კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენემ ორი წლის შემდეგ პირველად შედგა ფეხი საკუთარ, თუმცა უკვე ყოფილ სახლში.
კვირაზე მეტია არც სძინებია წესიერად. იმდენად ემოციური ღამე ჰქონდა, იმდენი ამოიღო ერთდროულად, ვერც იფიქრებდა, თუ შეძლებდა საერთოდ უკან წამოსვლას. არც უნდოდა... რაც უნდა ყოფილიყო, მხოლოდ იქ გრძნობდა თავს შინ და მეორე დილით, ისე რომ გაიხურა კარი, თითქოს, კვლავ დაბრუნდებოდა, სადღაც, ძალიან ღრმად, იგრძნო, როგორ აეწვა სხეული.
არაცნობიერად, შეიძლება არც არასდროს დაუკარგავს იმედი. გასაღებსაც ინახავდა და ლილუსთან ერთადაც ისეთ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, ძველთან მცირედი მსგავსება მაინც რომ ჰქონოდა. მაინც ვერ დამშვიდდა. გულმა ჩვეულ ტემპში ცემა მხოლოდ მაშინ დაიწყო, იქ რომ შეაბიჯა, სადაც ყველაზე ბედნიერი იყო. და შემდეგ, მაინც მოუხდა წამოსვლა...
მთელი კვირის განმავლობაში ერიდებოდა დემნასთან შეხვედრასაც. ისეთი ძლიერი ქალის იმიჯი ჰქონდა შერჩეული, ისე მტკიცედ იდგა მთელი ორი წელი, ახლა კი... მართალია, ეჭვიც არ ეპარებოდა, დემნა რომ ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ აქამდე თუ შეეძლო დაედანაშაულებინა, შენი ფანტაზიის ნაყოფია ყველაფერიო, ბოლო საქციელით, ფაქტობრივად, ყველანაირი გზა მოიჭრა. ისე გადაუშალა გული, ისე გაუშიშვლა გრძნობები, იმ მომენტში არც არაფერზე უფიქრია მეტზე. მხოლოდ ის იცოდა, რომ უნდა ეთქვა. სხვანაირად, სუნთქვასაც ვერ შეძლებდა თითქოს. სიტყვები გაეჭედებოდა ყელში და გაგუდავდა. ის სიტყვები, ძალიან დიდხანს რომ ინახა და საბოლოოდ, მაინც ვერ დაუკარგა მნიშვნელობა.
ვერ წარმოედგინა, ასე ადვილად თუ გატყდებოდა. ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, როგორი სულელური ახირებაც არ უნდა ჰქონოდა, ერთს თუ იტყოდა, აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე, ახლა კი, ჩაფლავდა... მაინც მოერია გრძნობები და როგორი ცივი მზერითაც არ უნდა ევლო, როგორ ხმაურიანადაც არ უნდა ეკაკუნებინა ფეხსაცმლის ქუსლი დემნას კაბინეტის ჩავლის წინ, უკვე ვეღარაფრით დააჯერებდა, თვალებთან ერთად, გულიც თუ გაუცივდა.
ხერგიანი კი, საერთოდ არ იმჩნევდა მომხდარს. ვერც ხვდებოდა ლენა, რას ნიშნავდა მისი მხრიდან ეს საქციელი. თითქოს, არც არაფერი ყოფილა. არადა, ბოლოს და ბოლოს, მშვიდად ხომ არ მსხდარან ჩაის ჭიქებით ხელში, სულ მცირედი მნიშვნელობა მაინც რომ არ მიენიჭებინა ყველაფრისთვის?! თუმცა არა! ისე გულგრილად ექცეოდა, იმასაც კი ფიქრობდა ელენე, იმ ღამით მხოლოდ ჩემ დასამშვიდებლად მითხრა ყველაფერიო.
ოფიციალურად დაუკრავდა ხოლმე თავს თათბირზე, საქმის გარდა, ზედმეტად იმასაც კი არ ეკითხებოდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა თუ არა, შემდეგ კი, შეიკეტებოდა კაბინეტში და ერთადერთი, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა, დეა იყო.
მასზეც ეჭვიანობდა მაჩაბელი. მართალია, კარგად იცოდა, დემნას მისნაირი კი არა, მსგავსი ტიპის ქალები საერთოდ რომ არ აინტერესებდა, იმასაც აცნობიერებდა, სამსახურებრივი ურთიერთობის გარდა, სხვა რომ არაფერი აკავშირებდათ, თუმცა მაინც საფეთქლებში გრძნობდა პულსაციას, ერთად როცა ხედავდა.
დეასგან ამჩნევდა ზედმეტ ყურადღებას და იმიტომ! იმასაც ხედავდა, როგორ ეპრანჭებოდა. ყოველდღე სხვადასხვანაირი, თუმცა, ერთნაირად გულამოჭრილი, ზედმეტად მოტმასნილი კაბებით და უგემოვნო, შეუფერებელი ფეხსაცმლით დადიოდა. თათბირზე კი, შემთხვევით თუ მოუწევდა შესვლა და საბუთების შეტანა, შანსს არ უშვებდა ხელიდან, დემნას სახის წინ საკუთარი ბიუსტის დემოსტრირება რომ არ მოეხდინა. საშინლად გამაღიზიანებელი და ვულგარული გოგო იყო, მაგრამ, ელენეს გარდა, მისი საქციელები აშკარად არავის მიაჩნდა მიუღებლად და ეს კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას.
– უკაცრავად, შეიძლება? – დედამიწაზე თაკოს მორიდებულმა ხმამ დააბრუნა. ხომ შეიძლებოდა მისთვის მიებაძა დემნას მდივანსაც?! მაგრამ, არა!
– რა ხდება?
– ბატონ გიორგის სურს თქვენი ნახვა. საკუთარ კაბინეტში გიბარებთ...
– რა მოხდა? არ დაურეკავს ჩემთვის... – ცოტა არ იყოს, გაკვირვებული წამოდგა და სანამ გავიდოდა, საკუთარ სიტყვებში დასარწმუნებლად, მაინც დახედა მობილურს. აშკარად არ ჰქონდა გამოტოვებული ზარები.
– არ ვიცი. დილით სტუმარი მიიღო, ამ დრომდე იქ არის. – შეთქმულივით გადაულაპარაკა თაკომ და კიდევ უფრო დააინტრიგა. ვინ უნდა ყოფილიყო ამისთანა, მასთან ერთად დარეკვასაც რომ მოერიდა დარასელი?! საინტერესოა!
დიდხანს აღარ მოუცდია, სამუშაო ბლოკნოტი აიღო მხოლოდ და შემდეგ საკუთარიდან უფროსის კაბინეტამდე გასავლელი გზა იმაზე ფიქრში გაატარა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იდუმალი სტუმარი. კარგად ახსოვდა, არანაირ ახალ პროექტს რომ არ გეგმავდნენ უახლოეს მომავალში და სხვა მხრივ, ელენეს დახმარება, როგორც ეკონომისტის, ჯერ არ უნდა დასჭირვებოდა.
– მიბარებდით? – მსუბუქი დაკაკუნების შემდეგ შეაღო კარი და ეცადა, ისე შეეთვალიერებინა გიორგის წინ მოკალათებული, მოდურ პიჯაკში გამოწყობილი და მხრებში გაშლილი მამაკაცი, ზედმეტი დაინტერესება რომ არ შემჩნეოდა.
– მოდი, გელოდებოდით! – ღიმილით შეხვდა დარასელი და შემდეგ ისე წამოიმართა, კიდევ ერთხელ დაარწმუნა, უბრალო კაცთან რომ არ ჰქონდათ საქმე. – ჩვენი ახალი დამკვეთი უნდა გაგაცნო! დავით ღვინიანიძე!
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა... – გაურკვეველი გამომეტყველებით გაუწვდინა ხელი დავითად წოდებულმა, ელენე კი, ისე დააბნია სიტუაციამ, ძლივს მოიფიქრა, რომ ეპასუხა, ჩემთვისაცო.
ყვარლის პროექტი ჯერ ბოლომდეც არ ჰქონდათ მიყვანილი, საქმის ასე ერთმანეთზე მიყრა კი არასდროს სჩვეოდათ. მართალია, მათი სასმელები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ექსპორტზეც გადიოდნენ ევროპის ქვეყნებში, თუმცა, იმხელა ბრუნვა მაინც არ ჰქონდათ, ორი მსხვილი შეკვეთა ასე ზედიზედ მიეყოლებინათ.
გიორგის ყოველთვის აფასებდა იმის გამო, გონივრულად და წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით რომ მუშაობდა. არ სჩვეოდა საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება, არც უაზრო რისკზე მიდიოდა და ბევრ, თუმცა გაურკვეველი წარმოშობის ფულს, ყოველთვის ცოტა, თუმცა სუფთა ერჩივნა. სწორედ ამის წყალობით ინარჩუნებდა კომპანიის სახელსაც და ახლა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა მისი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მაჩაბელს.
– ანუ ახალ პროექტს ვიღებთ? – მაინც ვერ მოისვენა, რომ არ ეკითხა. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო და ხომ უნდა სცოდნოდა, რაში აპირებდნენ ხარჯების გაღებას?!
– ანუ ბატონმა დავითმა საკუთარი სასტუმროების ქსელის მომარაგება ჩვენი სასმელებით გადაწყვიტა და თან, უნდა აღინიშნოს ისიც, მისი ბიზნესი საქართველოში რომ არ არის შემოსული ჯერჯერობით.
– იტალიასა და საფრანგეთში მაქვს გახსნილი სასტუმროები. – საუბარში ჩაერთო გიორგიზე ორი-სამი წლით უფროსი, შავგვრემანი, უჩვეულოდ ცისფერთვალება კაცი. ზოგადად, ყოველთვის მოსწონდა ელენეს ღია ფერის თვალები, თუმცა ეს ცისფერი ცივად უფრო ეჩვენა. ისეთი შეგრძნება დაუტოვა, თითქოს მზერის საშუალებით ატარებდა დეტექტორში და დაიძაბა კიდეც, რამე არასწორად რომ არ ეთქვა.
– ესე იგი, ექსპორტი...
– სწორად მიხვდი. – ჩაეღიმა დარასელს. ისეთი კმაყოფილი ჩანდა, დიდი ალბათობით, კიდევ რაღაც იმალებოდა ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მოლაპარაკების მიღმა.
– და ალბათ, ზაფხულის სეზონიდან დავიწყებთ, არა?! – ლამის იყო, ტუჩები დაეკვნიტა ელენეს, ისე უნდოდა მეტი დეტალის გაგება. იმაზეც კი წავიდოდა, ასე ამოექაჩა სიტყვები ორივესთვის, ოღონდ გაურკვევლობა გაეფანტა.
– მეგონა, ყველაფერი მოგვარებული გქონდა, გიორგი... – უცნაური ხმით წარმოთქვა ღვინიანიძემ.
– ასეც არის, უბრალოდ, სიურპრიზად ვინახავდი. გადავწყვიტე, ჯერ ჩვენი კომპანიის განსაკუთრებული თანამშრომლისთვის გაგვეგებინებინა ეს სიახლე...
– სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი... – დანებდა საბოლოოდ, ვერაფერიც რომ ვერ გაიგო. ისე ასაიდუმლოებდნენ ყველაფერს, თითქოს მაფიოზური დაჯგუფების წევრები ყოფილიყვნენ, არადა, აშკარად არ უხდებოდათ ამ როლის თამაში.
– ელენე, ნოემბრის ბოლოს უკვე ჩვენი პროდუქციით უნდა შეივსოს სასტუმროების ბარები...
– ერთ თვეში?! – ისე წამოიძახა, ვერც მოასწრო ენაზე კბილის დაჭერა. – კი მაგრამ...
– ნუ ღელავ, მოვასწრებთ მომზადებას.
– ჯერ ყვარლის პროექტიც არ დაგვისრულებია!
– მეჩვენება თუ წინააღმდეგი ბრძანდებით? – საუბარში ჩაერთო დავითიც და თან ისეთი ტონით, ვერც გაბედავდით ხმის ამოღებას. სასწაულია, რა აურა აქვს ამ კაცს ასეთი?!
– წინააღმდეგზე მეტად, გაკვირვებული, მაგრამ, იმედია, არ მიწყენთ, თუ გეტყვით, რომ ეს თქვენ არ გეხებათ, რადგან შიდა სამზარეულოში ჩახედვა გარეშე პირებისათვის არ არის სასურველი. – გაუღიმა ყალბად, მაგრამ აშკარად აგრძნობინა, გამოუცდელი და ისეთი რომ არ იყო, როგორი ლეგენდებიც დადის ზოგადად ქერებზე. არავის მისცემდა უფლებას, სულელად ჩაეთვალათ და ისე მოქცეოდნენ, როგორც რამდენიმე საფეხურით დაბლა მდგომს.
– ელენე, მესმის შენი, მაგრამ ეს კონტრაქტი ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, არ ვაპირებ გაჭიანურებას. – საბოლოო სიტყვა მაინც დარასელმა წარმოთქვა და ფეხზეც წამოდგა იმის სანიშნებლად, რომ საუბარი დასრულებული იყო. უფროსი ის გახლდათ და ვერც ვერავინ გაუწევდა წინააღმდეგობას, როგორი გაუგებარიც არ უნდა ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება.
– ნება თქვენია, მაგრამ ვფიქრობ, საბჭომ მაინც უნდა განიხილოს ეს გადაწყვეტილება...
– ქალბატონო ელენე, მაოცებს თქვენი შიში, – გაეცინა დავითს. – არ გიყვართ რისკი? როგორც ვიცი, შამპანურებსაც აწარმოებთ და ვფიქრობ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ვინც რისკავს, შამპანურსაც სწორედ ის სვამს!
– თქვენს კეთილგონიერებაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, მაგრამ რისკთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოც კი ვერ დაგეთანხმებით, რომ, გაგიკვირდებათ და, ჩემი საქმე საკმაოდ კარგად ვიცი. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტები სწავლობენ, როდის არის დაუშვებელი გარისკვა და მეც მირჩევნია მშვიდად დავლიო ვისკი, ვიდრე მხოლოდ იმის გამო გავრისკო, რომ შამპანური შემხვდეს. ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, მე დაგტოვებთ. ვფიქრობ, თათბირზე ისედაც მოგვიწევს ამ თემის განხილვა და ჩემს მოსაზრებებს იქაც გაგიზიარებთ. – წარმოთქვა ისე, წამითაც არ მოუშორებია ღიმილი სახიდან. ერთი წინადადებასავით ჩამოუყალიბა და შემდეგ ისე სწრაფად ჩამოართვა ხელი ახალ პარტნიორს, არც დააცადა გაეაზრებინა, ირონია უფრო მეტი იყო მის სიტყვებში თუ სიმართლე.
არც ქუსლების კაკუნს მორიდებია კაბინეტიდან გასვლისას და სრული ეფექტისთვის, თმასაც ააფრიალებდა კარის გაჯახუნების თანხლებით, თუმცა, სკოლის ასაკიდან დიდი ხანია გამოვიდა და ერჩივნა, ასე პროფესიონალურად გაენადგურებინა ოპონენტი, ვიდრე იაფფასიანი ქმედებებით. ახლა კი, ზუსტად იცოდა, როგორც მცირე, კამათი მაინც რომ ელოდა წინ და არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რადაც უნდა დასჯდომოდა, თავის აზრს მაინც ბოლომდე გაიტანდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, თუ წააგებდნენ, შემდეგ რომ დამშვიდებულს ეთქვა: „ხომ გეუბნებოდით!“{{ArticleSplitCont}}
* * *
სიყვარული სამ წელს ძლებსო, ამბობენ ხშირად და იმასაც აყოლებენ, ახლად დაქორწინებულ წყვილს პირველი კრიზისი სწორედ ამ პერიოდში რომ უდგება. ალბათ, არ გაგიკვირდებოდათ, თუ ვიტყოდი, რომ დემნასა და ელენეს შემთხვევაში სულ სხვაგვარად წარიმართა მოვლენები, მაგრამ არც ისეთი განსაკუთრებულები ყოფილან, კამათის გარეშე რომ გაეტარებინათ თანაცხოვრების სამი წელი.
თავიდან თუ უბრალო, მარტივ რაღაცებზე კინკლაობდნენ, მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და ლენას ხასიათის დამძიმებას იმანაც შეუწყო ხელი, მთელი სამი წლის განმავლობაში რომ უწევდა მომავალ შვილზე დასმული შეკითხვების მოსმენა. ისე ძალიან განიცდიდა, ვერც კი უხსნიდა წესიერად დემნას, რა იყო ამაში ასეთი სანერვიულო.
ექიმთანაც მივიდა. უნდოდა, ქმარიც გაჰყოლოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, ეს რომ გაეგო, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა. ისედაც, სულ იმას უმეორებდა, ნუ უსმენ ისეთ ხალხს, ვინც ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს და მხოლოდ იმიტომ ერევიან, სხვა საქმე რომ არ აქვთო. ძალიან ბრაზდებოდა, ლენა მათ სიტყვებს ასე სერიოზულად რომ აღიქვამდა.
თვითონ სრულებით მსუბუქად აღიქვამდა სიტუაციას. უნდოდა შვილი, განსაკუთრებით, იმ ქალისგან, ასე ძალიან რომ უყვარდა, თუმცა ასეთი ნერვიულობა მაინც გადაჭარბებულად მიაჩნდა და იმაზე საერთოდ ჭკუიდან გადავიდა, ერთ საღამოს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, საძინებელში ატირებული ელენე რომ დახვდა.
– რა ხდება? – იკითხა ისე, სუნთქვაც კი შეეკვრა, სანამ პასუხს მოისმენდა.
– დღეს ექიმთან ვიყავი... – ჩურჩულზე ოდნავ ხმამაღლა უპასუხა ქერამ. მობუზული, პლედში გახვეული იწვა და გარშემო ქაღალდის ხელსახოცების მთელი გროვა დაეხვავებინა.
– რის ექიმთან, ლენა? – დასაზუსტებლად უფრო იკითხა, ვიდრე ინფორმაციისთვის. ისე ძალიან არ უნდოდა იმ პასუხის მოსმენა, რომელსაც, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მოისმენდა, თითქოს, ამით შანსი მისცა, უკვე მომხდარი რომ შეეცვალა.
– რეპრუდოქტოლოგთან მინდოდა, მაგრამ მთავარმა ექიმმა ჯერ გინეკოლოგთან გამიშვა...
– და? – გამოსცრა კბილებს შორის. არც კი შესულა ოთახში ბოლომდე, კარში იდგა უხეიროდ გაჩხერილი და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რად უჯდებოდა სიმშვიდის შენარჩუნება.
– არ ვიცი, როგორ უნდა გითხრა... – ამოიკნავლა საწყლად და კიდევ უფრო მოიბუზა.
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი