21-ე საუკუნეში ქალთა უფლებებს, აქციებზე ბევრად უკეთ კონკრეტული, ცხოვრებისეული მაგალითები იცავს. ასეთი მაგალითი ეს 18 წლის გოგონაა ბულგარეთიდან - მისი სახელია მარი სლავოვა, იგივე - Girl Queen Mary.
მარი უკვე ჩემპიონია - მან ბულგარეთში, Red Bull BC One-ის ნაციონალურ ტურში პირველი ადგილი მოიპოვა და გახდა პირ-ველი ქალი, რომელიც ბრეიქინგის მსოფლიოში სახელგანთქმული ტურნირის ფინალში გასვლის შესაძლებლობა მოიპოვა.
მარი 6 ენას ფლობს, ექიმობაზე ოცნებობს, დღეში 4-5 საათს ვარჯიშობს და გვიმტკიცებს, რომ კეთილი, ბავშვური ღიმილის უკან მტაცებელს, აგრესიულ მხეცს მალავს, რომელსაც მის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. მხეცებზე და მტაცებლებზე შეგვიძლია ვიდაოთ, თუმცა, ამ გოგონას სიძლიერეში და ნიჭიერებაში ეჭვს ცოტა თუ შეიტანს.
-როგორ გგონია, ქალისთვის რთულია ბრეიქინგის ცეკვა?
-რთულია, ყველას უნდა დაუმტკიცო, რომ შენც შეგიძლია. არ სჯერათ, რომ გამოგივა, რადგან ქალი ხარ. მაგრამ მათი სიტყვები ვერ შემაჩერებს. როცა რამე მინდა, ვაღწევ. რა თქმა უნდა, რთულია, იგივე ილეთები ქალის სხეულმა შეასრულოს. თუმცა, თუკი მართლა გინდა იმუშაო და გამოგივიდეს, მაშინ ყველაფერს შეძლებ. ფიზიკური წინაღობა არ არის ისეთი რთული, როგორიც მენტალური. როდესაც შენი სხვებსაც სჯერათ, მეტი ძალა გაქვს, მეტ ენერგიასა და პასუხისმგებლობას გაძლევს, რომ შენი საქმე გააკეთო.
-რა გრძნობაა, როცა ჩემპიონი ბი-გერლი ხარ?
-ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო და ახლა უფრო რთულია, ვიდრე ადრე იყო. რა თქმა უნდა, პოპულარობა სასიამოვნოა, მაგრამ სხვა დანარჩენი უფრო რთულია.
-როგორ მოახერხე გამარჯვება?
-ამაზე მეც ვფიქრობდი. შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი ილეთი ვიცი. ზოგიერთი მოძრაობა მუსიკასთან ძალიან კარგად შეხამდა და მგონი, მიზეზიც ესაა. ვფიქრობ, იმის ბრალიცაა, რომ დიდი ენერგია გავეცი. ჩემ შიგნით მტაცებელია, რომელსაც შეუძლია ოპონენტი მოკლას, თუმცა, გარეგნულად ვიღიმი და პოზიტიური ვარ. ეს მტაცებელი გასამარჯვებლად ენერგიას მაძლევს, მაგრამ საზოგადოება მხოლოდ დადებითს ხედავს.
-მართლა დიდი ენერგია გაქვს, ყველა გრძნობს შენ პოზიტივსა და ძალას...
-ეს დიდი შრომის დამსახურებაა. ღიმილი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მაყურებელი გყავს. ყველა გიყურებს, მოწინააღმდეგეც. იცინი, თუმცა, შიგნით აგრესია გაქვს. შინაგანი სიბრაზე ენერგიასა და ძალას გაძლევს. ამ ბრაზს ვერავინ ხედავს, იმიტომ, რომ სულ ვიცინი. თუმცა, მტაცებელი ჩემ შინგით რჩება.
-მზეთუნახავისა და ურჩხულის ისტორიასავითაა ხომ?
-ზუსტად! გარედან - მზეთუნახავი, შიგნიდან კი - ურჩხული.
Red Bull BC One მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბრეიქინგის ჩემპიონატია. მან სტარტი 2004 წელს აიღო, საქართველოში კი 2011 წლიდან ტარდება. წელს თბილისი უკვე აღმოსავლეთ ევროპის ფინალს უმასპინძლებს. შაბათს, 5 სექტემებრს, საღამოს 9 საათზე ცირკის შენობაში მაყურებლის წინაშე ბულგარეთს სწორედ მარი სლავოვა, იგივე Queen Mary წარადგენს.
-სოფიაში მოგების იმედი გქონდა?
-სულაც არა. თუმცა ვარჯიშის დროს ჩემი ჯგუფის წევრებს სულ ვეუბნებოდი,. "მოვიგებ! ბი-ბოებს ვაჩვენებ, რაც შემიძლია!". ვხუმრობდი, თუმცა, მართლა ასე მოხდა და ძალიან გამიკვირდა. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველა და ყველაფერი ძალიან პოზიტიური იყო, დიდი ენერგია მომანიჭა.
-შეჯიბრებისთვის როგორ ემზადებოდი? რამდენად ხშირად ვარჯიშობდი?
-ძალიან ხშირად ვვარჯიშობდი. ბევრი ილეთი მოვამზადე და გამოვიყენე, თუმცა, უმეტესწილად, ეს მაინც იმპროვიზაცია იყო. შეჯიბრების წინაც ვემზადებოდი, ზოგადად, დღეში 4-5 საათს ვვარჯიშობ. თუკი ძალიან გამოფიტულად ვგრძნობდი თავს, ერთდღიან შესვენებას ვიღებდი. ზოგჯერ მხოლოდ მარტივ სავარჯიშოებს ვასრულებდი - ფეხებს ვავარჯიშებდი, ტოპროკს ვხვეწდი. თუმცა, ყველაფერი გავაკეთე, რომ საუკეთესოდ წარმოვჩენილიყავი.
მარი სლავოვა სკოლის მოსწავლეა, სამომავლოდ კარიერის გაგრძელება, რა თქმა უნდა, B-Girling-ის პარალელურად, სამედიცინო სფეროში სურს.
-ბი-გერლობასთან ერთად, მოსწავლეც ხარ, არა?
-მართალია, სკოლაში დავდივარ, ბოლო კლასში ვარ. მომავალ წელს უნივერსიტეტში ჩავაბარებ, მინდა, მედიცინა ვისწავლო ლიონის უნივერსიტეტში. ვნახოთ, თუ გამომივა.
-ცეკვა როდის დაიწყე?
-ათი წლის ვიყავი, როდესაც ლათინურ ცეკვებსა და ვალსს ვსწავლობდი, ოთახიდან გამოვედი და მეორე ოთახში დავინახე ბრექინგში რომ ვარჯიშობდნენ. ამ ყველაფერმა მომხიბლა, მუსიკა მომეწონა და შემიყვარდა. მეორე დღეს ბრეიქინგში დავიწყე მომზადება, მგონი, 2007 წლის 18 ნოემბერი იყო.
-ბი-გერლებისთვის რაიმე რჩევა თუ გაქვს?
-არასოდეს დანებდეთ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ გაიგებენ, რომ დღეისათვის მამაკაცები და ქალები თანაბარნი ვართ, თუმცა, ახლა უკვე შეგვიძლია ბი-ბოებს შევეჯიბროთ. იმედი მაქვს, ჩემი გამარჯვება ბევრ ბი-გერლს მოტივაციას მისცემს და აჩვენებს, რომ გამარჯვება მათაც შეუძლიათ. ასე რომ, იბრძოლეთ! და არასოდეს დანებდეთ!