ეს გოგონა, ფოტოებიდან თბილად რომ გვიღიმის, ანი ზაქაიძეა. 20 წლის. ფეხბურთელი... ფეხბურთელი? დიახ, ფეხბურთელი!
თან, ისე უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი! ქალთა ნაკრების, რა თქმა უნდა. პოზიცია? მარჯვენა მცველი.
ცხადია, ახლა ლოგიკურ-ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ: რატომ დაინტერესდა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშით საავტომობილო ჟურნალი?
საქმე იმაშია, რომ ანი ზაქაიძე სერიოზული ავტომოყვარულია და სანამ ფეხბურთელი გახდებოდა, ავტოსპორტზე ფიქრობდა, მაგრამ ავტოსპორტი ისეთია, სანამ კარგად არ წამოიზრდები და მართვის მოწმობას არ აიღებ, სერიოზულად ვერ ივარჯიშებ, ფეხბურთის თამაშს კი ბავშვობიდან იწყებ.
"ავტომობილის მართვა მამამ მასწავლა და ბავშვობაშივე დამსვა საჭესთან. რა თქმა უნდა, ქალაქში არა. უფრო ქალაქგარეთ, სადაც ბევრი მანქანა არ იყო. ყოველდღე ვეხვეწებოდი, ზოოპარკში და ვაკის პარკშიც სულ მანქანებზე ვჯდებოდი და ამიტომაც მასწავლა. დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი, როცა მანქანა უკვე სერიოზულად მანდო - მამა ნასვამი იყო და მე წამოვიყვანე", - გვითხრა ანიმ.
ახლა უკვე 20 წლისაა და მართვის მოწმობაც აქვს, მაგრამ საკუთარი ავტომობილი ჯერ არ ჰყოლია. ძირითადად, თავისი დის ან მეგობრების ავტომობილების საჭეს უზის ხოლმე: "ბავშვობაში, ფეხბურთელობასთან ერთად, ავტომრბოლელის კარიერაზეც ვოცნებობდი და, შესაბამისად, სპორტული მანქანები მიყვარს. მომწონს ყველანაირი სპორტული ავტომობილი, საავტომობილო მაკრებიდან კი უპირატესობას "მერსედესს" ვანიჭებ. ჭკუა მეკეტება ახალ AMG GT-ზე, ძალიან მომწონს Mercedes C63 AMG, ვგიჟდები CLS-ზე და მოკლედ, ყველა "მერსედესი" ძალიან მიყვარს", - ანი ზაქაიძე "მერსედესის" სერიოზული ფანია. იქვე ამბობს, რომ BMW-ს საჭესთანაც მჯდარა და ბავარიულ მარკასაც დიდ პატივს სცემს, მაგრამ პირადად "მერსედესი" ურჩევნია. ეს უკვე გემოვნების ამბავია.
იხილეთ სტატია სრულად: autobild.ge