ისე საცოდავად გამოიყურებოდა ელენე... თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, თვალები და ცხვირი ტირილისგან გაწითლებული, ბაგეები კი, შესიებული და აკანკალებული.
– არ ვიცი, როგორ უნდა გითხრა...
– პირდაპირ, ლენა, ისე მითხარი, როგორც ექიმმა გითხრა... – ამოიოხრა დემნამ და ბოლოს მაინც დანებდა. ვერ უძლებდა ასეთის ყურებას. ყველაფერს აიტანდა, საყვარელი ქალის ცრემლების გარდა. თავი გადაიქნია მხოლოდ და ისე ჩამოუჯდა საწოლზე, ამითაც ანიშნა, ჩხუბს რომ არ აპირებდა. მართალია, თვითონ არ თვლიდა სიტუაციას საგანგაშოდ, მაგრამ რადგან ელენე ასე განიცდიდა, ცდილობდა, როგორმე მაინც გაეგო.
– ორსულად ვარ... – მაჩაბელმა კი, ისე ამოისლუკუნა, წამიერად ვერც მიხვდა კაცი, რას ეუბნებოდა.
ზედმეტად უცნაურად მოხდა ყველაფერი. არც რომანტიკული ვახშამი ყოფილა, არც უცნაური საჩუქრები, ჩვილის ნივთებით. არც ორსულობის ტესტი დახვედრია სააბაზანოში და გამთენიისასაც არ გაუღვიძებია ამ ამბის სახარებლად. თვითონაც ვერ ამჩნევდა ცვლილებებს. ზედმეტად დაკვირვებული იყო, ვერაფერს გამოაპარებდით საერთოდ, ახლა კი, ვერ ხვდებოდა, როგორ გამორჩა ელენეს გულისრევები ან თავბრუსხვევები. ნუთუ, მართლა ვერ შეამჩნია?! ან იქნებ არც ჰქონია?
– სერიოზულად? – გაეცინა ბოლოს, შოკისგან ემოციებარეულს. ჯერ ბოლომდე ვერც იაზრებდა გაგონილს. „ორსულად ვარ“... თითქოს, ექოსავით ჩაესმოდა და იმას კი ვერ ხვდებოდა, იმ ადამიანის მუცელში, ახლა რომ ასე თბილად უსვამდა თმაზე ხელს, პაწაწინა არსება რომ გაიზრდებოდა და შემდეგ ის გრძნობაც მოვიდოდა, მამობა რომ ჰქვია.
– არადა, იმის გამოკვლევა მინდოდა, შემთხვევით...
– მოიცა! – შეაწყვეტინა დემნამ. – ანუ ნამდვილად ზუსტი პასუხია?
– ნამდვილად, ნამდვილად! – გაეცინა ლენასაც. კი შეამჩნია, როგორ გაუფართოვდა ხერგიანს თვალები მაშინვე, ეს ამბავი რომ უთხრა, მაგრამ რეალურად, ისეთი სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, პატარა ბავშვებს ჰგავდნენ ორივე, დაბნეულებმა რომ არ იციან, როგორ მოიქცნენ.
– და მე და შენ...
– შვილი გვეყოლება! – თვითონვე დაასრულა ქმრის სიტყვები და ეცადა, მისი სახის ერთი ნაკვთის ცვლილებაც კი არ გამორჩენოდა, როცა ახალ ინფორმაციას ბოლომდე გაიაზრებდა.
მაინც ვერ მოახერხა... დემნამ სახეზე აიფარა ორივე ხელი და იდაყვებით ისე ჩამოეყრდნო მუხლებს, ელენე იმასაც კი ვერ მიხვდა, გაუხარდა თუ არა საერთოდ. შემდეგ ნელა და ღრმად დაიწყო სუნთქვა, მხრებიც აუცახცახდა და ბოლოს, თავი რომ ასწია, თან ეცინებოდა, თუმცა თვალებში აშკარად მომატებული წყლის დონის დამალვაც არ გამოსდიოდა. ისეთი სახე ჰქონდა... თითქოს, ერთიანად ანათებდა. ხმას ხომ ვერ იღებდა, მაგრამ გამომეტყველებით ეუბნებოდა ყველაფერს, რასაც გრძნობდა.
– ადექი რა, გეხვეწები! – ნაჩქარევად წარმოთქვა ბოლოს და თვითონ წამოდგა პირველი.
– რატომ? – გაეცინა ელენეს. პირველად ხედავდა ქმარს ასეთ დაბნეულს.
– მიდი, მიდი. ექიმთან წავიდეთ რა, ნახვა მინდა!
– რა დროს ექიმია, დემნა! შეხედე საათს... რა გჭირს, გინდა, წყალი მოგიტანო?
– არა, არა, მე მოგიტან, იყავი შენ!
– რას მომიტან, არ მინდა მე წყალი. – ჩაიფხუკუნა და პირზე აიფარა ხელი, ხმამაღლა რომ არ ახარხარებულიყო.
– ა, ჰო... მისმინე, მორიგეც არ იქნება?
– მორიგე ექიმმა რა იცის, რა მითხრა მე დღეს ჩემმა გინეკოლოგმა?
– გოგო, ექიმის ნახვა კი არ მინდა მე! – გაეცინა ბოლოს თვითონაც.
– აბა, საავადმყოფოს სუნი მოგენატრა? მართლა კარგად ხარ?
– კარგად?! კარგად არა!
– დემნა, მაშინებ!
– ძალიან მაგრად ვარ! აი, როგორ ძალიან მაგრად იცი?! არ იცი! იმიტომ, რომ მეც არ ვიცი. მართლა! ადექი რა, მიდი! წავიდეთ, ვინმე მაინც იქნება ისეთი, ექოსკოპია რომ გადაგიღოს. მალე, გთხოვ!
– გადავიღე დღეს უკვე და მაქვს სურათიც...
– სურათი არ მინდა, ლენა, ნუ მახვეწნინებ ამდენს!
– აბა, რა გინდა? ღამის ათ საათზე რა შეიძლება რომ გავაკეთოთ საავადმყოფოში სხვა? – სიცილს ვეღარ იკავებდა უკვე, ისე ცქმუტავდა ხერგიანი. არასდროს ენახა ასეთი.
– რა მინდა და, ჩვენი შვილის გაცნობა! – წარმოთქვა ბოლოს აჟიტირებულმა და ეს იყო ის პირველი შემთხვევაც, როცა მათ ცხოვრებაში ფრაზა „ჩვენი შვილი“ გაჩნდა, ამაზე მნიშვნელოვანი კი, უკვე იცოდნენ, არც არაფერი რომ აღარ იქნებოდა. და გრძნობა, რომ მათმა სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო, ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდნენ, პატარა, ჯერ რომ სავარაუდოდ, გულისცემასაც ვერ მოისმენდნენ, იმდენად ყოვლისმომცველი იყო, იმდენად ძლიერი და სულისშემკვრელი, მხოლოდ ერთადერთს, სიტყვა „შვილის“ წინ „ჩვენის“ არსებობას შეეძლო გათანაბრებოდა ამ ყველაფერს...
* * *
სამუშაო დღეს ასრულებდა უკვე ელენე, ლიფტისკენ წასულმა ხერგიანს რომ მოჰკრა თვალი და ისე ოსტატურად იცვალა მიმართულება, ეჭვსაც ვერ შეიტანდით, რომ თავიდანვე არქივში არ აპირებდა შესვლას. ხვდებოდა, პატარა გოგოსავით რომ იქცეოდა და ისიც შეამჩნია, როგორ ცალყბად ჩაეცინა დემნას, თუმცა, მის ყურებაში სხვა ვეღარაფერი შენიშნა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, ყოფილი ქმრისგან გაქცევის მცდელობაში, შემთხვევით დარასელს რომ შეასკდა.
– ვაიმე, ბოდიში! მაპატიე, ვერ დაგინახე! – მიაყარა აღელვებულმა და გონება მაქსიმალური დატვირთვით აამუშავა წასასვლელი მიზეზის მოსაფიქრებლად, მათკენ მიმავალი ხერგიანი რომ დააფიქსირა.
– არა უშავს, დამშვიდდი. გეტკინა რამე? – გიორგიმ კი, არაფრით გაუშვა შანსი ხელიდან, ზედმეტი მზრუნველობა რომ გამოეჩინა. – ფეხი გადაგიბრუნდა?
– საიდან მოიტანე?! – ცოტა არ იყოს, უცნაური მზერა მიიღო პასუხად, თუმცა, ლენამ მხოლოდ გვიან გააცნობიერა, ნაჩქარევად რომ უპასუხა. არადა, შეეძლო ეს შანსი გამოეყენებინა და ექიმთან წასვლაზე რომ დათანხმდებოდა, მოულოდნელად გაპარულიყო...
– მომეჩვენა, თითქოს...
– მოგეჩვენა. – და მაინც, ისე გაისმა დემნას ხმა, ქალს ჟრუანტელმაც კი დაუარა.
– მე მგონი, წასვლას აპირებდი, არა?! – დარასელმა კი, ისეთი სახით გახედა, აშკარად აგრძნობინა, ზედმეტი რომ იყო.
– შენ კიდევ, სიარულისას სხვები კი არ უნდა ათვალიერო, წინ უნდა იყურო! – გიორგის სრული უგულებელყოფით გადაულაპარაკა ლენას და ძლივს შეიკავა თვითკმაყოფილი სიცილი, მისი გაფართოებული თვალები რომ მიიღო პასუხად.
– წინ ვიყურებოდი და ისიც ვიცოდი, სად მივდიოდი! – დაისისინა გაბრაზებულმა, მაგრამ ის კი ვერაფრით მოიფიქრა, რა ჯანდაბა უნდოდა არქივში!
– ჩემთან ჰქონდა საქმე. – ჩაერთო დარასელიც. სხვა სიტუაციაში, ალბათ, გაღიზიანდებოდა კიდეც ლენა მის საქციელზე, მაგრამ ახლა ისე დაეხმარა, მადლიერების მეტი არაფერი უგრძვნია.
– მართლა? რა საქმე, თუ საიდუმლო არ არის? – დემნა კი, თავის სტილში განაგრძობდა. ისე საუბრობდა, თვალსაც არ აშორებდა ყოფილ ცოლს და მხოლოდ შემდეგ გაგონილმა აიძულა დასერიოზულება და გამომეტყველების შეცვლა.
– საათი დავკარგე და მაინტერესებდა, მასთან ხომ არ დამრჩა. ანუ ვერ იპოვე სახლში, ელე?! – შემდეგ კი, ისე სასხვათაშორისოდ იკითხა გიორგიმ, თითქოს, არც არაფერი ყოფილა ამაში გასაკვირი.
წამებში იგრძნო ხერგიანმა, როგორ ჩააზილეს კუჭის თავში უხილავი მუშტი. სახეზე შეაშრა ღიმილი და ძლივს მოახერხა მიმიკების დაჭერა, ზედმეტად რომ არ გაეყიდა თავი. გაბრაზებულიც კი ხვდებოდა, ეს კაცი იმად რომ არ ღირდა, ყველაფერი გაეფუჭებინა საკუთარი თავისთვისაც და ლენასთვისაც, მით უმეტეს კი, ეს ამდენი ხალხის თანდასწრებით გაეკეთებინა. შეიძლება, თვითონ მხოლოდ შესანიღბად სჭირდებოდა იურისტის სავარძელი, მაგრამ იცოდა, ლენასთვის რამდენს ნიშნავდა ეს სამსახური და ვერ დაუშვებდა, ესეც დაეკარგვინებინა მისთვის.
– არა, გიორგი, არ არის ჩემთან. ალბათ, სადმე სხვაგან დაკარგე! – მხოლოდ ელენეს გაწბილებულმა ხმამ აიძულა გამოფხიზლება. ისეთი სახე ჰქონდა, ვერც ახერხებდა დამალვას, როგორ გაუცრუვდა იმედი. სწრაფადვე დააყოლა, მეჩქარება, ნახვამდისო და შემდეგ ისე გაემაერთა ლიფტისკენ, მხოლოდ სენსორული კარის წყალობით მოასწრო დემნამ, თვითონაც შიგნით რომ შეჰყოლოდა.
არადა, ისე აეწყო ყველაფერი, ელენეს გაქცევა აღარ უნდა გასჭირვებოდა. გიორგის სიტყვებმა ხომ წარუშლელი ეფექტი მოახდინა და ლიფტიც, სასწაულებრივად, პირველად აღმოჩნდა იმ სართულზე გაჩერებული, რომელზეც სჭირდებოდა. თითქოს, იღბალი სწყალობდა ყველაფერში, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაუფლავდა, ყოფილ ქმართან ერთად, ზედმეტად პატარა ტერიტორიის კაბინაში რომ აღმოჩნდა გამოკეტილი.
– ანუ საათი დაკარგა... – წამოიწყო ხერგიანმა ისე, ლითონის კარისთვის მზერაც არ მოუშორებია.
– არ მაინტერესებს. – უპასუხა გულგრილად. ახლა მხოლოდ ის უნდოდა, რაც შეიძლება მალე ჩაეღწიათ ქვემოთ. მაგრამ დემნამ კი ვეღარ მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება და ისე დასჭექა, თან, ისე მოულოდნელად, შეხტა კიდეც მის ხმაზე ელენე.
– მე მაინტერესებს!
– ჰოდა, უთხარი, რომ იპოვის, გითხრას!
– ლენა, ძალიან კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ! – მიუბრუნდა მოულოდნელად და ისე სწრაფად მიიმწყვდია ორივე ხელით კედელთან, განძრევის საშუალებაც აღარ დაუტოვა.
– რანაირად იქცევი?!
– მე თუ შენ? – გამოსცრა გამწარებულმა. იმდენად ზღვარზე იყო, აღარც კი შეეძლო ეჭვიანობისა და ბრაზის დაფარვა.
– რა გინდა, დემნა?
– მე კი არა, იმას რა ჯანდაბა უნდოდა შენს სახლში?
– სწორად აღნიშნე, ჩემს სახლში...
– სახლში, რომელშიც ჩემი ცოლი და შვილი ცხოვრობენ!
– ერთი სიტყვა გამოგრჩა.
– ერთი კი არა, ლენა, ასჯერ რომ გაიმეორო „ყოფილი“, შენ თვითონაც იცი, საერთოდ რომ არ აქვს მაგას მნიშვნელობა!
– და რა გინდა ჩემგან? რას ელი, ბოდიში მოგიხადო?
– პირველ რიგში, ირონია მოიშორე! და მერე ამიხსენი, რისთვის და როდის მოვიდა შენთან და მე რატომ ვიგებ ამ ყველაფერს ახლა!
– „რა, სად, როდის?“ ხომ არ გეთამაშო?!
– ელენე!
– ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის? – კედლისა და მისი მკლავების ტყვეობისგან გათავისუფლებას შეეცადა ქალი, თუმცა, ამაოდ გაიბრძოლა. არა, რას აიტეხა ეს დამალობანას თამაში?! თვითონვე შეიქმნა ზედმეტი პრობლემა!
– ზედმეტი ვისაც მოსდის, ის ახლა ზემოთ, საკუთარ კაბინეტში, კმაყოფილი ღიმილით ჩაესვენებოდა სავარძელში და იმაზე დაიწყებდა ფიქრს, როგორ გამამწარებდა მისი სიტყვები!
– და რა, ტყუილია?
– სერიოზულად მეკითხები?
– რა იყო, არ შეიძლება, რომ იეჭვიანო? – ცერა ღიმილით ახედა და გაუცნობიერებლად, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ სიცილის შესაკავებლად გააკეთა, აშკარად სხვა ეფექტი გამოიწვია...
– მართლა გგონია, ისეთ დაბალ დონეზე დაგწევ, მასზე ეჭვიანობა რომ გაკადრო?! – წამიერად გადაიტანა ხერგიანმა მზერა მისი თვალებიდან ტუჩებზე, შემდეგ კი, კვლავ უცბად დაუბრუნდა და ძლივს შეიკავა ღიმილი, სასურველი შედეგი რომ გამოიღო. ისე უყურებდა ლენა, ახლა რომ ეკოცნა, წინააღმდეგობას კი არა, პირიქით, იმაზე მონატრებულ პასუხს მიიღებდა, ვიდრე წარმოედგინა.
და ალბათ, კიდევ რამდენიმე წამს იდგებოდნენ ასე, მზერით გაბურღავდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ, მაინც არაფერს მოიმოქმედებდნენ, ყველაფერი ზედმეტად მარტივად და ბანალურად რომ არ ჩაშლილიყო. სასაცილოც კი იყო იმ სიტუაციაში და მით უმეტეს, იმ კომპანიაში მსგავსი რაღაც, მაგრამ ალბათ, განგებაც მათ დასცინოდა და ლიფტის კაბინა, ჯერ საშინლად რომ შეყანყალდა, შემდეგ კი იქაურობა ერთიანად ჩაბნელდა და არც გამაფრთხილებელი ღილაკი ანთებულა, არც რომელიმეს მიუჭერია განგებ გასაჩერებლად, დემნამ ვეღარაფრით მოახერხა აქამდე ნათმენი სიცილის შეკავება.
– არ მითხრა, რომ გავიჭედეთ... – ელენეს ხმა კი ისე გაისმა, ნათელი იყო, ჯიუტად არ უნდოდა აშკარა რეალობის დაჯერება.
– თუ გინდა, საერთოდ არაფერს გეტყვი და პირდაპირ მოქმედებაზე გადავალ. დრო ისედაც საკმაოდ გვექნება, სანამ ჯერ გენერატორს ჩართავენ, შემდეგ კი ლიფტს შეაკეთებენ... – ჩაილაპარაკა და მიუხედავად იმისა, სრული უკუნი რომ იდგა, ლენამ ისიც კი გაარჩია, როგორ ატეხა ტუჩის კუთხე კმაყოფილმა.
– არც კი გაბედო!
– მაშინ არც შენ გაბედო იმის უარყოფა, რასაც ვხედავ, რადგან ისეთი ცხადია ყველაფერი, ისე ზედმეტი სიტყვების გარეშე, შენდა უნებურად გყიდის საკუთარი თავი, საკუთარი სხეული, საკუთარი თვალები, რაც უნდა მითხრა და როგორც უნდა მოიქცე, მაინც არ დავიჯერებ, ახლა ყველაზე მეტად ჩემთან რომ არ გინდა ყოფნა!
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი