ელენეს ორსულობის პირველი თვეები სრული ჯოჯოხეთი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
თვითონ თუ ტოქსიკოზით იტანჯებოდა, არც დემნას აკლებდა წამებას და უნდოდა თუ არა, ისეთ რაღაცებს იგონებდა, შუაღამისას, მთელი ქალაქი რომ მოეტარებინა და ძლივს ეშოვა. ისე ერთობოდა, ვერაფრით ამბობდა ამაზე უარს. სიცილს ძლივს იკავებდა, დაღლილს რომ აღვიძებდა და სახეზევე ეწერებოდა კაცს, ძილის გაგრძელებას რომ ვეღარ ეღირსებოდა. ეცოდებოდა კიდეც, მაგრამ ისე სიამოვნებდა მისი ზრუნვა, ჭკუიდან გადადიოდა.
ხერგიანი კი, ამ ყველაფრის მიუხედავად, უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობდა სამსახურში. ერთი საფეხურიდან მეორეზე ადიოდა, ცივსისხლიანი სიმშვიდით ლახავდა დაბრკოლებებს, აუღელვებლად იგებდა პროცესებს, გაღიმებული იღებდა შექებებს და არავინ იცოდა, რამხელა შრომა იდო რეალურად ამ ყველაფერში. არაფერი ყოფილა მის ცხოვრებაში მარტივად. არც ერთი დეტალი. შეეძლო ღამე გაეთენებინა, ჭამაზეც კი უარი ეთქვა დროის სიმცირის გამო, მაგრამ სასურველისთვის მაინც მიეღწია. ვერ დაუშვებდა, ამდენი წვალებით მიღწეული, უყურადღებობით და სიზარმაცით დაეკარგა.
არც ელენესთან წუწუნებდა. უსიტყვოდ უსრულებდა ყველაფერს და შეიძლება მაზოხიზმში გადასდიოდა უკვე, მაგრამ საოცრად სიამოვნებდა შუაღამისას გულამოვარდნილი სირბილი მხოლოდ იმისთვის, საყვარელი ქალი რომ გაებედნიერებინა. მთელ სხეულში უვლიდა სასიამოვნო შეგრძნება, რომ ამას მისთვის აკეთებდა. მისთვის და იმ პატარასთვის, დღითიდღე რომ უფრო რეალურად შეიგრძნობდა მის არსებობას.
ჭკუიდან გადადიოდა, მუცელი რომ ეზრდებოდა. არც ის ემოცია დაავიწყდება ოდესმე, პირველად რომ იგრძნო ლილუს გამოძრავება, დედიკოს მუცლის გავლით. არც ერთი ვიზიტი გამოუტოვებია ექიმთან. ყველგან დაჰყვებოდა, ყველა ექოსკოპიაზე, ბოლოს, ვარჯიშებზეც კი, რადგან არ უნდოდა, რამე მაინც ყოფილიყო ისეთი, რასაც მათთვის არ გააკეთებდა. არ ჰქონდა გარემოებებს მნიშვნელობა. ცოლი რომ მოჰყავდა და მამობისთვის ემზადებოდა, ისიც გაცნობიერებული ჰქონდა, ოჯახს რომ ზრუნვა, მოვლა და მიხედვა სჭირდებოდა. ახლა კი, არ აპირებდა საკუთარი პრინციპებისთვის მხოლოდ იმის გამო გადაებიჯებინა, სამსახურში რომ ზედმეტად იტვირთებოდა და იღლებოდა.
არც ის დაავიწყდება ოდესმე, შუა პროცესისას რომ აუმღერდა მობილური და სანამ უპასუხებდა, მანამდევე დაასხა ცივმა ოფლმა. ბოლო თვეში იყო უკვე ელენე და ზუსტად იცოდა, შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს დაერეკა. თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა, ასეთ დროს მარტოს რომ ტოვებდა და სამსახურში დადიოდა, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო, ორივემ კარგად იცოდა და არც კამათობდნენ ამ თემაზე.
– ბატონო მოსამართლევ, აუცილებლად უნდა ვუპასუხო! – მიაყარა აღელვებულმა და ნაჩქარევად რომ გავიდა დარბაზიდან, იმ წამების განმავლობაში, სანამ სენსორს თითს გადაუსვამდა, უკვე იცოდა, რისი მოსმენაც მოუწევდა.
– სასწრაფოდ მოიგე პროცესი და წამოდი, თორემ შენი შვილი უკვე აღარ ითმენს! – გამწარებულმა ჩასძახა ლენამ, როგორც კი მისი „ბატონო“ გაიგონა. ისეთი გაუსაძლისი იყო ტკივილი, თავსაც ვეღარ აკონტროლებდა უკვე და მუცელზე ხელმოკიდებული, წინ და უკან მიმოდიოდა ქოთქოთის თანხლებით.
– სასწრაფოს უკვე დაურეკე? ვამთავრებ, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები, არ ინერვიულო, შენთან ვარ! – და ხერგიანის სიმშვიდეც სადღაც აორთქლდა, სიტუაციის სიმძაფრე რომ გაიაზრა.
– სასრაფოს კი არა, შენ დაგირეკე. არ გავყვები მე იმათ!
– რა? – ეგონა მოესმა. ისე ჩაეცინა, ვერც კი მიხვდა, შოკური რეაქცია უფრო იყო ეს თუ გულწრფელად ეცინებოდა მის სიჯიუტეზე.
– რა რა, შენ გელოდები, მიდი მალე!
– ელენე...
– ხომ იცი, რომ არ მოგისმენ. გელოდები! – თუმცა, უტეხი იყო მაჩაბელი და მართლაც, თვითონაც არ იცოდა როგორ, მაგრამ მაინც გაძლო, სანამ გადარეული ქმარი არ შევარდა სახლში.
მთელი გზა იმაზე ჩხუბობდნენ, როგორ გარისკა ასე ძალიან და დაელოდა. ტკივილის მიუხედავად, მაინც ვერ ისვენებდა. არც ლაპარაკს წყვეტდა, პირიქით, თვითონვე დაურეკა ყველას, მშობლებით დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული, შამპანურები იყიდეთ და სამშობიაროში მოდითო. წამიერად, ლამის ეჭვიც კი შეეპარა დემნას, მართლა სტკიოდა თუ არა.
მშობიარობაზე რომ არავის დაისწრებდა, არც ქმარს და არც დედას, ეს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. რამდენჯერმე კი შესთავაზა ხერგიანმა, შენთვის თუ უკეთესი იქნება, მე პრობლემა არ მაქვსო, მაგრამ ამ საკითხშიც ისეთი ჯიუტი გამოდგა, ერთხელ რომ თქვა უარი, აღარც კი განიხილავდა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს. სულ იმას იმეორებდა, ეგღა მაკლია, თმაგაწეწილი, ბოლო ხმაზე აკივლებული და შეშინებული მნახოო. თან ეცინებოდა, ვერ ეღირსები ჩემი სისუსტის დანახვასო და ამ ყველაფერს ისე გულწრფელად აკეთებდა, ვერც კი იფიქრებდით, რეალურად თუ ისევ დემნას ფსიქიკას უფრთხილდებოდა.
ექთანმა რომ გოგოს მამობა მიულოცა, ეგონა, დედამიწა შეირყა. არასდროს ჰქონია ისეთი მძაფრი ემოცია, როგორიც მაშინ. უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, როგორმე გამოეხატა ემოცია და დაცლილიყო, რადგან ფიზიკურად აღარ შეეძლო ამდენის დატევა. ვერც ცრემლები შეიკავა. სულ არ აინტერესებდა, რამდენი ადამიანი ეხვია გარშემო, სისუსტედ ჩაუთვლიდნენ თუ გულწრფელ ემოციად, რომ არ გამოეხატა, მოკვდებოდა ალბათ. მთელი გააზრებული ცხოვრება ელოდა ამ წუთს, მაგრამ მაშინდელმა შეგრძნებებმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი.
და შემდეგ პერიოდშიც ბედნიერებით იტანდა ყველაფერს. შუაღამისას ბავშვის ტირილს, მასთან ერთად ატირებულ ელენეს, ყოველი ფრჩხილის წამოტკიებაზეც კი ექიმებთან სირბილს. ზედმეტად ფრთხილი დედა იყო ლენა და შეეძლო, საათობით ენერვიულა იმაზე, იმ დღეს ლილუმ ხუთი წუთით მეტი ან ნაკლები თუ ითამაშა. იმასაც ხვდებოდა, ზოგჯერ ძალიან რომ აჭარბებდა, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო და ყველაზე მეტად კი ის ახარებდა, დემნა ამ ახირებებშიც რომ უგებდა.
უფრო იტვირთებოდა სამსახურში, ოფისის გარეშე, კერძო შეკვეთებიც ბევრი ჰქონდა, შუაღამისასაც დასჭირვებია საქმეზე გავარდნა, მაგრამ ყურადღება მაინც არასდროს მოუკლია. და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს დღევანდელი გადმოსახედიდან, არც მაშინ, როცა მათ ცხოვრებაში ის დაწყევლილი საქმე გამოჩნდა.
წლისაც არ იქნებოდა ლილუ. მისაღებში, ტელევიზორის წინ რბილი დასაფენი ჰქონდათ გაშლილი და მთელი სათამაშოების მარაგი ზედ გაფენილი. სამსახურით დაღლილსაც კი არ ეზარებოდა შვილთან თამაში და ალბათ, მის დაძინებამდე არც შეწყვეტდა ამ პროცესს, ტელევიზორში საინფორმაციოს საგანგებო გამოშვების დაწყების ხმასთან ერთად, მისი მობილურიც რომ არ ამღერებულიყო გაუჩერებლად.
ვერაფრის თქმა მოასწრო ელენესთვის. სასწრაფოდ დაავლო პიჯაკს და გასაღებებს ხელი, ნაჩქარევად აკოცა ცოლ-შვილს, ალბათ, გვიან დავბრუნდები და ნუ დამელოდებიო, უკვე კართან მისულმა მიაძახა და შემდეგ ისე გავარდა, გაოგნებული დატოვა ბავშვთან. რა საქმე არ ჰქონია, როგორი მნიშვნელოვანი, რა დროს არ დაურეკავთ, მაგრამ ასე გავარდნილიყოს, ჯერ არ ახსენდებოდა. ვერც კი მიხვდა მაშინ, იმ მომენტში თუ დაიწყო ყველაფერი. ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლებოდა შემთხვეოდათ. ცალი ყურით უსმენდა ტელევიზორს და ალბათ, არც მიაქცევდა ყურადღებას წამყვანის სიტყვებს, ის გვარი რომ არ მოესმინა, დემნასგანაც არაერთხელ რომ ჰქონდა გაგონილი.
– დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საკუთარ კაბინეტში გაურკვეველ სიტუაციაში ნაწამები და მოკლული იპოვეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, არამარტო საქართველოში წარმატებული, მრავალი კომპანიისა და ფირმის მფლობელი, მულტიმილიონერი ამირან ზვიადაური. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ასმეცხრე მუხლით, განზრახ მკვლელობით დამამძიმებელ გარემოებაში. ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტთა და კრიმინოლოგთა ჯგუფი მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია უშუალო ეჭვმიტანილის დასახელება. დარჩით ჩვენთან, უახლოესი ინფორმაციის მისაღებად!
* * *
დიდხანს აღარ გაჩერებულან ლიფტში. არც ხმა ამოუღიათ მეტად. უსიტყვოდ იტანდნენ ამ სულისშემკვრელ სიჩუმეს და ვერც ერთი ახერხებდა რამის თქმას მეორის გასამხნევებლად. უფრო მეტიც, ხელოსანმა რომ კარი გაუღო, ისეთი სახით გავიდა ხერგიანი, ლენა მაშინვე მიხვდა, ახლა რომ მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი სჭირდებოდა. მიხვდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინა!
– დემნა... – ძლივს წამოეწია მანქანასთან მისულს. – მოიცადე!
– არაფერი მითხრა, – შეაწყვეტინა სწრაფად. – გთხოვ.
– ხომ იცი, რომ...
– ელენე, მე კი არა, ორივემ კარგად ვიცით, ყველაფერი ჩემ გამო რომ მოხდა და ძალიან გთხოვ, ახლა მხოლოდ სიბრალულის გამო არ გინდა საწინააღმდეგოს მტკიცება.
– სიბრალულის?! – ისე გახედა, აშკარად აგრძნობინა, საერთოც რომ არ ჰქონდა ამ გრძნობას იმასთან, რასაც რეალურად განიცდიდა. – შენ გგონია, რომ მებრალები და იმიტომ...
– ლენ, არ გინდა... შეიძლება უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია იმაში, რაც მოხდა, მაგრამ ეს ჩემ გამო გააკეთეს და აზრი არ აქვს ახლა სხვას არაფერს.
– არც ვაპირებ იმის თქმას, რომ სხვანაირად იყო! – უპასუხა მოულოდნელად. – შენ თვითონაც იცი, რომ სწორედ ამის გამო არ შემეძლო შენთან ყოფნა. არ შემეძლო მეყურებინა შენთვის და ხელახლა არ მეგრძნო ის ტკივილი, რაც მაშინ. არ შემეძლო თვალი დამეხუჭა იმაზე, რომ შენმა სიჯიუტემ შეიწირა ჩვენი შვილი და ლამის მე და ლილუც! არ შემეძლო, მაგრამ არც შენი სიყვარულის გულიდან გაქრობა და შენ გარეშე სუნთქვა აღარ შემიძლია! – მიაყარა გამწარებულმა. ვეღარ ახერხებდა მეტის გაძლებას, თვითონაც კარგად იცოდა ყველაფერი, ისიც, თვითონვე რომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ალბათ, წარსულში რომ დაბრუნებულიყო, არც არაფერს შეცვლიდა, თუმცა ახლა გრძნობდა, რომ აუცილებლად უნდა ეთქვა ეს სიტყვები.
– როგორ ახერხებ? – ამოთქვა ხმაჩამწყდარმა.
– რას? – ვერ მიუხვდა.
– როგორ ახერხებ, ისევ გიყვარდეს კაცი, რომელმაც შვილი მოგიკლა? – გაეღიმა მწარედ, თუმცა მის თვალებს არაფერი ეტყობოდა ღიმილის. ორი წლის განმავლობაში, პირველად იგრძნო ახლა დანაშაულის სიმძიმე და სუნთქვასაც კი ვეღარ ახერხებდა წესიერად. აქამდე იყო მხოლოდ ბრაზი, სიმწარე, შურისძიების სურვილი. იყო დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია და იმის ცოდნა, რომ სინდისი სუფთა ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად, ტკივილთან ერთად იმასაც გრძნობდა, თვითონ რომ არ იყო გასვრილი და შურისძიება ახრჩობდა. ახლა კი... ახლა ერთიანად დააწვა ყველა ცოდვა და უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, თვითონ გაუფუჭა თუ არა ელენეს მანქანას მუხრუჭები. იმასაც აზრი ეკარებოდა, სიმართლის გარკვევის და სამართლიანობის აღდგენის გამო რომ არ ნებდებოდა. ყველაფერს დაეკარგა აზრი საერთოდ. საქმესაც, რომელსაც იძიებდა, გამოძიებასაც, იმ დანაშაულსაც, რომლის ჩამდენის დასაჭერადაც წვალობდა ამდენს. შედეგი იყო მთავარი, ფაქტი, რომელსაც ვერ შეცვლიდა. ფაქტი კი, ჯიუტად იმეორებდა იმას, მათი შვილი საკუთარი სიჯიუტის გამო რომ შეიწირა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რით იყო გამოწვეული ეს სიჯიუტე.
– ალბათ, იმის დახმარებით, რომ მის თვალებში ყოველ დღე, ყოველ წამს, სიყვარულთან ერთად, ტკივილსა და იმ დანაშაულის გრძნობას ვხედავ, თვითონაც რომ ვერ ამჩნევდა აქამდე. – წამითაც არ მოუშორებია მზერა, ისე უთხრა და სახეზე მოკიდა ორივე ხელი, თავი რომ არ გაეტრიალებინა. – დემნა, შვილი მხოლოდ მე არ დამიკარგავს. შენც დაკარგე. მათ დაგვაკარგვინეს! და რამხელაც უნდა იყოს შენი ბრალი ამ ყველაფერში, უკვე იმაზე მეტად დაისაჯე, ვიდრე დააშავე. არ შემიძლია, გესმის?! აღარ შემიძლია შენ გარეშე ყოფნა, შენ გარეშე თუნდაც ერთი წუთის გატარება. გადავლახავ! აუცილებლად გადავლახავ იმ ღამეს, შევძლებ, რომ გაგამართლო. მაგრამ იმას ვერ ავიტან, ყველაფერთან ერთად, შენც რომ დაგკარგო და მაშინ თუ გადავრჩი, ახლა უეჭველად მოვკვდები. ლილუს კი, ერთმანეთზე შეყვარებული კი არა, ერთად მყოფი მშობლები სჭირდება გვერდით!
– აუცილებლად ვიპოვი იმას, ვინც ეს გააკეთა... – შუბლი შუბლზე მიადო და ისე ჩაილაპარაკა. თვალს მაინც ვერ უსწორებდა. თითქოს, ადგილები გაცვალეს. აქამდე თუ ელენე ყოველი შესაძლებლობისას ახსენებდა ჩადენილს, დემნა კი სიყვარულის სახელით ცდილობდა ყველაფრის გამართლებას, ახლა უკვე პირიქით იყო და ხერგიანს აღარ შეეძლო დანაშაულით დამძიმებული სულით მის გვერდით ყოფნა.
– ვიცი... მაგრამ გთხოვ, ახლა მაინც იყავი ფრთხილად.
– ლენა, უნდა წახვიდეთ! – მოშორდა მოულოდნელად. ისეთი სახით შეხედა, აშკარა იყო, წამიერად მიიღო გადაწყვეტილება და ახლა ესღა ესახებოდა ერთადერთ ჭეშმარიტ გზად.
– რა? სად უნდა წავიდეთ?
– აქედან უნდა წახვიდეთ! არ ვიცი, სადმე, თუნდაც გერმანიაში! ვეღარ გავრისკავ მეტად, ვერ ვიმოქმედებ თავისუფლად, როცა მეცოდინება, რომ თქვენზე მობჯენილი იარაღის სასხლეტს შეიძლება ნებისმიერ წამს გამოჰკრან თითი.
– ხომ იცი, რომ ამას არ გავაკეთებ?
– უნდა გააკეთო! ვერ ვიქნები თქვენთან მანამ, სანამ დამნაშავეს არ დავსჯი. ვერ მოვისვენებ, გესმის? ვერ შევძლებ მშვიდად სუნთქვას, სანამ ის ნაბიჭვრები თავისუფლად დააბიჯებენ, ვინც ეს ყველაფერი დაგვმართა.
– ისინი ჩვენ აღარ შეგვეხებიან, დემნა. აღარ ვართ ერთად და მათთვის ისაა მთავარი, რასაც ხედავენ, სულ არ აინტერესებთ, რა არის სინამდვილეში, ასე შორს ყოფნის მიუხედავად.
– ვერ გავრისკავ...
– არც გთხოვ გარისკვას. უბრალოდ, ისევ ისე გააგრძელე ყველაფერი, როგორც ამას აქამდე აკეთებდი. შეიძლება ორი წლის წინ სხვანაირად ვფიქრობდი, შენი დანახვაც კი არ მინდოდა, არ შემეძლო ისე გამაგრძელებინა შენთან ერთად ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ ახლა იმავე შეცდომას ვეღარ დავუშვებ. ვეღარ დაგტოვებ მარტო, შენ კი არა, საკუთარ თავსაც ვერ დავტოვებ უშენოდ. და გახსოვდეს, რაც უნდა მოხდეს, ნებისმიერ სიტუაციაში შენ გვერდით ვიქნები! არ მოგცემ უფლებას, მხოლოდ შენს მხრებზე გადაიაროს იმ ტკივილმა, რამაც ორი წელია მე ბოლო მომიღო! მიყვარხარ და ვერც ერთი სხვა გრძნობა ვეღარ მოახერხებს, ამაზე უარი მათქმევინოს!
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი