ფარული ჯვრისწერის შემდეგ ელენესა და დემნას თბილისში დაბრუნება მართლა მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იყო.
ეკასა და ლევანს უკვე გაეგოთ, მათი შვილი მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად სულაც რომ არ წასულა და ფაქტობრივად, ხვდებოდნენ კიდეც, რაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე, მაგრამ გოგონა მშობლებისგან ისეთ რეაქციას მაინც არ ელოდა, როგორიც მიიღო. მამამ ხმაც არ გასცა საერთოდ. ეკა კი, ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს, იმაში ადანაშაულებდა, ბედნიერი რომ იყო და თვალებს არ ისიებდა ტირილით. საერთოდ ვერაფერი უთხრა საკუთარი თავის გასამართლებელი. და თან, ყველაზე უცნაური ის იყო, ამ ყველაფრის ფონზე, მაინც რომ არ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა. ვერც ხვდებოდა, რატომ შეიძლება სიყვარული დანაშაული ყოფილიყო და ასე გაეკიცხათ იმის გამო, საყვარელ ადამიანთან ერთად რომ უნდოდა ყოფნა.
– თქვენ ისაუბრეთ, მე გავალ... – ჩუმად გადაულაპარაკა დემნამ ახლად შერთულ მეუღლეს და ლევანის კაბინეტისკენ გაემართა.
როგორც კაცს და მომავალ მამას, ესმოდა, რატომ გაცხარდა ასე ძალიან. ღალატის ტოლფასი იყო მისთვის შვილის ეს საქციელი და ამიტომაც უჭირდა გაგება, მაგრამ ხერგიანი ისეთი ტიპის ადამიანი არ იყო, იმის უფლება მიეცა აწ უკვე სიმამრისთვის, უმიზეზოდ რომ დამდურებოდა საყვარელ შვილს. ვერ დაუშვებდა, მისი მიზეზით ლენას ვინმესთან ურთიერთობა გაფუჭებოდა, მით უმეტეს კი, მშობლებთან.
– შეიძლება დაგელაპარაკოთ? – დაკაკუნების შემდეგ ფრთხილად შეუღო კარი და მიუხედავად იმისა, გაყინული მზერით რომ შეეგება ჭაღარაშერეული კაცი, მაინც არ დაიხია უკან.
– მე მგონი, სალაპარაკო არაფერი გვაქვს. არც შენთან და არც შენს ცოლთან საუბარს აღარ ვაპირებ! – მტკიცედ წარმოთქვა უფროსმა მაჩაბელმა. მართლა ძალიან იყო გაბრაზებული და არც კი სურდა რაიმეს მოსმენა.
– მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ცოლი, ოცი წელი თქვენი შვილი იყო... და არ მინდა, უმიზეზოდ უბრაზდებოდეთ.
– უმიზეზოდ? და შენ გგონია, რომ რაც თქვენ გააკეთეთ, ეგ არასაკმარისი მიზეზია? გადაგვიარეთ ორივემ! – დაიგრგვინა და ისე წამოიჭრა ფეხზე, აშკარა იყო, ნაგროვებმა ბრაზმა ერთიანად ამოხეთქა. – ურთიერთობას გიშლიდით? შენთან შეხვედრებს ვუკრძალავდით? თუ ოჯახში არ მიგიღე და შენთან ერთად ჭიქა არ ავწიე? მაგრამ არა, გადაგვიარეთ! – მუშტი დასცხო მაგიდაზე და კიდევ უფრო გაცხარდა, დემნას წარბიც რომ არ შეხრია, მაინც უტეხად რომ უსმენდა და ხმას არ იღებდა წინააღმდეგობის გასაწევად.
– ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია სამარცხვინო. ძალიან კარგად მესმის თქვენი და ალბათ, მეც შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს, ჩვენმა შვილმა მსგავსი რაღაც რომ გამიკეთოს, მაგრამ...
– ახლა მოიცა... – შეაწყვეტინა გაფითრებულმა. – არ მითხრა, რომ იმის გამო იჩქარეთ ასე, რაც მე გავიფიქრე!
– არა! – ახლა კი, როგორც იქნა, ხერგიანსაც შეეცვალა სახე. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო! – ჩვენ ერთადერთი მიზეზი გვქონდა და თქვენც კარგად იცით ეს!
– არ მაინტერესებს ზღაპრები სიყვარულზე. გეყოლებათ შვილი და მიხვდები, რას ნიშნავს, როცა არაფრად გაგდებენ!
– ბატონო ლევან, ძალიან გთხოვთ, ნუ ადანაშაულებთ ლენას იმაში, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს...
– და ამის გამო ჩვენ უნდა დაგვივიწყოს? ჩვენი არსებობა უნდა დაივიწყოს, დემნა? წინააღმდეგობა რომ გაგვეწია, კიდევ მესმის...
– თქვენ თვლით, რომ რადგან ისე მოიქცა, როგორც სურდა, რადგან საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რადგან გაიზარდა და აღარაა ის ორი წლის გოგო, რომელსაც თქვენ უკრავდით თასმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის არაფერს წარმოადგენთ? და ის არაფერს ნიშნავს, თქვენს შვილს, თქვენს სისხლსა და ხორცს, ადამიანს, რომელსაც ოცი წლის განმავლობაში, თქვენი სიტყვის გარეშე ზედმეტი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ახლა გულს ტკენთ? რატომ არ აძლევთ ბედნიერების უფლებას?
– დემნა, გეყოფა! – უკვე ზღვარზე იყო კაცი. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში იმავე წამიდან ეპარებოდა ეჭვი, შვილი აცრემლებული რომ დაინახა, მაგრამ ისე იყო შეურაცხყოფილი და გაბრაზებული, ალბათ, კარგა ხანს ვერ აპატიებდა ამ ამბავს, როგორ ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა.
– მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ელენე არაფერშია დამნაშავე. და ნურც თქვენ დასჯით იმისთვის, რომ გაიზარდა. უბრალოდ, მიეცით უფლება, ისე იყოს ბედნიერი, როგორც თვითონ მოინდომებს. თქვენი შვილი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რაღაც-რაღაცები დამოუკიდებლად რომ ვერ უნდა გადაწყვიტოს.
– მე მაგას არ ვამბობ!
– მაგრამ ასე გამოდის! და თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ მართალი ვარ. უბრალოდ, თქვენს გულს მოუსმინეთ და ისიც გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ.
– როგორც ვხედავ, ჩემი შვილი მშობლების გარეშეც კარგად გრძნობს თავს!
– თუ ელენეს თვალებში თქვენ ახლა ბედნიერებას ხედავთ, არ ვიცი, რა ვთქვა, რადგან ჯვრისწერის მომენტში, ნამდვილად იყო ბედნიერი, ახლა კი, თავს უსაფუძვლოდ გრძნობს დამნაშავედ და მე არ დავუშვებ, რაღაცის გამო, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ეს, რომ დაიტანჯოს. ჯვრისწერა მხოლოდ იმისთვის გვინდოდა, ღმერთისთვის რომ შეგვეფიცა ჩვენი კავშირი, ხალხისთვის დასანახ ქორწილს კი, ნამდვილად გადავიხდით, რადგან საკუთარ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, ლენას თეთრი კაბის ჩაცმის ბედნიერება წავართვა. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ მნიშვნელოვან დღეს თქვენ მის გვერდით იქნებით. მე მეტი, აღარაფერი მაქვს სათქმელი. ნამდვილად ვწუხვარ, ჩვენი საქციელით თუ იმედები გაგიცრუეთ. – დაასრულა ისე, პასუხს არც დალოდებია და კარი რომ გამოიხურა, ლევანიც მაშინვე ჩაესვენა სავარძელში.
რამდენიმე კვირას გასტანა მშობლების სიჯიუტემ. თავიდან ნინა და გეგაც გაგიჟდნენ, ისეთი ამბავი ატეხა გოგონამ, ქმარიც კი გააფრთხილა, მათ მხარეს თუ დაიჭერ, დივანზე მოგიწევს დაძინებაო. საშინლად გაბრაზდა. სულ მოღალატეები ეძახა და არც ის ამშვიდებდა, ქორწილი რომ უხსენეს ახლად შეუღლებულებმა. არაფერი აინტერესებდა საერთოდ.
არც ელენეს დანარჩენ მეგობრებს ჰქონიათ სხვანაირი რეაქცია. ნანა და მარიამი რომ დაიბარა, ამჯერად, ნამდვილად საჩაიეში შესახვედრად და შემდეგ ჯერ ბეჭდიანი თითი აუფრიალა სახესთან, მოგვიანებით კი, ახალი ამბავიც ახარა, რამდენიმე წუთის განმავლობაში შოკირებულები უყურებდნენ. ვერაფრით დაიჯერეს. სულ სხვანაირი ტიპი იყო მაჩაბელი და არ სჩვეოდა ასეთი დაუფიქრებელი, ექსპრომტი გადაწყვეტილებები. მით უმეტეს კი, ყველამ კარგად იცოდა, როგორი ქორწილი ჰქონდა გეგმაში ბოლო წლების განმავლობაში.
გამონაკლისს მხოლოდ ხერგიანის მშობლები წარმოადგენდნენ. ისე თბილად მიიღეს, მართალია, თვალები კი გაუფართოვდათ, მაგრამ საერთოდ არაფერი უკითხავთ. დემნა კი ცხოვრობდა ცალკე, თუმცა, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, პირველად მაინც მშობლების სახლში მიიყვანა ლენა. იცოდა კიდეც, წინააღმდეგობას რომ არ შეხვდებოდნენ, თუმცა, მაინც ესიამოვნა მათგან ასეთი საქციელი. გოგონას ნამდვილად აღარ სჭირდებოდა დასტრესვა. ისედაც, ისეთი თვალებით იყურებოდა, თითქოს მთელ სამყაროს ერთდროულად უღალატა და არც იყო იმ ბედნიერების ღირსი, რომელსაც დემნას გვერდით გრძნობდა.
– ჩვენი შვილი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინარული საქციელებით. – გაეცინა შუახნის, წითლად თმაშეღებილ ქალს, ვახშმის შემდეგ ყავა რომ გამოიტანა სამზარეულოდან.
– მანჩო, ახლა ჩემი ბავშვობის ისტორიების მოყოლა არ დაიწყო, თორემ ფეხით გადავალ მეცხრედან! – თვალები აატრიალა ხერგიანმა და მამას გადახედა, ტუჩის კუთხეებში რომ გაეპარა ღიმილი.
– ცოლს ნუ მიჩაგრავ, რასაც უნდა, იმას მოჰყვება! მეტი ეფექტურობისთვის, შეგვიძლია, შენი პატარაობის სურათებიც ვაჩვენოთ ელენეს! – გაეცინა ვახოს. ისეთი ბუნებრივი იდილია სუფევდა, ნერვიულობაც კი მოეხსნა ლენას. აქ იგრძნო პირველად, სხვებსაც რომ უხაროდათ მათი ამბავი. არ ჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები, უამრავი შეკითხვა იმის შესახებ, როგორ ან რატომ გაბედეს, ან საერთოდაც, რაზე ფიქრობდნენ. უბრალოდ, მშვიდად მიირთმევდნენ ყავას და ალბათ, მანანას რომ არ ეკითხა, ისიც, სასხვათაშორისოდ, ქორწილსაც აპირებთ თუ აღარ გინდათო, დაავიწყდებოდა კიდეც, რამხელა ამბავი გამოიარეს ამ ერთი სუფრისა და თეთრი კაბის გამო.
– ლენას თეთრი კაბის ჩაცმა უნდოდა სულ, ანუ ვაპირებთ. – მხრები აიჩეჩა ხერგიანმა და ისე გადახედა დედას, თითქოს, გაუკვირდა კიდეც, ეს კითხვა საერთოდ რომ დაუსვა.
– თქვენ თქვენს ჭკუაზე გენდომებათ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ, თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ... – შემდეგ კი, ისე სასაცილოდ ჩაუკრა თვალი, აშკარა გახდა, გულწრფელად რომ უხაროდა შვილის ბედნიერება.
და მართლაც, მანანა უფრო ეხმარებოდა ელენეს, ვიდრე საკუთარი დედა. ყველგან დაჰყვებოდა, ყველაფერს უკეთებდა, საკუთარ მკერავთანაც კი მიიყვანა, უამრავი მაღაზიის შემოვლის შემდეგ ისეთი კაბა რომ ვერსად იპოვეს, გოგონას როგორიც სურდა. ისეთი აქტიური და სიცოცხლით სავსე ქალი იყო, თან, მუდმივად ისე გამოიყურებოდა, არც კი ეტყობოდა ასაკი. დაქალივით ეჭორავებოდა ახლად შეძენილ რძალს და საქმეებს რომ აგვარებდნენ, შემდეგ ისეთ კაფეებში შეჰყავდა ყავის დასალევად, ლენაც ხშირად რომ სტუმრობდა ხოლმე, ოღონდ, მეგობრებთან ერთად.
ერთ-ერთი ასეთი გადატვირთული დღე ჰქონდათ ზუსტად, მკერავის სახლიდან წამოსულებს, გზაში ელენეს მობილური მამის ზარმა რომ აამღერა. წამიერად გადაფითრდა, ეკრანზე დაწერილ სახელს რომ შეხედა, ხელებიც ერთიანად გაეყინა და ნაბიჯიც ვეღარ გადაადგა საერთოდ, შემდეგ კი, ახლაც არ ახსოვს, როგორ გადაუსვა სენსორს ხელი, ამდენი ხნის ნანატრი ზარისთვის რომ ეპასუხა...
ქორწილში სწორედ რომ მამამ მიიყვანა. ბავშვობიდან მოსწონდა, როგორ შეჰყავდა მამას პატარძალი, მენდელსონის მარშის ფონზე და სტუმრები აღფრთოვანებულ მზერას ვერ აშორებდნენ. ასეთი ხელის მოწერის ცერემონიალი ჰქონდა თვითონაც. ბუნებაში, ღია ცის ქვეშ, ტბის პირას გააკეთეს ყველაფერი, თუმცა, ისეთი ლამაზი იყო თვითონ, დეკორაციებსა და მორთულობებს არც არავინ უყურებდა. დემნასაც შეეცვალა მზერა, თეთრ კაბაში გამოწყობილი რომ დაინახა. ყველანაირი ენახა, მაკიაჟიანიც და საკუთარ, ორი ზომით დიდ სვიტერში გამოწყობილიც. ქუსლებზე შემდგარიც და ფრატუნა, სპილოს ფორმის ჩუსტებით მოსიარულეც. თმააკეცილიც და ახალგაღვიძებულიც, ქერა კულულები რომ ეყარა სახეზე. ახლა კი... ახლა ისეთი განსაკუთრებული იყო, ვერც აღწერდა სიტყვებით მის სილამაზეს. ყველაზე მეტად კი ის შეგრძნება აბედნიერებდა, ეს ქალი მთლიანად მისი რომ იყო და არასდროს ყოფილა ისეთი ამაყი, როგორიც მაშინ, ამჯერად, ამდენი ხალხის წინაშე, უკვე მეორედ, ლენას მტკიცე ხმით წარმოთქმული „დიახ“ რომ მოისმინა და საყვარელ ქალს მათი სიყვარულივით უწყვეტი, დაუსრულებელი ოქროს რგოლი რომ მოარგო თითზე...
* * *
წამიერად გამოფხიზლდა ლენა, დარასელის შეხება რომ იგრძნო. ორივე ხელით ერთიანად მიაწვა, მაშინვე რომ მოეშორებინა და შემდეგ ისეთი განრისხებული წამოხტა ფეხზე, ბავშვს რომ არ სძინებოდა, ვერაფერი შეაკავებდა, რაც ხელში მოხვდებოდა, პირველივე რომ ჩაერტყა თავში. დიდი ხანია, ასე ძალიან აღარაფერს გაუბრაზებია. ახლა კი, ამ გრძნობას შეურაცხყოფაც ემატებოდა და არც ის აინტერესებდა, ამ კაცმა ამხელა გზა რომ მის დასახმარებლად გამოიარა, არც ის, ვიღაც ნაცნობი, უძლიერესი პედიატრი რომ შეაწუხა, ის კი, მით უმეტეს, მისი უფროსი რომ იყო. მკლავში სწვდა და ისეთი სწრაფი ტემპით გაიყვანა დერეფანში, არც კი დააცადა გააზრება.
– რა ჯანდაბა გააკეთე, გიორგი?! – კბილებშორის გამოსცრა სახეალეწილმა. ცეცხლი უელავდა თვალებში და ისეთი მზერით უყურებდა, ცოტაც და, ალბათ, ყელში სწვდებოდა.
– ლენა, დამშვიდდი...
– ჯანდაბა, გეყოს, მართლა და მართლა! – ხელები აიქნია გაცოფებულმა.
– რა ხდება? – თუმცა გაგრძელება აღარ დასცალდა, რადგან ნაცნობ ხმასთან ერთად, ისეთმა მზერამ აუწვა სახე, მიხვდა, ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, ისევ დემნას შეუქმნიდა ამით პრობლემას და არა იმ კაცს, თვითკმაყოფილი ღიმილით რომ შესცქეროდა და მის ცივ, ცისფერ თვალებშიც ამ გრძნობის მეტი არაფერი იკითხებოდა.
– თქვენი შვილის გამო ჩემი მეგობარი შევაწუხე. გერმანიაში აქვს განათლება მიღებული და უძლიერესი სპეციალისტია. – დაზეპირებულივით გაიმეორა ტექსტი და ცინიკური სახით გახედა ხერგიანს.
– მადლობა გითხრა? – ამ უკანასკნელმა კი, ისე შეათვალიერა, აშკარად აგრძნობინა, მის გულწრფელობაში ეჭვი რომ ეპარებოდა. – არაფერი სჭირს ლილუს ისეთი, „ექიმი ჰაუსი“ ან „გრეის ანატომიის“ ექიმები რომ დააყენო თავზე. ახლა ველაპარაკე მის ექიმს, რომელიც, მინდა გითხრა, ასევე ძლიერი პროფესიონალია და ბავშვს ხვალ დილით უკვე სახლში წავიყვან. შეგიძლია, დამშვიდდე და იმ შენს ნაცნობთან თუ მეგობართან ერთად წახვიდე სახლში. არაა სასურველი ზედმეტი ხალხის ტრიალი. – მოუჭრა რაც შეეძლო მშვიდი ხმით, შემდეგ კი, მხოლოდ ერთხელ გადახედა ლენას და ისე შევიდა პალატაში, არც ერთის პასუხს აღარ დალოდებია.
კარგად იცნობდა ამ ქალს და იმასაც კარგად მიხვდა, მხოლოდ ექიმის გამო რომ არ იყვნენ გარეთ. ისეთ სახე ჰქონდა, ისეთი განრისხებული თვალებით იყურებოდა, შეეძლო დაეფიცა, რომ რაღაც გაცილებით სერიოზული მოხდა და მეტიც არ უნდოდა, ეს რაღაც დარასელთან ყოფილიყო კავშირში. ისედაც ჭკუიდან გადაჰყავდა ამ კაცს, თუმცა, თვითონ ამას როგორმე გადაიტანდა. აი, იმას კი ვერაფრით აპატიებდა, ლენას თუ ჩააყენებდა იმავე მდგომარეობაში. წარმოდგენაც არ უნდოდა, რას უზამდა, თუ გაიგებდა, რომ რაღაც შეეშალა. საკუთარ თავზეც დაკარგავდა ალბათ კონტროლს და მერე უკვე ვეღარაფერი შეძლებდა მის შეჩერებას.
–არ გეძინება? დილით მოსულიყავი... – ჩურჩულით გადაულაპარაკა ქერამ, პალატაში რომ დაბრუნდა და აშკარად საუბრის წამოწყება უნდოდა, თორემ, ისე დემნამ კარგად იცოდა, ასეთი რაღაცის თქმა აზრადაც რომ არ მოუვიდოდა საერთოდ.
– ახლა მითხარი, რა მოხდა. – გადახედა ისე, კითხვა არც კი დაუსვამს, მოხდა თუ არა რამე საერთოდ. ისედაც იცოდა პასუხი და ელენესაც აგრძნობინა ეს. ამ უკანასკნელს კი, ისეთ სახე ჰქონდა, ჯერაც არ გადაევლო ბრაზს და ჯიუტად არ აშორებდა თვალს ფანჯრის მინას. ყველაფერი საინტერესოდ მოეჩვენებოდა ახლა, ოღონდ დემნასთვის არ შეეხედა და ერთი მზერით არ მოეყოლა ყველაფერი.
– არაფერი. უკვე მოვაგვარე.
– შენ ძალიან დაეჩვიე პრობლემების ისე მოგვარებას, საერთოდ არაფერს რომ არ მეკითხები.
– ეგ ჩემი ბრალი არ არის.
– ელენე, ან მეუბნები რა მოხდა, ან გავდივარ, ჯერ შორს არ იქნება წასული და მისგან ვიღებ პასუხს. აირჩიე.
– დემნა, გეყოფა! არ არის ახლა ამის დრო! შეგახსენო, სად ვართ?
– იცოდე, ახლა ბავშვით მანიპულირება არ დაიწყო, თორემ ჭკუიდან გადავალ! კარგადაა ლილუ და არაა საჭირო დრამების დადგმა. არ სჭირს არაფერი, დილით უკვე სახლში ვიქნებით.
– ანუ ღამით აქ აპირებ დარჩენას?
– თემა ნუ გადაგაქვს. მითხარი, რა ჯანდაბა მოხდა! – ხმაზეც კი დაეტყო სიმკაცრე და ელენე მიხვდა, მეტად მოტყუებას რომ ვეღარ შეძლებდა.
იმის არ ეშინოდა, გიორგის თუ დაუშავებდა რამეს. არც მისი რეაქციის. ზუსტად იცოდა, როგორც მოუყვებოდა, ზუსტად ისე, ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე გაიგებდა ყველაფერს. უბრალოდ, არ უნდოდა ამ ყველაფრის თქმა. ისედაც, იმ წუთიდან მოყოლებული, დარასელის ტუჩების შეხება რომ იგრძნო, რაღაც საშინელი, გულისამრევი გრძნობა სჭამდა და არ უნდოდა, ეს ყველაფერი დემნასთვისაც გაეზიარებინა. ისედაც შეჩვეული იყო, საკუთარ ტვირთს მარტოს რომ არასდროს აზიდვინებდა, ყოველთვის თვითონ უფრო მძიმდებოდა, ვიდრე ელენე. ამისთვის კი არ ემეტებოდა. თუმცა, არც მოტყუება შეეძლო და საბოლოოდ, ისე ამოიოხრა, სუნთქვას ამოაყოლა ნათქვამიც:
– მაკოცა...
– მერე? – ცივსისხლიანივით, მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ხერგიანმა ისე, რომ წარბიც არ შეხრია ზედმეტად და, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც ელენეს. ნუთუ საერთოდ აღარ უყვარს?
– მერე შენც დაინახე, რაც მოხდა. – მოუჭრა გაღიზიანებულმა. სულ სხვა რეაქციას ელოდა, სანაცვლოდ კი, ისეთი მიიღო, ჯობდა, არც არაფერი ეთქვა საერთოდ.
– და როგორ ფიქრობ, მაგის გამო სამსახურში პრობლემებს შეგიქმნის?
– შენ მხოლოდ ეს გადარდებს?! – წამოენთო და მაქსიმალურად ეცადა, არ შეემჩნია, როგორ ჩაეღიმა დემნას ტუჩის კუთხეებში. ეს რა, დასცინის?! თუ ასე ძალიან მოსწონს მის ნერვებზე თამაში?
– მე ის მადარდებს, რაც შენ. კარგად იცი ეს.
– და ის სულ არ გაინტერესებს, რომ კაცმა, რომელსაც მოვწონვარ, შენი არყოფნის დროს მაკოცა?
– მას მოსწონხარ, ლენა, შენ ხომ არა, სანერვიულოდ რომ მქონდეს საქმე. და ისიც ხომ იცი, საკადრისს რომ აუცილებლად მიიღებს?!
– საქმეს გაიფუჭებ. – მოიღუშა, წამიერმა აფეთქებამ რომ გადაუარა და დარწმუნდა, დემნას გრძნობებში არაფერი შეცვლილა. რამდენიმე წამის წინ კი, თავს ისე გრძნობდა, როგორც უფსკრულის პირას მარტოდმარტო დატოვებული, მიტოვებული...
– ეგ უკვე, ჩემი პრობლემაა... – გაუღიმა და პიჯაკი გაიხადა, დივანზე მოუხერხებლად მოკალათებულისათვის რომ მოეხურებინა.
არც კი შეხებია კანზე, თუმცა, არც სჭირდებოდათ ეს, ერთმანეთის სიახლოვე რომ ეგრძნოთ. არც წინააღმდეგობა გაუწევია ლენას. ისე ენატრებოდა ჩვეული სითბოს შეგრძნება, მისი სურნელის შეგრძნება... ისე ენატრებოდა დემნას შეგრძნება, რაც არ უნდა გაეკეთებინა ახლა, ხმასაც არ ამოიღებდა საერთოდ. თუმცა, დემნამ მაინც არაფერი გააკეთა. საერთოდაც, მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაჯდა თვითონ და ისე უთხრა, დაიძინეო, ყველაფრის სურვილი ერთი სიტყვით დააკარგვინა. არა, მაინც როგორ შეუძლია იყოს ასეთი?!
აღარაფერი უპასუხა თვითონაც. ფეხები დივანზე აიკეცა და ისე მოეწყო, ზუსტად იცოდა, დილით კისრის ტკივილი რომ გააღვიძებდა. პიჯაკიც, განზრახ შეისწორა, ყურადღება რომ მიექცია, თუმცა, კვლავ არაფერი გამოუვიდა. თითქოს, საერთოდ ვერ ამჩნევდა კაცი. არადა, კარგად ხვდებოდა, ეს გულგრილობა რისი ბრალიც იყო, თუმცა, საშინლად ეგოისტს, არც ეს სიამოვნებდა. რა ჯანდაბის გამო უთხრა საერთოდ და დაუბინძურა გონება იმ ადამიანზე ფიქრით, ვინც ამად საერთოდ არ ღირდა?
ძლივს ჩაეძინა ფიქრებით დამძიმებულს და ემოციური დღით გადაღლილს. თვალებს ხუჭავდა თუ არა, მაშინვე წეღანდელი უსიამოვნო სცენის კადრები უცოცხლდებოდა და ვერაფრით იშორებდა გულისრევის შეგრძნებას. ლილუზე ნერვიულობაც თავისას შვრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნდა, რეალურად სანერვიულო არაფერი ჰქონდა. მაინც ვერაფრით ისვენებდა და რამდენიმე წუთით თუ ჩასთვლემდა, ისევ მალევე ეღვიძებოდა.
შუაღამისას კი, მზერის სიძლიერემ გააღვიძა მაჩაბელი. თვალს არ აშორებდა დემნა. ერთი მზერით ეუბნებოდა თითქოს ყველაფერს, ამდენი წლის ნაგროვებ სიტყვებს, ამდენ ემოციას და თვალის გასწორებასაც არ მორიდებია, როცა შენიშნა, რომ ეღვიძა. ისე უყურებდა... ისე დაჟინებით... ერთიანად დაუარა ელენეს ყველა გრძნობამ. ჯერ გაიყინა, შემდეგ თითქოს ცეცხლი წაეკიდა მთელ სხეულზე. ვერც ის შეძლო, მზერა აერიდებინა და ვერც ის, რამე ეთქვა. ხშირად წაუსწრია, მძინარეს რომ უყურებდა, თუმცა, ასეთი შეგრძნება ჯერ არასდროს ჰქონია და ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც საკუთარმა თავმა.
– ჩემი არყოფნა შენთვის პრობლემა არ უნდა იყოს, ლენა, რადგან რეალურად, ყოველთვის, ყველგან, შენ გვერდით ვარ და ვიქნები. მთავარია, ეს არ დაივიწყო არასდროს და იმას, ვინც ამის გადაბიჯებას ეცდება, უკვე მე მოვუვლი.
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი