კაბის ფრიალით მიმოდიოდა კულისებში ლილუ და ისე ელოდა თავისი რიგის მოსვლას, ბრაზდებოდა კიდეც, თვითონ რომ არ ხსნიდა კონცერტს.
განსაკუთრებით, ის ფაქტი არ მოსწონდა, პირველად უფროსები რომ გამოდიოდნენ და თვითონ კი ბავშვების კატეგორიაში იყო. მისთვის რომ გეკითხათ, უკვე მთელი ექვსი წლის გოგო გახლდათ და ფეხების ბაკუნით აპროტესტებდა ხოლმე, პატარად რომ მოიხსენიებდნენ. ახლაც მხოლოდ ამის გამო დაიჩაგრა! თუმცა, თავს მაინც იმშვიდებდა, ბავშვებს მოველაპარაკები, ადგილს გავუცვლი და დახურვით მაინც მე დავხურავო. ისეთი მეტიჩარა იყო, გიჟდებოდა, ყურადღების ცენტრში რომ ექცეოდა და ამ შესაძლებლობას არაფრის დიდებით გაუშვებდა ხელიდან.
კონცერტი იმის გამოც ახარებდა, მშობლებს კიდევ ერთხელ რომ ნახავდა ერთად. მართალია, ბოლო დროს ისედაც უწევდა მათ გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო შუაში რომ ჩაუხტებოდა ხოლმე და ორივეს ყურადღება მასზე იყო მიპყრობილი. ასეთ დროს შეიძლებოდა, წვნიანის ჭამაზეც კი დაგეყოლიებინათ.
კიდევ ერთხელ გაყო ცხვირი ფარდიდან, დარბაზი რომ დაეთვალიერებინა და შემდეგ ისე გაუფართოვდა თვალები, ჯერ მაგრად დახუჭა, შემდეგ კი, ისევ გაახილა და რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა, თუმცა, მაინც არაფერი შეცვლილა. ისე გაბრაზდა, ისე ეწყინა... მუცელიც კი ასტკივდა ნერვიულობისგან და ნიკაპი რომ აუკანკალდა, სასწრაფოდ ერთ-ერთ კლასში გავარდა, სხვებს რომ არ შეემჩნიათ მისი აცრემლებული თვალები.
დედიკო და მამიკო რომ ერთად აღარ იყვნენ, ეს კი კარგად იცოდა უკვე, მაგრამ მაინც საშინლად ბრაზდებოდა, როცა სხვებთან ერთად ხედავდა. არც ელენეს უფროსი უყვარდა და არც დემნას მდივანი. ისე ეჭვიანობდა... საშინლად ეგოისტი ხდებოდა ასეთ დროს და საერთოდ არაფერი ჭრიდა. არც მოფერება, არც დიდივით დალაპარაკება და ყველაფრის ახსნა. ერთს იტყოდა და მორჩა, სულ რომ შავზე ემტკიცებინა, თეთრიაო და ისიც სცოდნოდა, ტყუილი რომ იყო, მაინც არაფრით გადათქვამდა საკუთარ სიტყვას. რაც მართალია, მართალია, სიჯიუტე მშობლებისგან გამოჰყვა და თანაც, გაორმაგებული დოზით.
ახლა კი, მუხლებმოკეცილი იჯდა კუთხეში, კაბა ისე ჰქონდა გადაფარებული, ფეხსაცმლის ცხვირიც რომ დაეფარა და თვითონვე ეხვეოდა საკუთარ მკლავებს. დედის გვერდით მისი უფროსი რომ დაინახა და არა მამა, ისე ეწყინა, ვერც მიხვდა, რაზე უფრო გაბრაზდა, იმაზე, რომ ელენე სხვასთან ერთად მივიდა თუ იმაზე, დემნა რომ საერთოდ არ მივიდა. არადა, დაჰპირდა ხერგიანი შვილს, ყველა საქმეს გადავდებ და შენს კონცერტზე აუცილებლად ვიქნებიო. ისე ელოდებოდა... ყვავილებიც კი თვითონ შეარჩია და გახარებულმა შეუკვეთა, დაკვრას რომ მოვრჩები, ხმამაღალი ტაში დაუკარი და შემდეგ სცენაზე ამომიტანე, ყველამ მე რომ დამიწყოს ყურებაო. ახლა კი, რა გამოვიდა? არც ყვავილები ეგულებოდა და არც მამა...
– ლილუ, რატომ ზიხარ ძირს? ადექი, დაგესვრება კაბა! – მოულოდნელად წამოადგა თავს მასწავლებელი, თუმცა, ისეთი სახით ახედა, აშკარა იყო, ახლა შენიშვნაც ვერ გაანაწყენებდა მეტად.
– დამესვაროს! – ჩაიდუდღუნა გაბერილმა. გული უკვე ყელში ჰქონდა მობჯენილი, თვალები კი, ცრემლებით გავსებული. სულ ცოტაღა უკლდა ტირილამდე და ახალგაზრდა, კლასიკურად ჩაცმულმა გოგონამ მის წინ რომ ჩაიმუხლა დასამშვიდებლად, მეტად ვეღარ შეიკავა თავი.
– რატომ ტირი, საყვარელო? ნუ ნერვიულობ! ჩვენ ხომ დიდხანს ვმეცადინეობდით, ყველაფერი კარგად იქნება!
– არ ვნერვიულობ! და კარგადაც დავუკრავ, მაგრამ...
– გინდა, კიდევ ერთხელ გავიაროთ რეპეტიცია? – ღიმილს არ იშორებდა მასწავლებელი. უკვე რამდენიმე წელია, რაც ასეთ პატარებს ასწავლიდა და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. კარგად იცოდა, როგორც ნერვიულობდნენ ხოლმე ბავშვები კონცერტის წინ, თუმცა, ლილუსგან მაინც გაუკვირდა.
მისი პატარა ხელები ჰქონდა მოქცეული საკუთარში და ცდილობდა, მაქსიმალურად მეგობრული ტონი შეენარჩუნებინა. ხან კაბა შეუქო, ხან ვარცხნილობა, შოკოლადიც კი შესთავაზა, თუმცა ბავშვი მაინც ჯიუტად უარზე იყო. ვერც კი ხვდებოდა, რა მოუვიდა ასეთი, მაგრამ საბოლოოდ, ისეთი რაღაც მოისმინა, მიხვდა, მხოლოდ თვითონ რომ ვერაფერს გააწყობდა, ერთადერთი გზა კი, ასეთ სიტუაციაში ისევ და ისევ მშობლების ჩარევა იყო...
* * *
აქოშინებული რომ შევარდა ხერგიანი კონსერვატორიის შენობაში, არც მაშინ დაუკლია ტემპისთვის, ისე აირბინა კიბე, კონცერტის დაწყებამდე რომ მოესწრო დარბაზში შესვლა. რატომღაც, იმედი ჰქონდა, სულ ცოტათი მაინც რომ დააგვიანებდნენ გახსნას. დიდად არც დაუგვიანია, სულ შვიდი წუთი, მაგრამ ახლა მხოლოდ ის აღელვებდა, ლილუს არ შეემჩნია მისი არყოფნა.
უმნიშვნელოვანესი დღე იყო მისთვისაც. პატარა ამბავი ხომ არაა, მისი შვილი კონსერვატორიის დიდ სცენაზე გამოდიოდა და თანაც, პირველად! ისეთი ამაყი იყო... და თან, ისე ახარებდა ის ფაქტი, ლილუმ ასეთ წარმატებას იმით რომ მიაღწია, რაც თვითონ ასწავლა და შეაყვარა. რაღაცის გაკეთება მაინც მოახერხა შვილისთვის, ეს კი, ყველაფერზე მაღლა იდგა მისთვის. ისედაც, იმდენად დამნაშავე იყო ბავშვთან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, ორი წელი უმამოდ რომ დატოვა, არც კი იცოდა, რატომ უყვარდა ლილუს კვლავ ასე ძალიან. დაუმსახურებლობის შეგრძნებაც სჭამდა ხშირად, მაგრამ, საკმარისი იყო, პატარა, წვრილი მკლავების შემოხვევა ეგრძნო საკუთარ კისერზე, ყველანაირი მტკივნეული აზრი საერთოდ უქრებოდა გონებიდან.
მობილურის ზარმა გაუფანტა ფიქრები. არც გახსენებია აქამდე, თან თუ ჰქონდა. ისიც კი ვერ მოიფიქრა სიჩქარისგან, ელენესთვის რომ გაეგებინებინა დაგვიანების ამბავი. ახლა კი, ეკრანს რომ დახედა, რატომღაც, დარწმუნებული იყო, მის სახელს რომ დაინახავდა, თუმცა, შეცდა... იმ ყვავილების ბუტიკიდან ურეკავდნენ, გრანდიოზული თაიგული სადაც შეუკვეთა ლილუსთვის.
– უკაცრავად... – მოულოდნელად, მხარი გაკრა ახალგაზრდა ქალმა და შემდეგ ისე შევარდა დარბაზში, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც დემნას და ის იყო, ზარისთვის უნდა ეპასუხა, შეღებულ კარს მიღმა ჯერ რომ ელენეს ქერა თმა შენიშნა, შემდეგ კი, სანამ ჩაღიმებას მოასწრებდა, მის გვერდით მოკალათებული პიროვნებაც დაინახა და საერთოდ დაავიწყდა, სტივ ჯობსის ქმნილება მის ხელში გულსაკლავად რომ მღეროდა. ამას აქ რა უნდა?!
იგრძნო, როგორ ერთიანად დაუარა ბრაზმა. ცეცხლი წაეკიდა თითქოს მთელ სხეულზე და სუნთქვაც კი გაუჭირდა რაღაც მომენტში. გრძნობდა, როგორ ეჭიმებოდა თითოეული კუნთი, როგორ შეკრა მუშტები და ლამის, მობილურიც ხელში ჩაემსხვრა. ისიც იგრძნო, ნაბიჯის გადადგმასაც რომ ვეღარ ახერხებდა შიგნით შესასვლელად, თუმცა, ყველაზე მეტად, მაინც იმედგაცრუებამ მოიცვა. რატომ ექცევა ლენა ასე?!
რამდენჯერ გააფრთხილა! როგორ სთხოვა, დარასელისგან თავი შორს დაიჭირეო, ის კი, თითქოს განგებ აკეთებდა საპირისპიროს! უკვე აღარ იცოდა, იქნებ საეჭვიანოდაც ჰქონდა საქმე?! აქამდე თუ ეგონა, ცოლს კარგად იცნობდა, წამის მეასედში მასშიც შეეპარა ეჭვი და შემდეგ საკუთარ თავზე გაბრაზდა ამის გამო. რეალურად, მართლა მისი ბრალი იყო, მარტო რომ დატოვა მაჩაბელი და არც ჰქონდა პრეტენზიის გამოთქმის უფლება, მაგრამ... შვილის კონცერტზე ამ კაცის დაპატიჟება მართლა მეტისმეტი იყო!
მაინც მოახერხა მობილურის გაჩუმება. ისე სწრაფად მოაგვარა ყველაფერი, ორი სიტყვით აუხსნა კურიერს, სად, როდის და როგორ უნდა მიეტანა თაიგული. ლილუს იმის გამო ვერ დასჯიდა, დედამისთან რომ ჰქონდა საქმე გასარკვევი. უფრო ზუსტად კი, დედამისის უფროსთან... უცბადვე დააკვალიანა და ის იყო, დარბაზში აპირებდა შესვლას, ლენა რომ დაინახა იმ ქალთან ერთად მომავალი, წეღან ვინც ჩაუქროლა ნაჩქარევად. საერთოდ დაიბნა... რა ძალას შეეძლო ეიძულებინა დაწყებული კონცერტიდან გამოსვლა მაშინ, როცა მისი შვილი კულისებიდან ადევნებდა თვალს?!
– რა ხდება? – და არც უფიქრია მოცდა, დერეფანში რომ გამოვიდნენ.
– უკაცრავად?! – ლენას ნაცვლად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.
– ლილუს მამაა, – ელენემ კი, ისე გაუღიმა, აშკარა იყო, რეალურად სულაც არ ეღიმებოდა. ნუთუ არავინ აპირებს გააგებინოს, რა ჯანდაბა ხდება?!
– დიდი ბოდიში, მაგრამ მართლა არ მაქვს ბევრი დრო. იქნებ რომელიმე მაინც წამომყვეთ...
– რა ხდება, ელენე? – მოთმინებაგამოლეულმა გაიმეორე შეკითხვა, თუმცა, ალბათ, ყველაფერს იფიქრებდა, იმის გარდა, რა პასუხიც მოისმინა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ.
– ჩვენი შვილი გამოსვლაზე უარს აცხადებს...
* * *
ელენესა და დემნას ქორწინებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, სრულიად მოულოდნელად, ეკამ მტკიცედ რომ განუცხადა შვილს, მომდევნო კვირაში ექიმთან ჩაგწერე მიღებაზეო. იმდენად მოულოდნელი იყო ლენასთვის, ისიც კი ვერ გაიაზრა თავიდან, საერთოდ რაზე ესაუბრებოდა დედამისი. არც ჯანმრთელობის პრობლემას უჩიოდა, არც ის ახსენდებოდა, ამ თემაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში დაეჩივლოს, ახლა რომ გამხდარიყო ექიმთან ვიზიტი აუცილებელი.
– ვერ გავიგე, დედა... – ბოლოს გულწრფელობა არჩია, უცნაური მზერის შემდეგაც რომ ვერ მიიღო პასუხი. თან, სამეცადინო ეყარა თავზე და პარალელურად, კონსპექტებს ალაგებდა, მაგიდა რომ გაეთავისუფლებინა. ისე მოულოდნელად დაადგა ეკა თავზე, არც გაუფრთხილებია, სტუმრობას თუ აპირებდა და მართალია, დედასთან არაფერი ჰქონდა მოსარიდებელი, თუმცა, კარგად იცნობდა და ისიც იცოდა, შენიშვნის მიცემას რომ არ დაიზარებდა უწესრიგობაზე.
– რა ვერ გაიგე, ელენე? რამდენი თვე გავიდა, რაც დაქორწინდი? – ამოიოხრა ქალმა და უკმაყოფილო სახით ჩამოჯდა სკამზე. უკვირდა კიდეც, რატომ გახდა ეს ყველაფერი განსახილველი თემა. განა, რამე იყო გაუგებარი?!
– ათი.
– მერე?
– რა მერე?
– ელენე, თავს ნუ ისულელებ!
– ეკა, გეხვეწები, პირდაპირ მითხარი, რა! – თვალებდაწვრილებულმა გახედა დედას და ის იყო, ჩაიდანში წყლის ჩასხმა უნდა დაეწყო, მოსმენილის გამო საერთოდ რომ გაუვარდა ხელიდან.
– უკვე ერთი თვის შვილიშვილი უნდა მყავდეს! – საყვედურივით გაისმა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს, სამზარეულოს კედლებმაც კი აისხლიტა ნათქვამი და რამდენჯერმე ექოსავით გამეორდა. კიდევ კარგი, ზურგით იდგა და არავის შეეძლო მისი სახის დანახვა. ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად. კარგად კი არა, ისე შეეცვალა გამომეტყველება, მხოლოდ ხმაურზე მიხვდა, ჩაიდანი რომ გაუვარდა.
– ჯანდაბა! – ჩაიბურტყუნა სწრაფად და ისე დაუბრუნდა საქმიანობას, თითქოს, ახლა მხოლოდ ის ადარდებდა, წყალი რომ დაღვარა.
– ელენე, დადე ეგ და გამომხედე, რომ გელაპარაკები! – ხმა გაიმკაცრა ეკამ. ზოგადად, შვილთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლიდით. ამასაც არ აღიქვამდა ლენა საგანგაშოდ. ყველას ჰქონდა რთული პერიოდი და თვლიდა, რომ უბრალოდ თვითონ იყო ფიცხი და ამიტომ ბრაზდებოდა სწრაფად. ბოლო წლებში ისიც ისწავლა, ასეთ დროს რომ საერთოდ არ უნდა აჰყოლოდა კამათში. იჩხუბებდა და გაჩერდებოდა. მაქსიმუმ, რამდენიმე საათში კი, ისე თბილად მიმართავდა, თითქოს არაფერი მომხდარა.
– გისმენ, – შეუტრიალდა ბოლოს, ვეღარაფრით რომ დაიძვრინა თავი. ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი და ისეთი მზერით უყურებდა, ცდილობდა, მიეხვედრებინა, დანებების მიუხედავად, საერთოდ რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა.
– რას მისმენ, დედა?! შენ არ განერვიულებს ეს ყველაფერი?
– რა ყველაფერი?
– ელენე, გეყოფა! ძალიან კარგად იცი, რაზეც გელაპარაკები!
– არ ვიცი... – გაჯიუტდა და თან საათისკენ გააპარა თვალი. ისღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის, დემნა რომ დაბრუნებულიყო სამსახურიდან და ამ სამარცხვინო საუბარს შესწრებოდა.
– ესე იგი, არ იცი, ხო?! – თავის ქნევით წარმოთქვა ეკამ. კარგად იცნობდა შვილს და იმასაც ხვდებოდა, რატომ ესაუბრებოდა ასე, თუმცა, მართლა განიცდიდა ამ ყველაფერს და მეტად მოცდა აღარ შეეძლო.
– ჩაის დალევ?
– გეყოფა-მეთქი! – თვალები დაუბრიალა, თუმცა, რამდენიმე წამში ისეთი რბილი სახით მიუდგა გვერდით, მკლავზეც კი დაუსვა თითები და შეცვლილი ხმით გააგრძელა.
– დედიკო, არაფერია სანერვიულო მაგაში, მივალთ ექიმთან და გავიგებთ ყველაფერს. ხომ იცი, ახლა უკვე ყველაფერს აგვარებენ და...
– ეკა, ძალიან არ მინდა, იმაზე მელაპარაკებოდე, რაზეც მგონია... – გააწყვეტინა გაღიზიანებულმა და ისე მოშორდა, არც კი უცდია საკუთარი დამოკიდებულების დაფარვა.
– მე კი, ის არ მინდა, გაუთავებლად იმას მეკითხებოდნენ, შენი შვილია უშვილო თუ შენი სიძეო! – მიაყარა გაცეცხლებულმა და არც შეუმჩნევია, ეს უკანასკნელი როგორ შევიდა სამზარეულოში. ელენემ შეამჩნია... ელენემ ისიც გაიგო, საკეტში გასაღები რომ გადაატრიალეს და სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა დედამისის გასაჩუმებლად, კიდევ ერთხელ აირეკლეს კედლებმა ის საშინელი სიტყვები. როგორ უნდოდა იმ წამს, საერთოდ გამქრალიყო, ოღონდ დემნას არ მოესმინა ეს ყველაფერი.
– და რომ უთხრათ, ორივე, მაგრამ ერთმანეთს უმალავენო? – სწრაფადვე ჩაერთო ხერგიანი. ისე სერიოზულად წარმოთქვა, მდუღარე გადაესხა დედა-შვილს. ძლივს ახერხებდა ლენა ცრემლების შეკავებას. ასე ცუდად თავი დიდი ხანია, არ უგრძვნია.
– უკვე დაბრუნდი, დემნა? – უხერხულობის გადასაფარად, ხელოვნური ღიმილი აიკრა სახეზე ეკამ.
– ასეთი ეფექტური გამოჩენები მახასიათებს! – პასუხად კი, მხოლოდ სიცილი მიიღო.
არ იყო დემნა ის ტიპი, პირადი თემა სხვისი თანდასწრებით გაერჩია, როგორი ახლობელიც უნდა ყოფილიყო ეს სხვა. საკუთარ მშობლებსაც კი არ აბედინებდა მსგავსი შეკითხვის დასმას, თუმცა ეს ის სიტუაცია იყო, როგორ ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა, უხეშად რომ ვერაფერს იტყოდა, სერიოზულად კი, სხვანაირ პასუხს ფიზიკურად ვერ გასცემდა.
უკვე შეჩვეულიც კი იყო, ქორწილის მეორე თვესვე რომ დაიწყეს ახლობელ-ნათესავებმა ვითომ ხუმრობით გადაკვრა, თქვენი შვილის ნათლობაში როდის უნდა გვაქეიფოთო. არც აღიქვამდა სერიოზულად, თვითონაც ხუმრობით პასუხობდა, იქნებ საერთოდ არ გეპატიჟებითო და შემდეგ ისეთ სახეს იღებდა, საუბრის გაგრძელების სურვილსაც დაგაკარვინებდათ. საერთოდ არ ადარდებდა, ვინ რას იტყოდა და როგორ იჭორავებდნენ, მაგრამ ელენეს დამოკიდებულებას ამჩნევდა ამ ყველაფრის მიმართ და ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბრაზდებოდა.
– შვილო, ვიცი, რომ მე არ უნდა ვერეოდე, მაგრამ არაფერია განსაკუთრებული იმაში, სპეციალისტთან თუ წავალთ მე და ელენე...
– და მე?
– რა შენ?
– იქნებ ჩემშია პრობლემა? – გაუღიმა ისე, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მისი ნათქვამის გულწრფელობაში.
– გეყოფათ ორივეს! – მაგრამ ლენამ აღარ მისცა მეტად გაგრძელების საშუალება. ისეთი აჭარხლებული იყო, თვალები კი ისე უელავდა გაბრაზებით... ნაპერწკლებს ყრიდა პირდაპირ და ერთი ზედმეტი სიტყვაც რომ ეთქვა რომელიმეს, აშკარა იყო, მეტს აღარ მოუთმენდა. ისედაც, აფეთქების ზღვარზე იყო უკვე და მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, როგორ ახერხებდა თავის შეკავებას.
– ყავა გამიკეთე, რა... – დემნა კი, მაშინვე მიუხვდა და ისე ბუნებრივად გადაუტანა თემა, ვერც კი იფიქრებდით, წუთის წინ სრულიად სხვა რამეზე თუ საუბრობდნენ.
ეს კი, სულაც არ ყოფილა უკანასკნელი შემთხვევა, ზედმეტად უხეშად რომ ჩაერივნენ მათ პირად ცხოვრებაში. ელენესაც უნდოდა შვილი, ასეთი ამბების შემდეგ კი, თავს მართლა დამნაშავედ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, ქმართან ეს საკითხი მოგვარებული რომ ჰქონდა. თავიდანვე გადაწყვიტეს, სანამ ლენა სწავლას არ მორჩებოდა, დემნა კი, სტაბილურ, მაღალშემოსავლიან სამსახურს არ იშოვიდა, ბავშვზე არც იფიქრებდნენ. არც ისე დიდები იყვნენ ჯერ, მაჩაბელს ყოველდღე ორსულობის ტესტებით რომ ერბინა. სიმართლე ითქვას და, ნაადრევადაც მიაჩნდათ, მაგრამ კეთილისმსურველები იმდენად განიცდიდნენ, აშკარად ზედმეტად წუხდნენ იმ ამბით, რომელიც მათ სულაც არ ეხებოდათ.
ის კი, სხვის საქმეში რომ ერეოდნენ, მანამ ვერ გაიგეს, სანამ ხერგიანმა, ლენას მოწყენილობით გაღიზიანებულმა, საკმაოდ მკაცრად და, შეიძლება ითქვას, უხეშადაც არ დაიწყო ყველასთვის პასუხის გაცემა. ერთადერთი, რასაც ჭკუიდან გადაჰყავდა, სწორედ საყვარელი ადამიანის ცუდად ყოფნა იყო და ზუსტად იცოდა, არავის და არაფერს მისცემდა იმის უფლებას, მისთვის თუნდაც სრულიად მცირედი სანერვიულო რომ მიეცა...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი