უბრალოდ, როცა იმის საშუალება არ გაქვს, რომ ორსულ ცოლს პროდუქტი ან წამალი უყიდო, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? ეს რომ მცოდნოდა, ცოლად მართლა არ გავყვებოდი.
თამუნა მუსერიძე საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო. ჯერ "პირველი არხის" ეთერში მიჰყავდა გადაცემა "საწინდარი", შემდეგ ასევე ტელეწამყვანად მუშაობდა "პირველ სტერეოში", შემდეგ - "იმედში", ახლა კი ერთდროულად მუშაობს რადიო "აფხაზეთის ხმასა" და ტელეკომპანია "პირველ არხზე", სადაც გადაცემა "ჩვენი დილა" მიჰყავს.
თამუნა ორჯერ იყო დაოჯახებული, ორჯერვე პოპულარულ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან მალე გაშორდა... - დილის 5 საათზე ვდგები და ტელევიზიაში მივდივარ, საღამოს კი რადიოეთერი მაქვს, რომელიც ღამის სამ საათამდე გრძელდება. ფაქტობრივად, არ მძინავს, მაგრამ ღვთის წყალობით, სამსახური მაქვს.
- რადიო "აფხაზეთის ხმაში" მიგყავს გადაცემა "თეთრი ღამეები", სადაც ერთმანეთს აცნობ ახალგაზრდებს. მათგან თუ დაოჯახებულა რომელიმე?
- რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მსმენელი ორსულადაცაა. მოკლედ, სასიკეთო საქმეს ვაკეთებ. თამამამდ შემიძლია ვთქვა, რომ გაცნობის და დაოჯახების ცენტრი მაქვს გახსნილი (იცინის).
- ბევრს მიაჩნია, რომ პოპულარობა ცნობილი მომღერლისა და რადიოწამყვანის, აჩი ფურცელაძის ცოლობამ მოგიტანა.
- თავდაპირველად ჩემზე ჟურნალისტები წერდნენ, აჩი ფურცელაძის ყოფილი მეუღლეო, რასაც ძალიან განვიცდიდი. აჩიც მეუბნებოდა, ხომ ხედავ, საზოგადოება როგორც ჩემ ყოფილ ცოლს, ისე გიცნობსო. ერთხელ ვუპასუხე, დრო მოვა და ჟურნალისტები შენზე დაწერენ, თამუნა მუსერიძის ყოფილი ქმარი-მეთქი და მართლაც დადგა ეს დრო (იცინის).
- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს აჩისთან?
- ნორმალური. მას ცოლი ჰყავს და თავისი ცხოვრება აქვს. მე და აჩის ერთი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, ცოლად გავყევი და თვე-ნახევარში დავშორდი. აჩის რომ დავშორდი, ერთი კვირის განმავლობაში ლოგინში ვიწექი, თუმცა ცრემლი არ მიღვარღვარებია. უბრალოდ, გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ყველაფერი ავწონ-დავწონე, ავდექი და ჩვეულებრივ რიტმში განვაგრძე ცხოვრება.
- ამბობენ, თამუნას აჩიმ ყოფილ შეყვარებულთან უღალატაო.
- ფაქტს არ შევსწრებივარ, მაგრამ აჩის ტელეფონში ისეთი SMS-ები აღმოვაჩინე, რომ... თავის ყოფილ შეყვარებულთან კავშირი რომ ჰქონდა, არც მიმალავდა. არ ვიცი, მიღალატა თუ არა, მაგრამ რომ შეხვდა, აღიარა. ის გოგო, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდა, აჩის ძალიან უყვარდა.
როდესაც ჩვენ შეუღლებულები ვიყავით, საქართველოში ცოტა ხნით ჩამოვიდა და აჩიც შეხვდა. რომ ეთქვა, უნდა შევხვდეო, გავუგებდი, მაგრამ ტყუილი ვერ ავიტანე და დავშორდი.
- უამრავი ჭორი მსმენია შენზე.
- თანაც, სულ სასიყვარულო ჭორებს მიგონებენ. ამბობდნენ, რომ მე და მომღერალ მამუკა ონაშვილს რომანი გვქონდა, არადა, მამუკა ჩემი და აჩის მეჯვარე იყო, ჩემსა და კოტიკო თოლორაიაზეც ჭორაობდნენ, არადა, მე და კოტიკო ერთად ვართ გაზრდილები. გარდა ამისა, მომიგონეს, ბავშვი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარაო, ანუ ვითომ ორი შვილი მყავს ერთი - უპატრონო ბავშვთა სახლში, მეორე - შინ.
თავდაპირველად ძალიან განვიცდიდი, ვარკვევდი, ვინ მოიგონა ეს ჭორები, ვინ გაავრცელა, შემდეგ ჭორიკნებს ვხვდებოდი, ვურჩევდი საქმეს. ერთ გოგოს თმაც კი შევჭერი, თუმცა ეს ძალიან ადრე იყო და ახლა ასეთი რამ აღარ დამემართება. მივხვდი, რომ ჭორებზე ნერვიულობას აზრი არ აქვს.
- აჩისთან დაშორების შემდეგ ცოლად გაჰყევი გუფის, იგივე გურამ მაკალათიას, რომელიც დრამერია და მონაწილეობს გადაცემაში "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად".
- აჩისთან დაშორებიდან სამი წლის შემდეგ ცოლად გუფის გავყევი. ერთმანეთს 15 წელი ვიცნობდით. მეგონა, რომ გუროს და მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, ვიდრე ადამიანთან გარკვეული პერიოდი არ იცხოვრებ, ცოლად არ უნდა გაჰყვე.
სხვაგვარად ვერაფრით მიხვდები, რეალურად როგორი ადამიანია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთად არ იღვიძებთ. იქნებ ახალგაღვიძებულს საშინელი ხასიათი მაქვს, იქნებ ღამით ვხვრინავ, რაც ჩემს მეორე ნახევარს არ სიამოვნებს. არადა, რამდენჯერ უნდა გავთხოვილვიყავი, ეს რომ გამეგო (იცინის)? ანუ ასეთ შეცდომას არასოდეს დავუშვებ.
- როდის მიხვდი, რომ გუფი ის არ იყო, ვინც მანამდე გეგონა?
- გურო ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა და სწორედ ეს მომწონდა. სასწაულ, ორიგინალურ სიურპრიზებს მიწყობდა და მხოლოდ მე კი არა, დედაჩემს და ჩემს მეგობრებსაც აგიჟებდა. არ ვიცი, როგორ მოახერხა და ამდენი ადამიანი როგორ "დაგვაბოლა". როდესაც გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით, წინა დღეს გადავიფიქრე და ჩემს ოთახში ჩავიკეტე, გურო კი გარეთ მელოდებოდა. ჩემმა მეგობრებმა კარი შემომიმტვრიეს, - გაგიჟდი, რას აკეთებ, ასეთ ადამიანს სადღა იპოვიო?
შეიძლება, წინათგრძნობა იყო, რომ არც ეს ქორწინება გამიმართლებდა. ახლა უკვე ბევრ რამეს ვხვდები და ვინ უნდა შემხვდეს ცხოვრებაში, რომ მომატყუოს. გურომ კი ყველაფერი მომატყუა.
- რა მოგატყუა?
- როდესაც ადამიანი გიყვარს, მისი ფინანსური მდგომარეობა არ უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ როდესაც ოჯახს ქმნი, ცოტაოდენი ფული ხომ მაინცაა საჭირო?! რომ მცოდნოდა, გუროს დუხჭირი მდგომარეობა ჰქონდა, ცოლად არც გავყვებოდი. ეს ადრეც ვთქვი და ცუდი კუდები გამოაბეს, თითქოს ფულს ვიყავი დახამებული.
უბრალოდ, როცა იმის საშუალება არ გაქვს, რომ ორსულ ცოლს პროდუქტი ან წამალი უყიდო, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? ეს რომ მცოდნოდა, ცოლად მართლა არ გავყვებოდი.
- მალე დაშორდით?
- შეუღლებიდან ორ თვეში. ორსულად ვიყავი. მერე შევრიგდით და ჩემს ბინაში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა თვე-ნახევარში საბოლოოდ დავშორდით. ორმა იმედგაცრუებამ მასწავლა ის, რომ საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ უნდა მქონდეს.
- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს გურამ მაკალათიასთან?
- არანაირი. ის ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანია. ჩემგან პატივისცემასაც კი არ იმსახურებს. ძალიან ცუდია, როდესაც შენი შვილის მამის მიმართ ასეთი განცდა გაქვს. ჩვენი ცოლქმრობის პერიოდში გურო რატომღაც ბუდისტი მეგონა, თუმცა მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, არ ვარ ბუდისტი, თამუნამ დამაბრალაო. თქვენი გაზეთის საშუალებით ამ "ცილისწამებისთვის" ბოდიშს მოვუხდი.
მეგონა, რომ თუ ადამიანი ბუდისტურ სანთლებს ანთებს, ბუდისტურ ლოცვებს კითხულობს, სხეულზე ბუდისტური სიმბოლო აქვს ამოსვირინგებული - ბუდისტია. კიდევ იმიტომ მეგონა გუფი ბუდისტი, რომ შინ ხატების ნაცვლად ბუდას პატარ-პატარა ქანდაკებები ულაგია და მედიტირებს. ამიტომ ბოდიში, რომ მას ბუდისტობა დავწამე.
- თქვენი შვილი რამდენი წლის არის?
- სანდრო ორი წლის და ორი თვის არის.
- მამა თუ ნახულობს?
- იშვიათად. სანდროს გარდა გუფის კიდევ ჰყავს შვილი. ჩვენი გაშორების შემდეგ შეეძინა, თუმცა ის გოგო ცოლად არ შეურთავს.
- ახლა თუ ხარ შეყვარებული?
- ვარ. ჩემი გამოსწორება არ იქნება (იცინის)! საბედნიეროდ, პოპულარული პიროვნება არ არის. თუმცა ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებთ. ირაკლი საერთო მეგობარმა 4 წლის წინ გამაცნო. ოჯახის დანგრევის შემდეგ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ავაწყვეთ ურთიერთობა.
ნინო მაისურაძე
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)