ქართველები ხშირად ირწმუნებიან, რომ ევროპელები არიან. მახსენდება ზურაბ ჟვანიას სიტყვები: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი".
წარსულის დიდებას თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ევროპის მზის სხივი ოდესღაც ჩვენც დაგვნათოდა. ამისი თვალსაჩინო მაგალითი იყო ჩვენი პოლიტიკური კურსი, ევროპაში მოგზაურობა, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი", რომელშიც ევრაზიაში პირველად გაიჟღერა გენდერული თანასწორობის იდეამ, ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომები და ა.შ. თუმცა ჩვენს ევროპელობას აშკარად უპირისპირდება ჩვენი აზიური ბუნება (რომელსაც ვერსად გავექცევით) და ინტიმური საკითხებისადმი მკაცრი მიდგომა.
ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და გეოპოლიტიკური მდგომარეობა თვითგამორკვევის პროცესს გვირთულებს (თუმცაღა, საინტერესო სურათს ხატავს: ევროპისა და აზიის იდეალური ნაზავი). ვის უნდა მივეკედლოთ ჩვენ? ვისი ქუდი დავიხუროთ? სახლში დავსვათ ქალები და ყოველგვარ სოციალურ აქტივობას ჩამოვაშოროთ თუ მივცეთ ნანატრი თავისუფლება? ცოლ-ქმარს მხოლოდ გამრავლების მიზნით უნდა ჰქონდეს ინტიმური კავშირი თუ სხვა სურვილებიც შეიძლება იმალებოდეს აქტის მიღმა? დასაშვებია თუ არა ქორწინებამდე ფიზიკური სიახლოვე?
რა არის პატიოსნება? ამ შეკითხვებით ქართველი ერი საკუთარ თავსა და შეგნებას ებრძვის. ევროპა პიროვნულ თავისუფლებას მოითხოვს, აზია კი - კონსერვატიზმს. ევროპამ რელიგია საკუთარ განზრახვებზე მოირგო, აზიაში კი მას ყველა და ყველაფერი ექვემდებარება. აზიაში ქალიშვილობის ინსტიტუტი ტრადიციათა ღერძია, ევროპა კი მიიჩნევს, რომ ქალის ღირსება აპკით არ განისაზღვრება. სანამ ჩვენც ამ პოლემიკაში ჩავერთვებოდეთ, მინდა რამდენიმე სიტყვა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ესენია:
ა. მეძავი - ადამიანი (საქართველოში, ძირითადად, ქალი და უფრო იშვიათად მამაკაცი), რომელიც სხეულით ვაჭრობს. თუ მე სტატიის წერაში ვიღებ ჰონორარს, ის სექსუალური მომსახურებისთვის იღებს თანხას. სოციალურ მეცნიერებებში მას მოიხსენიებენ ,,სექსუალურ მუშაკად".
ბ. ქალიშვილი - გოგონა, რომელსაც არასდროს ჰქონია რაიმე სახის სექსუალური კავშირი.
გ. არაქალიშვილი - სექსუალური გამოცდილების მქონე ქალი.
დ. ფსევდოქალიშვილი - ქალი, რომელსაც აქვს საქალწულე აპკი, მაგრამ ჰქონია სექსუალური გამოცდილება. აპკი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ქირურგიული ჩარევით აღდგენილი.
ე. Girlfriend-Boyfriend - შეყვარებული, რომელთანაც გოგოს/ ბიჭს ქორწინებამდე რაიმე სახის ფიზიკური სიახლოვე აკავშირებს.
ვ. სამოქალაქო ქორწინება (ცოლქმრობანას თამაში) - მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრება ქორწინებამდე.
თ. პატიოსანია ადამიანი, რომელიც მოქმედებს საყოველთაო კანონის ფარგლებში, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ ვნებს საზოგადოებას და რიგ შემთხვევებში ეხმარება ხალხს.
ახლა, როცა ყველა ტერმინი ნათელია, შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ პრობლემატურ საკითხზე (რომელიც, წესით, განვითარებულ ქვეყანაში არასდროს უნდა განიხილებოდეს მასმედიაში და ტელევიზიები თუ სხვა ინფორმაციის წყაროები მისი დახმარებით რეიტინგს არ უნდა ზრდიდნენ).
ჩემი აზრით, საქართველოში ვერასდროს გაიგონებთ მსგავს დიალოგს:
- ეს საწყალი, ჯერ კიდევ ქალიშვილია.
- უი, საცოდავი. (ან: კარგი რა, ,,ღადაობ?!")
ჩვენს მეზობელ რუსეთში კლასში ყველაზე გოიმ, ბანძ, შეუხედავ გოგოდ ითვლება ის, ვინც ბანკეტამდე ქალიშვილობას ვერ დაკარგავს. ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, რომ მსგავსი მიდგომა უაზრო და აბსურდულია. რატომ უნდა ვიჩქაროთ სექსუალური ცხოვრების დაწყება, როცა მოზარდი ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად ესოდენ დიდი ცვლილებისთვის მზად არ არის. იმედი მაქვს, შეგიმჩნევიათ, რომ შემთხვევით არ შეურჩევიათ რიცხვი 18 სრულწლოვნების მინიჭებისთვის. სექსუალური გამოცდილების შეძენისას ინდივიდი 18 წლის მაინც უნდა იყოს. ამ პერიოდში მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვს გენიტალიები, ფლობს გარკვეულ (თუმცა არასაკმარის) ცოდნას თავის დაცვაზე. რაღაც დოზით აანალიზებს დაორსულებისა და დაავადებების გადადების საშიშროებას. კვლევები ამტკიცებს, რომ 16-19 წლის ასაკში სექსუალური თავშეკავება უარყოფითად არ აისახება მოზარდის ჯანმრთელობაზე.
ფორუმები (ან ექიმთან ონლაინკონსულტაციების გვერდები) რომ გადაათვალიეროთ, გაოცდებით, 40 წლის ქალიშვილები წერენ, რომ ჯანმრთელობას უჩივიან. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ უსექსობა ზრდასრულობის ასაკში არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ/ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს, არამედ არღვევს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმი გამოიმუშავებს მეტ მამაკაცურ ჰორმონს, საშვილოსნოსა და საკვერცხეებზე აჩენს კისტოზურ წარმონაქმნებს, სქელდება და უხეშდება ქალის კანი, მენსტრუალური ტკივილი უფრო აუტანელი ხდება.
რა ასულდგმულებს ქალიშვილობის ინსტიტუტს?
1. ქართველები ტრადიციებზე დამოკიდებული ერი ვართ. ჩვენთვის რთულია ძველ ჩვეულებაზე უარის თქმა და ახლის შეთვისება. ეს ნაწილობრივ კარგია, რადგან სწორედ ამ უნარის მეშვეობით ჩვენმა წესებმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოაღწია.
თუ გარესამყაროს მოსწყდები და ნაჭუჭში ჩაიკეტები, მსოფლიო უბრალოდ ამოგაგდებს კაცობრიობის გრძელი ჯაჭვიდან. საუკეთესო გამოსავალი ოქროს შუალედის პოვნაა. ახალი ტრადიციები უნდა მივიღოთ, ძველზე კი იმ შემთხვევაში უნდა ვთქვათ უარი, თუ ადამიანურ ყოფას ართულებს (პიროვნებას ვნებს). ჩვენ ვქმნით წეს-ჩვეულებებს და არა პირიქით. ტრადიცია უნდა მოერგოს ადამიანს!
2. ქართველი მამაკაცების შეხედულებები
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს კაცებს ტრაბახი უყვართ. თავი ისე უჭირავთ, თითქოს თანამედროვეები არიან. გაიძახიან: ,,გოგომ ტატუც უნდა გაიკეთოს, სიგარეტიც მოწიოს, მოკლე კაბაც ჩაიცვას და კლუბშიც უნდა წავიდეს..." მაგრამ როდესაც საქმე ცოლზე მიდგება, თანამედროვე ვაჟი უცბად გადაიქცევა ურჩხულ აზიატად: ,,ჩემი ცოლი რესტორანში არ წავა! არ იმუშავებს! მუხლს ზემოთ კაბას არ ჩაცვამს!"
ქართველი კაცი კომპლექსიანი და უაზროდ ამაყია (სიამაყე უაზროა მაშინ, როდესაც ფარგლებს სცდება). როგორ გადაიტანს, თუ იმ კაცთან ერთად მოხვდება სუფრაზე, რომელმაც მისი ცოლი პირველმა ნახა შიშველი?!
3. კარგად გათხოვება წესიერი ქალების ჯილდოა!
არც ერთი დედამთილი ოჯახში არაქალიშვილ გოგოს არ შეუშვებს. ამ შემთხვევაში დედა-შვილის აზრი 100%-ით ემთხვევა. ქალს არ უღირს მომავლის დანგრევა. ურჩევნია დაიცადოს, ქმარს ქალწული ჩაბარდეს და ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილოს.
4. საზოგადოება მკაცრი მსაჯულია!
როგორც უნდა იტრაბახოს ადამიანმა, რომ საზოგადოების აზრი არ აინტერესებს, მორალი და ზნეობა მუდამ თანს სდევს მას. ვინ აყალიბებს ზნეობის პრინციპებს? საზოგადოება. შესაბამისად, მორალი ყველა კულტურაში სხვადასხვაგვარია (სექსუალურ თემასთან დაკავშირებით ჩვენ აშკარად ვუახლოვდებით აზიას). გოგო, რომელიც გათხოვებამდე დაკარგავს ქალიშვილობას, ჭორაობისა და გაკიცხვის ობიექტი გახდება. მასთან შეიძლება აღარ იმეგობრონ ,,პატიოსანმა" გოგონებმა. ბიჭები ალმაცერად დაუწყებენ ყურებას. ჩვენს ქვეყანაში კაცებს სჯერათ, რომ თუ ქალი ერთ მამაკაცთან დაწვა, აუცილებლად დათანხმდება სხვასაც.
5. გენი
იაპონელების გენში კოდირებულია ბრძოლისუნარიანობა და შრომა. გაუცნობიერებლად მზად არიან, რომ ნებისმიერ წუთს ყველაფერი, რაც უყვართ, რისთვისაც უწვალიათ, შეიძლება განადგურდეს. ჩვენს გენში კი კოდირებულია ქალიშვილობის ინსტიტუტი. მაშინაც კი, თუ გოგონა ძალიან გამომწვევად იცვამს, ცეკვავს, სვამს და დიდ დროს ატარებს საეჭვო ბიჭებთან, 60-70%-ით შეიძლება ქალიშვილი (ან ფსევდოქალიშვილი) იყოს.
6. ოჯახის სიწმინდე
შეიძლება ქალს ძალიან სურდეს ინტიმი, მაგრამ დედ-მამის ხათრით ვერ დგამდეს ამ ნაბიჯს. ფიქრობდეს, რომ მისი პირადი ცხოვრება და სექსუალური თავგადასავალი ოჯახის სიწმინდეს ლაფს დაასხამს.
როდის გაქრება ქალიშვილობის ინსტიტუტი?
ქალიშვილობის ინსტიტუტი იქამდე იარსებებს, სანამ ქართველი გლეხი მიწას დაამუშავებს... თუმცა, მგონია, რომ ევროპული და ამერიკული აზროვნების ნაკადები მის სიმძაფრეს გაანეიტრალებს. ქალიშვილობის ინსტიტუტი და Girlfriend-Boyfriend-ობის ტენდენცია ერთმანეთს დააბალანსებს. მივიღებთ საზოგადოებრივი აზროვნების ახალ სახეს, რომელიც ამ ორი იდეოლოგიის თანაარსებობას მიესალმება.
ქალიშვილობის ინსტიტუტის განეიტრალებას ხელს შეუწყობს:
1. გენდერული თანასწორობის გავრცელება.
ქალი არ უნდა აღიქმებოდეს მოსამსახურედ, რომელსაც კაცმა სამზარეულოში თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს. ქალები იმდენად თვითრეალიზებულები უნდა იყვნენ, რომ ფინანსურად უზრუნველყონ საკუთარი თავი. გათხოვება კი ,,გოგონას პატრონისთვის ჩაბარებად" არ უნდა აღიქმებოდეს. ოჯახის შექმნა არის ორი ადამიანის გააზრებული, თანასწორუფლებიანი კავშირი, რომელიც სიყვარულს, სექსს, გაგებასა და თანადგომას ეფუძნება. ევროპული რეალობა გამორიცხავს დევიზს: ,,ოჯახში შემომტანი კაცია!"
2. სექსუალური განათლების დონის ამაღლება
სექსუალური განათლების დაბალი მაჩვენებელი სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. ექიმები გინეკოლოგების აყვანას გვირჩევენ, რადგან წაკითხული ინფორმაცია საკმარისი არ არის. მაგალითად, ხშირად ქალებს ჰგონიათ, რომ ორალური კონტრაცეფტივი ყველასთვის საერთოა, მაშინ, როცა რეალურად წამლები ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ინიშნება.
3. პირადი სივრცის პატივისცემა.
კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს აფრთხილებს, რომ თითოეულ ინდივიდს პირადი სივრცის უფლება აქვს. სამწუხაროდ, ამ კანონს ყოველდღე ათასობით ადამიანი არღვევს. თუ ვინმემ სექსუალური გამოცდილება შეიძინა, სამეზობლოს ან სანაცნობო წრის გასართობ თემად არ უნდა იქცეს. ქალიშვილობა პირდაპირ კავშირში არ არის პატიოსნებასთან, ისევე, როგორც არაქალიშვილობა - მეძავობასთან.
ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს?
თუ საკითხს მაინცდამაინც ასე მკაცრად დავსვამთ და გამოვიყენებთ სიტყვა ,,უნდას," პასუხი უარყოფითია. განა მხოლოდ ქალიშვილობის ინსტიტუტი, არამედ Girlfriend-Boyfriend-ობის ტენდენციაც არ უნდა არსებობდეს. ყველა წყვილი ინდივიდუალურია და იგი ვერ მოერგება რომელიმე ჩარჩოს. სექსი კი ინსტიტუტებად ან მიმდინარეობად არ უნდა ვაქციოთ.
თათული ღვინიანიძე