მეორე დილით ელენემ თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მსხვილფეხა პირუტყვთა ჯოგმა გადაურბინა. თავდაპირველად, ვერც კი გაიაზრა, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში.
თვალების ერთდროულად გახელაც ვერ მოახერხა. სახეშეჭმუხნილმა ჯერ მარჯვენა გაახილა და დაბინდული მზერა მოატარა მოწესრიგებულ საძინებელს და მხოლოდ მას შემდეგ დააჭყიტა მარცხენაც, ტელევიზორის ეკრანზე გაშეშებული კადრი, ტუმბოზე კი გამოცლილი ვისკის ბოთლი რომ დაინახა. “რა ჯანდაბა გააკეთე გუშინ, ლენა?!”
ელდანაკრავივით წამოხტა. ისე აუჩქარდა პულსაცია, სახეზეც ერთიანად აჭარხლდა. ხმამაღლა სუნთქავდა და შეშინებული სცემდა ბოლთას, როგორმე გადამრთველი რომ ეპოვნა, თუმცა, ოთახისგან განსხვავებით, საწოლი ნამდვილად არეული იყო და ეს დისტანციური მართვის ქმნილებაც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ახლაც ჯადოსნურად გაქრა. თითქოს, სამყაროც კი დასცინოდა!
– სულელი ქალი ხარ, ლენა! სულელი, სულელი! – ბურდღუნებდა განერვიულებული. საწოლის ქვეშაც კი შეძვრა დაიმედებული, თუმცა ვერც იქ აღმოაჩინა. სად ჯანდაბაში წავიდა?! – იმდენად სულელი, შენ თვითონვე ეძახი საკუთარ თავს ლენას! – გააგრძელა ნერვიულად საუბარი და ტელევიზორს კიდევ ერთხელ რომ ჩაუარა და ეკრანიდან კვლავ საკურთხეველთან მდგარმა ბედნიერმა დემნამ გაუღიმა, ნერვებმოშლილმა დასტაცა ხალათს ხელი და ისე მიაფარა, თითქოს აქედან თუ გააქრობდა, გონებიდანაც შეძლებდა ამ კადრის ამოჭრას.
არა, ისე ძალიან როგორ დათვრა, საკუთარი ქორწილის ვიდეოს რომ უყურა?! ნუ, მართალია, დემნასთან ერთად ამას ხშირად აკეთებდა, ერთხელ ლილუსაც კი აყურებინეს, მაგრამ ორი წელია, მტვერიც კი აღარ გადაუწმინდავს ამ დისკისთვის და ახლა რა მოელანდა?! აშკარად მაზოხიზმის ახალ სტადიაზე გადავიდა და თან ისე, თვითონაც რომ არ იცოდა ამის შესახებ...
გადამრთველი მაინც ვერ იპოვა... ვერც გაუცემელ კითხვებზე პასუხები... ალბათ, მალე საკუთარ თავსაც დაკარგავდა და საბოლოოდ, ან დემნასთან დაასრულებდა, ან საგიჟეთში. სიმართლე ითქვას და, არც ერთი ვარიანტი ხიბლავდა დიდად. უფრო სწორად, პირველი კი ძალიან მოსწონდა, მაგრამ აკრძალული ხილის გასინჯვას რომ მკაცრი სასჯელი მოჰყვებოდა, ეს უკვე კარგად ისწავლა და აღარ უნდოდა, ის ყველაფერი ხელახლა განეცადა, რის გამოც აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში.
სუსტი ქალი არასდროს ყოფილა. პირიქით, თავიდანვე საკუთარი სიძლიერითა და მტკიცე ხასიათით დააინტერესა ხერგიანი. მართალია, ეს უკანასკნელი ამას არასდროს ეუბნებოდა, მაგრამ უსიტყვოდაც კი გრძნობდა ყველაფერს. საერთოდაც, ძალიან სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ ამ მხრივ ყოველთვის. არც ის ჰქონდათ გაწერილი, საათში რამდენჯერ უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის „მიყვარხარ“ და ბოლომდე ვერც ის ამოხსნეს, როგორ ან როდის შეუყვარდათ ერთმანეთი. ზედმეტი ლაპარაკის გარეშეც გრძნობდნენ ყველაფერს და ელენესთვის ქმრის ერთი მზერაც კი საკმარისი იყო, ყველაფერი რომ ამოეკითხა მასში. ისე უყვარდა დემნას თვალები...
შეეძლო საათობით წოლილიყო მის გვერდით ისე, ხმაც რომ არ ამოეღო და კატასავით გატრუნულს ეყურებინა, როგორ მოძრაობდა მის კისერზე მფეთქავი არტერია, როგორ უთამაშებდა ყელზე „ადამის ვაშლი“, ნერწყვის გადაყლაპვის დროს... არ ბეზრდებოდა. დეტალებში ჰყავდა შესწავლილი და მაინც არ ბეზრდებოდა. თითქოს, დროც კი ჩერდებოდა ხოლმე და სულ რომ სამყარო დაქცეოდათ თავზე, მაინც არაფერი ადარდებდა. ის სიჩუმეც კი უყვარდა, ხერგიანს მუდამ თან რომ სდევდა.
ისეთი ხმაურიანი იყო თვითონ. იმპულსური, ფეთქებადი, ნამდვილი ქარბორბალა, დემნას კი, ზედმეტად ერთ სიტყვასაც ვერ ათქმევინებდა. იმდენჯერ უკამათიათ ამის გამო. ეჯიჯღინებოდა ხოლმე ელენე, უჟმური ხარ, არაფერი გიხარიაო, უნდოდა, ამით მაინც გაებრაზებინა, გამოეწვია, მაგრამ არც ეს გამოსდიოდა. ჭეშმარიტი თხის რქა იყო ამ მხრივ კაცი... თუმცა, მთლად უთქმელობასაც არ უჩიოდა. არ უყვარდა ყოველ წამს ერთი და იმავეს გამეორება, სამაგიეროდ, ერთს იტყოდა და ისეთს, მთელი ცხოვრება რომ ვერ ამოეშალა მაჩაბელს გონებიდან. ახლაც დეტალურად ახსოვს ყველა ფრაზა, ყველა წინადადება, რაც კი ოდესმე უთქვამს და ალბათ, სწორედ იმიტომ გამოდგა განშორება ასეთი ძნელი...
საბოლოოდ, მაინც მიიყვანა საკუთარი თავი ცრემლებამდე, შხაპიდან რომ გამოვიდა თმააკეცილი და საკუთარ ანარეკლს მოჰკრა სარკეში თვალი... პატარა ცხვირი ტირილისგან ჰქონდა აწითლებული, უპეებიც შესიებოდა ცოტათი, სავსე ტუჩები კი ისე უთრთოდა, ვერაფრით ახერხებდა დამორჩილებას...
სწრაფად ამოიწმინდა თვალებიდან ცრემლები. როგორ ვერ იტანდა სისუსტის გამომჟღავნებას! და როგორ დაღალა ამ ყველაფერმა... არა, მაინც რა ეგონა, სამუდამოდ დარჩებოდა გერმანიაში და ასე იცხოვრებდნენ დიდხანს და ბედნიერად, მაგრამ არა ერთად? ორი წელი ხომ არც ისე ცოტა დროა, მონდომების შემთხვევაში, გადაყვარება რომ ვერ მოეხერხებინა?
თუმცა, ისევე არ შეეძლო ამ გრძნობის მართვა, როგორც თვალის კუთხეებთან გაჩენილი, ძლივსშესამჩნევი ხაზების. არც ეტყობოდა დიდად. მხოლოდ თვითონ ამჩნევდა, ისიც იმიტომ, მათი არსებობის შესახებ რომ იცოდა. მაკიაჟის შემდეგ კი, საერთოდ შეუძლებელი ხდებოდა დანახვა. კარგად ნიღბავდა ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც მიუთითებდა მის სისუსტეზე, მაგრამ იმის შენიღბვა კი მაინც ვერ ისწავლა ბოლომდე, როგორ მოქმედებდა მასზე კაცი, რომლის სახეც ვერაფრით გააქრო ვერც საკუთარი თავიდან და ვერც იმ ტელევიზორის ეკრანიდან, საძინებელში რომ ედგა და ჯიუტად, გადამრთველის დაკარგვას აბრალებდა ამ ყველაფერს მაშინ, როცა რამდენჯერმე ჩაუარა დენის კაბელს, მისი გამოერთება კი ერთხელაც არ მონდომებია...
* * *
სული დაელია ყოფილი შეყვარებულის უაზრო გამოხტომისგან შეურაცხყოფილს და ხასიათწამხდარ ელენეს დემნას პასუხის მოლოდინში. აქამდეც გონებაში არც კი გაუვლია მსგავსი რამ, მით უმეტეს, ვერაფრით წარმოიდგენდა, ოდესმე ვინმეს იმას თუ სთხოვდა, მაკოცეო. იმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ეს ვინმე დემნა თუ იქნებოდა, მაგრამ ისე გაბრაზდა, ისე მიაწვა ემოციები და იმდენად ცუდად იგრძნო თავი, მიხვდა, იმ მომენტში ეს რომ არ ეთქვა, ალბათ გასკდებოდა.
არც კი იცოდა, მზად იყო თუ არა, ხერგიანი თხოვნის შესრულებაზე რომ დათანხმებოდა. მხოლოდ ის უნდოდა, ლუკასთვის სამაგიერო გადაეხადა და ეჩვენებინა, მარტო რომ არ იყო. მეტზე არაფერზე უფიქრია, საერთოდ. უფრო ზუსტად კი, იმ წამამდე არ უფიქრია, სანამ დემნამ, წამიერად თვალებდახუჭულმა, მძიმედ არ ამოიოხრა და ნელა დაიძრა მისკენ.
წამითაც არ აშორებდა მზერას... ისე უყურებდა, გოგონამ არც კი იცოდა, სად დაემალა თვალები. არა, რა ჯანდაბის გამო წამოაყრანტალა ასეთი სისულელე?! ღმერთო, რა სირცხვილია! თითქოს ორი ელენე ებრძოდა მასში ერთმანეთს. ერთს საღი გონება ჰქონდა და პანიკის პირას იყო მისული მოსალოდნელის გამო, მეორე კი, ბოროტულად, კმაყოფილი ხითხითებდა, ყოფილი შეყვარებულისათვის მოწყობილ სანახაობას ასე გრანდიოზულად რომ აგვირგვინებდა.
უნდა ვაღიაროთ და, არც ხერგიანი იყო მოვლენების განვითარებით აღფრთოვანებული. ცხოვრებაში თუკი რამეს ვერ იტანდა, სიყალბე ამ სიაში მოწინავე ადგილს იკავებდა და ნამდვილად არ უნდოდა, ამ გოგოსთან რამე თუ ექნებოდა, ხელოვნური და სხვების დასანახად გაკეთებული ყოფილიყო. აქამდე თუ კატეგორიულად უარყოფდა საკუთარ თავთან, დღეს ლამის იმის აღიარებამდეც მივიდა, ლენას პიროვნება რომ აინტერესებდა და უცბად, სრულიად შეიცვალა სიტუაცია... კი მიხვდა, რატომაც სთხოვა ასეთი რაღაც, მაგრამ საკუთარ სურვილებში ვერ გარკვეულიყო ბოლომდე და არ უნდოდა, არაკაცურად მოქცეულიყო და რაღაცებით ესარგებლა. არა, ნამდვილად არ იყო ასეთი...
ელენეს კი, ლამის საერთოდ გაუჩერდა გული, დემნას სუნთქვა ძალიან ახლოს რომ იგრძნო, წელზე მოხვეულმა ხელმა კი მის კისერზე გადაინაცვლა. ჯანდაბა, რატომ წელავს ასე?! იმასაც კარგად გრძნობდა, როგორ უწვავდა ლუკას მზერა სხეულს, თუმცა, ამისთვის აღარც კი ეცალა, მოზრდილმა წვერმა სახეზე რომ გაკაწრა და შემდეგ ტუჩთან ძალიან ახლოს, სადღაც, მის კუთხეში რომ იგრძნო ხერგიანის ტუჩების შეხება. ალბათ, მეორე ხელით ასე ძლიერად რომ არ ჰყოლოდა სხეულზე მიკრული, იქვე ჩაიკეცებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ამისგან საგულდაგულოდ იყო დაზღვეული და მეტი ეფექტისათვის, თვითონაც შემოხვია განიერ მხრებზე ხელი. ისე ეკვროდა, თითქოს ის იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისაც შეეძლო დაყრდნობოდა. თითქოს ის იყო ერთადერთი, ვისაც ცხოვრების ბოლომდე, ყველგან გაჰყვებოდა და ყველაფერს აიტანდა, მისი სიძლიერით დაიმედებული.
არც დემნა ჩქარობდა მოშორებას. უფრო მეტიც, ნელ-ნელა აუყვა კოცნით ლოყაზე და მიუხედავად იმისა, საკუთარი ქმედების აშკარა შედეგს რომ ხედავდა და გოგო მკლავებში ადნებოდა, მაინც არ უფიქრია გაჩერება. ისიც კარგად შეამჩნია, როგორ მიეხუჭა ელენეს თვალები და არც ის გამოჰპარვია, მხრებზე შემოხვეულ სუსტ თითებს ნელ-ნელა რომ უფრო ძლიერად უჭერდა. ისე მიუტანა ტუჩები ყურთან, ვერაფრით შეძლო, მის ნაზ კანთან შეხება შეეწყვიტა. ცხვირის წვერი გაუსრიალა ლოყებზე და საბოლოოდ რომ იგრძნო, როგორ დაურბინეს სხეულზე ჭიანჭველებმა, ისეთი ხმით წარმოთქვა, მათ მეტს სხვას რომ არავის გაეგო:
– არ მინდა, ჩემი კოცნა მხოლოდ იმიტომ გინდოდეს, სხვამ რომ დაინახოს.
და შემდეგ ყველაფერი წამიერად დამთავრდა. ისე მოულოდნელად მოშორდა, ელენემ გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო, უკვე მაგიდისკენ რომ მიდიოდნენ ნივთების ასაღებად. არც არავის დამშვიდობებიან. იმან, ვისთვისაც ეს სპექტაკლი მოაწყვეს, ისედაც დაინახა ყველაფერი და მეტი არც არაფერი იყო საჭირო. გოგონა კი მექანიკურად მიჰყვებოდა. წამის წინ ლამის გაჩერებულმა გულმა გაასმაგებული ძალით დაუწყო ფეთქვა და ისე ცუდად გრძნობდა თავს, რომ არა დემნა, უეჭველად წაიქცეოდა.
მაშინაც ვერ შეძლო ხმის ამოღება, მანქანაში რომ ჩასხდნენ. თითქოს, საერთოდ დაკარგა ლაპარაკის უნარი. შენელებული კადრივით დატრიალდა მის გონებაში ყველაფერი და ვერც კი გაიაზრა, რატომ მიაწვა ასე ძალიან სისხლი საფეთქლებში. ნელ-ნელა ცოცხლდებოდა ყველა ქმედება, ყველა შეხება, ყველა ფრაზა და სუნთქვაგახშირებულს ცივი ოფლი ასხამდა.
რამდენიმე წუთში, დენის დარტყმასავით გაუარა უცნაურმა გრძნობამ მთელ სხეულში. ხელისგულები გაეყინა, სახე პირიქით, საშინლად აუხურდა, მუხლები კი აუკანკალდა და საბოლოოდ, ყველაფერთან ერთად, ყელზე უხილავი ხელი რომ შემოეხვია და გრძნობდა, როგორ გუდავდა ნელ-ნელა, მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო, ისე ამოისლუკუნა საცოდავად.
ადგილზე გაყინა დემნა ამ ხმამ. მთელი გზა საქარე მინისთვის არ მოუშორებია მზერა. გვერდით არც კი გაუხედავს, რაიმე ისეთისთვის რომ არ მოეკრა ელენეს სახეზე თვალი, საკუთარი საქციელის არასწორობაში რომ დაარწმუნებდა და ანანებდა მომხდარს. უნდა გაეთვალისწინებინა, როგორი ემოციური ფონი ჰქონდა და ამდენს, ასე მარტივად რომ ვერ გადაიტანდა. არც ისეთი დიდი იყო და არც ისეთი მაგარი, როგორიც უნდოდა, რომ გამოჩენილიყო. თვითონ კი, ისე მოექცა, როგორც ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ქალს. არ შეიძლებოდა ასე! და ნერვები ეშლებოდა იმის გახსენებისას, როგორ იგრძნო ელენეს კანზე გაჩენილი ხორკლები და მაინც ვერ შეძლო მოშორება!
ვეღარაფრით გაუძლო მეტს. სასწრაფოდ გადაიყვანა მანქანა ცენტრალური გზიდან და ძრავა რომ ჩააქრო, შიგნით აღარც გაჩერებულა. ისე სწრაფად შეიხსნა ღვედი, მაჩაბელმა მხოლოდ მაშინ მოასწრო ყველაფრის გააზრება, უკვე თვითონაც გარეთ რომ აღმოჩნდა, დემნას მკერდზე მიხუტებული და იმ მომენტში, ფიქრის უნარიც კი დაკარგული ჰქონდა ალბათ, თუმცა, ის მაინც იცოდა, აქამდე თავი ასე უცნაურად ჯერ რომ არასდროს ეგრძნო...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი