმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა და ა.შ. ჩვენში ხომ ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული სტერეოტიპი, რომ თუ გოგო ეწევა, ის ადვილად "იმასიზამს"... ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მოგვიანებით ასევე ცალკე დავწერ. მანამდე კი გეტყვით იმას, რაც ვიცი. ზოგიერთს ძალიან არ მოგეწონებათ, მაგრამ მაინც გეტყვით: თქვენ, ვინც ჯერ კიდევ არ ხართ დედები, მაგრამ აპირებთ განიცადოთ ეს უდიდესი ბედნიერება, ზიანს აყენებთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენს მომავალ შვილსაც. სამწუხაროდ, შესაძლოა, ეს ზიანი გამოუსწორებელიც აღმოჩნდეს და ეს რომ ცარიელი სიტყვები არ არის, ამაში ნებისმიერი ექიმი დამეთანხმება. ხოლო ისინი, ვინც უკვე დედები ხართ და ეწევით, უბრალოდ, კიდევ უფრო იმოკლებთ იმ ბედნიერ წუთებს, რომლებიც ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროთ! სამწუხაროდ, არც ამ შემთხვევაში ვაჭარბებ.
აღარ განვავრცობ და არ მოვყვები სამედიცინო კონსულტაციას იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებს თამბაქო ფილტვებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და სხვა ორგანოებს - ეს ნებისმიერმა განათლებულმა ადამიანმა მეტ-ნაკლებად ისედაც იცის.
მაგრამ არ გჯერათ, რადგან თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანი მყისიერად არ ჩანს? - გაიხსენეთ, რამდენი საშინელი ფოტო გინახავთ, სადაც დაავადებული ფილტვები საზარლად გამოიყურება.
წარმოიდგინეთ სცენა: მოწევის დროს თქვენთან ვიღაც მოდის, გიწვდით მსგავს ფოტოს და გეუბნებათ: "ეს თქვენი ფილტვებია, რომელიც კლინიკიდან მოგვაწოდეს... ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას, რა მდგომარეობაა მოწევის თვალსაზრისით საქართველოში..." დარწმუნებული ვარ, სურათი ისე შეგძრავთ, იმის გაანალიზებასაც არ დაიწყებთ, მართლა გადაიღეთ თუ არა რენტგენი უახლოეს წარსულში. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეიძლება, თუმცა, შესაძლოა, შედეგიანიც ყოფილიყო.
რა გიშლით ხელს, რომ მოიშალოთ ეს მავნე ჩვევა: უნებისყოფობა, ძლიერი დამოკიდებულება თუ რამე სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორი? - ზუსტი რეცეპტის მოწოდება გამიჭირდება, ამაზე მსოფლიოს მედიკოსები და ფსიქოლოგები დიდი ხანია მუშაობენ და უნივერსალურს, მგონი, მაინც ვერაფერს მიაკვლიეს, მაგრამ ის კი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თავად "ჩააბარეთ" საკუთარი თავი თამბაქოს და შეგიძლიათ თქვენვე უკან გამოიხმოთ იგი. მთავარია, დაიჯეროთ, რომ ის ნელ-ნელა გპარავთ სილამაზეს, რაც ყველა ქალისთვის ასე ძვირფასი და დაუთმობელია, გპარავთ ენერგიას, რაც ამ აჩქარებულ სამყაროში ასე საჭიროა, გპარავთ სასიცოცხლო ძალებს, რაც ფასდაუდებელი და აღუდგენელია და გპარავთ ძვირფას ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ბედნიერებას!
ახლა ამ სტრიქონებს კითხულობთ და ფიქრობთ: "ნახა ამ ვიღაც მოცლილმა საქმე და ჭკუას გვარიგებს! ვინ ეკითხება?! იოლია სხვისთვის რჩევების მიცემა!"
ვინ მეკითხება? - სიმართლე გითხრათ, არც არავინ... გასაგებია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ამიტომ სულაც არ მინდა ვინმეს პირადი თავისუფლება შევუზღუდო და მით უმეტეს, მორალი ვუკითხო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთ მცირერიცხოვან ერში, როგორიც ჩვენ ვართ, ეს სერიოზული პრობლემაა.
მეორეც, სულ ტყუილად გგონიათ, რომ თქვენი არ მესმის. მეც გამომიცდია, რას ნიშნავს თამბაქოს კვამლისგან გაბრუება და შევიწროებული სისხლძარღვები... დიახ, ერთ დროს მეც ვეწეოდი. პირველი ღერი საკმაოდ ზრდასრულ ასაკში მოვწიე და რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში 1-3 ღერს ვეწეოდი. ოღონდ შემიძლია დავიფიცო, რომ ამისგან სიამოვნება არასდროს მიმიღია! ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს საჭიროება კი არა, დროის გაყვანა, ფუჭი მანერა და უაზრო ჩვევა იყო. და როცა ვიგრძენი, რომ სწრაფი სიარულის დროს გული ყელში მებჯინებოდა, მივხვდი, რომ იმაზე სასიამოვნო და მართლა "საკაიფო" არც ერთი "სტიმულატორი" არ არის - გაიმართო წელში ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ. თუ დამიჯერებთ, არც განწყობას ამაღლებს ეს ოხერი სიგარეტი, არც პრობლემებს ხსნის, არც მწარე რეალობას გავიწყებს, არც უკეთესი გამოსავლის მოძებნაში გეხმარება და უკვე დიდი ხანია, მოდაშიც აღარ არის!.. ამიტომ ძალიან მარტივად დავემშვიდობე. სიმართლე გითხრათ, ამაში მე იმის გაცნობიერება დამეხმარა, რომ "ეს" უკან მხევდა, სიცოცხლის ძალებს და იმ უპირატესობის განცდას მართმევდა, რომლის წყალობითაც შემეძლო ამაყად მეთქვა: "არა, მე არ ვეწევი".