ამას წინათ ტრანსპორტში უსიამოვნო საუბარს შევესწარი. უფრო ზუსტად კი, თითქმის ძალად მომასმენინეს ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელსაც გოგონა შეუყვარდა და ამის გამო ოჯახთან სერიოზული პრობლემა შეექმნა.
ხომ მოგეხსენებათ თბილისური "მარშრუტკების" ამბავი: რატომღაც ბევრს იქ უნდება საკუთარი თუ სხვების პირადი ცხოვრების საჯარო განხილვა, თან ბოლო ხმაზე. იმ "მარშრუტკას" კი რატომღაც იმ დღეს არ ჰქონდა ჩართული რადიო და მეც მაინცდამაინც იმ დღეს დამრჩა სახლში ჩემი ვარდისფერი ყურსასმენები.
ამოვიდა ერთი ჩვეულებირივი, ახალგაზრდა, არაფრით გამორჩეული გოგო: დახეულ ჯინსებსა და მოჩაჩულ მაისურში, სპორტული ფეხსაცმლით, ამოიღო ტელეფონი და დაიწყო... დაიწყო და აღარ დაამთავრა. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ იმდენად ხმამაღლა საუბრობდა, ფიქრი შემაწყვეტინა და ძალაუნებურად ამ ისტორიის რამდენიმე დეტალი მოვისმინე.
მოკლედ, ამ გოგონას (რომელიც დამემგზავრა) ჰყოლია მეგობარი თუ ახლობელი - გოგონა, ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც ასევე გოგონა შეუყვარდა. ეს ამბავი გასკდა და მთელი ოჯახი პანიკაში ჩავარდა. მამა სამსახურში აღარ დადის, უთქვამს: ნეტა ბიჭთან ყოფილიყო, გავუგებდი და არ გავუბრაზდებოდი, მაგრამ გოგოსთან როგორ არისო?! დედა დარბის და მის მეგობრებს სთხოვს, დაეხმარონ შვილის "განკურნებაში", თავად გოგონა კი საკუთარ ოთახშია ჩაკეტილი და აცხადებს, რომ არავის არასდროს შეიყვარებს "იმის" გარდა. დაახლოებით ასეთია ამ ისტორიის მოკლე შინაარსი. თავად ისტორიაზე მეტად საინტერესო კი ჩემი თანამგზავრის კომენტარები და შეფასებები იყო. ყველაფერს დეტალურად ვერ მოვყვები, რადგან თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და ადვილად შეიძლება, ადამიანებმა საკუთარი თავი და ახლობლები ამოიცნონ. ეს ჩემი თანამგზავრი გაოცებული იყო, ასეთ ახალგაზრდა და თანამედროვე მშობლებს როგორ "გამოუვიდათ "იმნაირი" შვილი (!), თუმცა, იქვე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ თავად პროგრესული ადამიანია, მაგრამ, მგონი, დიდად არ გამოსდიოდა...
ამბობდა, რომ შოკშია, თუმცა, იმ გოგონასთან მაინც მეგობრობს, რადგან კარგ ადამიანად თვლის და მასთან ახლობლობა დისკომფორტს არ უქმნის.
იქნებ ვცდები, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი თანამგზავრი ისე იყო ამ ამბის "ეგზოტიკურობით" გატაცებული, თითქოს, განზრახ ცდილობდა, მისი საუბარი ყველას მოესმინა. რა გასაკვირია, ჩვენ ხომ გვგონია, რომ მსგავსი ისტორიები გამოგონილია და ამიტომაც, როგორც კი რეალურ ამბავს გადავაწყდებით, გვსურს, ეს მთელ ქვეყანას მოვდოთ...
თვალებში ალალად შემოგხედავთ და გულწრფელად გეტყვით: არ ვიცი, თავად რას ვიფიქრებდი, ვიტყოდი და მოვიმოქმედებდი, ეს ამბავი მე რომ გადამხდენოდა. ერთადერთი, რაც ახლავე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ დედის და საერთოდ, მშობლის უპირველესი ინტერესი, მოწოდება და მიზანი საკუთარი შვილების ბედნიერება უნდა იყოს...
ჩვენ ხომ დიდი ხანია გამოვედით იმ მარწუხებიდან, როცა აუცილებელი იყო შვილის მხრიდან მშობლების ბრმა მორჩილება და მათი გადაწყვეტილებებით ცხოვრება. მაგრამ... გამოვედით კი?!
პირველი სერიოზული კრიზისი ჩემსა და ჩემს შვილს შორის მაშინ ვიგრძენი, როცა ერთხელ ერთ საქმეზე მითხრა: ეს მე სულაც არ მინდოდა, შენი ხათრით გავაკეთეო. მე კი მეგონა, რომ დამოუკიდებელ ადამიანად ვზრდიდი და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო... რა თქმა უნდა, იყო სხვა იმედგაცრუებებიც - გაცილებით მძაფრი და მტკივნეული, მაგრამ იმაშიც გულწრფელად გამოგიტყდებით, რომ ყოველთვის, როცა ჩემი შვილის საქციელით ნაწყენი ვრჩებოდი, სულ მეფიქრებოდა, რომ რაღაც დავაკელი, კარგად ვერ ავუხსენი, დავაგვიანე...
ერთ მშვენიერ დღეს კი ვიგრძენი, რომ მე და ჩემი შვილი ერთად ვიზრდებით - და როგორც მე ვცდილობ, მას "ვასწავლო ცხოვრება", ასევე ვსწავლობ მისგან და სხვათა შორის, არაერთხელ აღმომიჩენია, რომ ის გაცილებით ლაღი, სტერეოტიპებისგან თავისუფალი და უშიშარია, ვიდრე მე.
ხშირად ჩვენ ვერ ვიგებთ, რატომ არ ფიქრობენ ისინიც ისე, როგორც ჩვენ, რატომ არ სცემენ ტრადიციებს პატივს ისე, როგორც ჩვენ, რატომ არ ესმით ის, რაც ჩვენთვის ასე ბუნებრივი და ჩვეულებრივია... ვერ ვიგებთ, რატომ არ არიან ჩვენსავით რელიგიურები, რატომ აქვთ ეპატაჟური გამოხდომები, აგრესიული რეაქციები, კატეგორიული დამოკიდებულებები, ჩამოუყალიბებელი პოზიციები და ჩვენთვის გაურკვეველი მიდრეკილებები.
არ გვესმის მათი და დაჟინებით ვძერწავთ მათგან ისეთებს, როგორიც ჩვენ მოგვეწონებოდა, ჩვენთვის მისაღები და ჩვეული იქნებოდა. რატომ ვაკეთებთ ამას?! - მათი კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის! - დაუფიქრებლად მიპასუხებთ თქვენ და ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რადგან ეს პასუხი იმ ინერციის გამოძახილია, რომლის წყალობითაც მეც არაერთი შეცდომა დამიშვია...
ჩვენ ასევე ხშირად გვგონია, რომ ცხოვრებისული გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ ვიცით, რა არის მათთვის კარგი. გარკვეულ შემთხვევებში ეს ასეც შეიძლება იყოს, მაგრამ მგონი, მაინც სჯობს, ისინი ჩვენი ზეწოლის გარეშე, თავად მივიდნენ სწორ გადაწყვეტილებამდე.
თავისუფლება გადაწყვეტილებებში და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქციელზე! - აი, რა აკლდათ ქართულ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს ყოველთვის და დარწმუნებული ვარ, აკლიათ დღესაც...
არა მგონია, რაც უნდა ახალგაზრდები და "გამოსულები" ვიყოთ, მარტივად გავუმკლავდეთ იმ ტვირთს, რომელიც ალბათ, ერთადერთი ტვირთია სამყაროში, რომელსაც ბედნიერების განცდა მოაქვს და მშობლობა ჰქვია. შეიძლება რამდენიმე უნივერსიტეტი დაამთავრო და მეცნიერების უმაღლეს მწვერვალებს ეჭიდებოდე, ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობდე - არაფერი აკლდეთ შენს შვილებს, მაგრამ როგორც მშობელმა, სრული ფიასკო განიცადო და მასთან საერთო ენა ვერ გამონახო. ეს შეიძლება დაემართოს ყველას და სულაც არ არის დასაცინი და გასაკიცხი - ეს, უბრალოდ, სამწუხაროა...
მგონი, ყველაზე დიდი მარცხი შვილთან ურთიერთობაში მესაკუთრული დამოკიდებულებაა, როცა მას უყურებ, როგორც მანქანას, რომელიც იმისთვის შექმენი, რომ შენი ინსტრუქციებით იცხოვროს...
იმ გოგონას მშობლებს კი სულ ტყუილად ჰგონიათ (თუ ჰგონიათ), რომ შეცდომა დაუშვეს, რაღაც დააკლეს, ისე ვერ აუხსნეს, როგორც საჭიროა და ა.შ. არც მათ და არც მათ შვილს არაფერი დაუშავებია იმით, რომ გოგონა შეუყვარდა... და რამდენიც უნდა ეცადოს დედა, რომ "გამოასწოროს" (რაც, დამეთანხმებით, არასწორია!), როგორც უნდა ეჩხუბოს მამა (რაც ძალიან, ძალიან არასწორია!), თუ მათი გოგონა ისეთია, როგორიც არის, - ისეთივე იქნება, ოღონდ უფრო უბედური... და ალბათ, არც ერთ მშობელს არაფრად უღირს საკუთარი, თუნდაც წარმატებული ცხოვრება, თუ მისი შვილი უბედურია...