რას გულისხმობს პლასტიკური გინეკოლოგია, რა სახის გინეკოლოგიური პრობლემები ექმნებათ ქალებს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, რა პრობლემის შემთხვევაში და რომელი ასაკიდან შეგვიძლია მოზარდი მივიყვანოთ პლასტიკური გინეკოლოგიის სპეციალისტთან - ამ და სხვა დელიკატურ საკითხებზე პლასტიკური გინეკოლოგი თამთა ჯაფარიძე გვესაუბრება.
- თავდაპირველად გვითხარით, რა არის პლასტიკური გინეკოლოგია?
- პლასტიკური გინეკოლგია ესთეტიკური მედიცინის სფეროა, რომელსაც ინტიმური პრობლემების გადაწყვეტით შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს და გააუმჯობესოს ქალის ცხოვრების ხარისხი. ყველა ქალბატონს სურს გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ჰარმონიულად, მიიღოს სქესობრივი ურთიერთობისგან მორალური და ფიზიკური კმაყოფილება. ზუსტად ამიტომ, სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის შეცვლა ინტიმური პლასტიკის მეშვეობით, თანამედროვე ქალბატონებში ძალიან პოპულარულია.
- ალბათ ძირითადად მშობიარობის შემდეგ მოგმართავენ. რა სახის გინეკოლოგიური პრობლემები ექმნებათ ქალებს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
- მოგეხსენებათ, შორისის კუნთოვანი სისტემა ქალის ჯანმრთელობისა და ინტიმური ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მენჯის კუნთოვანი სისტემა საყრდენს უქმნის მუცლის ღრუს ორგანოებს, ამასთანავე მონაწილეობს განაყოფიერებაში, ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობის პროცესში. შორისის კუნთების გაწელვა, ნახეთქების გაჩენა და ელასტიკურობის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, რადგანაც ხშირად რეპროდუქციულ სისტემასთან ერთად ზიანდება "მეზობელი ორგანოები", სწორი ნაწლავი და შარდის ბუშტი. კუნთოვანი სისტემის დაზიანებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ტრავმა, გაძნელებული მშობიარობა. მშობიარობის შემდეგ ხდება შორისის კუნთების გაჭიმვა, რის გამოც საშო ფართოვდება. შედეგად ქალს უჩნდება პრობლემები სექსუალური ურთიერთობის დროს. ტრავმული ან დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ხდება საშოს კედლების დაწევა, რასაც თან ახლავს არა მარტო პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში, არამედ ტკივილებიც.
საშოს პლასტიკა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საშოს დაჭიმვა და პირველადი ფორმის დაბრუნება, მიმდებარე ქსოვილების აღდგენით და ზედმეტის მოცილებით ხდება საშოს დიამეტრის შემცირება. განაკვეთის კეთდება შესაბამის ადგილას, ზედმეტი კუნთოვანი ქსოვილი იჭიმება ან მოკლდება. საშოს შესავლის დიამეტრიც დაპატარავდება საშოს ლორწოვანი გარსის შემცირებით, შესაძლებელია ზედმეტი კანის მოცილებაც. ოპერაცია სპინალური ან ინტრავენური ნარკოზით ტარდება. პროცედურის ხანგრძლივობა 1-2 საათია. პაციენტი ერთი დღე რჩება კლინიკაში და შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. გართულებების რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ არასწორად გაკეთებულმა ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია და სისხლდენა.
- მოზარდი გოგონები თუ მოგმართავენ, რა პრობლემები აქვთ მათ?
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge