ამბობენ, რომ მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. თითქმის ყველა საკითხს ერთად განიხილავენ, შეხედულებები კი ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პირადი ისტორია, გამორჩეული მაშინ ხდება, როცა ამ სახელებს პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებ. ერთი საქართველოს პრეზიდენტია, მეორე - პირველი ლედი.
ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი საზოგადოებამ მანამდე შეამჩნია, ვიდრე მათ ცხოვრებას პროტოკოლი განსაზღვრავდა. მაკა შემოქმედი ადამიანია, ამიტომ მედიაობიექტივში დიდი ხანია, ჩანს. პრესის ყურადღების ნაკლებობას არც გიორგი განიცდიდა.
როცა მათი ცხოვრება შეიცვალა და გარკვეული ვალდებულებები წინა პლანზე გადმოვიდა, უცვლელი დარჩა ყველაზე მთავარი - ისევ ძველებურად გაეგოთ ერთმანეთისა და საზოგადოებისთვის. ასეც მოხდა.
დუშეთში, სადაც პრეზედენტის ოჯახი სახლობს, დედაქალაქისგან განსხვავებით, ცხოვრების სულ სხვა რიტმია. ტყის პირი, სუფთა ჰაერი და ბუნების საოცარი პეიზაჟები ისეთ მისტიკურ გარემოს ქმნიან, რომ დაძაბულ და გადატვირთულ ყოველდღიურობასაც სულ სხვა პრიზმაში განიხილავ... როცა ეზოში შვლის ნუკრი დარბის, ირგვლივ კი ულამაზესი ყვავილებია, სხვაგვარად ვერც იქნება.
ყველა ადამიანს თავისი სისუსტე აქვს, პირველი ლედიც ამ კომფორტს საკუთარი ხელებით ქმნის. უკვე ყველამ იცის, რომ ბუნების სიყვარული მისი აქილევსის ქუსლია, უშუალობა კი, პოზაზე მეტად - რეალური მდგომარეობა.
როგორც ყველგან, ახლა პრეზიდენტის ოჯახშიც საახალწლო ფუსფუსია. სანამ ოჯახური ვახშამი გაიმართება, რომელსაც ტრადიციული ქართული კერძები დაამშვენებს, ქვეყნის პირველმა ქალმა უკვე მოასწრო და პრეზიდენტის სასახლე მორთო. ნაძვის ხე მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა. ნამდვილმა დიასახლისმა თადარიგი ადრიანად უნდა დაიჭიროს, რადგან იცის, რომ შემდეგ ამისთვის აღარ ეცლება, წინ ხომ დიდი გეგმებია - თემო, რომელიც წელს პირველ ახალ წელს ხვდება, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ამიტომ დროს არც მას წავართმევთ, არც თქვენ მოგაცდენთ და პირდაპირ საქმეზე, ჩვენს შემთხვევაში, ინტერვიუზე გადავალთ.
- პირველ რიგში, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, საუბარს კი 2015 წლის შეფასებით დავიწყებ. როგორი იყო გასული წელი თქვენი ოჯახისა და ქვეყნისთვის?
- ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ჩვენი შვილის დაბადებაზე. წელს ჩემი ზრუნვის ძირითადი ობიექტი სწორედ ის იყო. ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს.
ჩვენი ქვეყანა იმ კურსით ვითარდება, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ. დასავლურ ღირებულებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.
- საახალწლო სუფრის ოჯახურ ტრადიციაზე მოგვიყევით, რა ფუნქციები აქვს საახალწლო მზადების დროს პირველ ლედის?
- არაფერი განსაკუთრებული - როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც მზადდება რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძი. საღამოს ბუხარს დავანთებთ და პირველად შევხვდებით ახალ წელს თემოსთან ერთად.
ერთი სიახლეც გვაქვს: წელს გადავწყვიტეთ, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაიდგმება, მე მომერთო. ამისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე: მოვიფიქრე საავტორო დეკორი, რომლისთვისაც აქსესუარები საკუთარი ხელით დავამზადე, სათამაშოების ნაწილი კი სოციალურ საწარმოებში შევარჩიე.
- როგორ მოერგეთ პირველი ლედის ჩარჩოებს? როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, ძნელია გარკვეული პროტოკოლით ცხოვრება...
გარკვეულწილად ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა, ძალიან მალე დადებით მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა.
- როგორია თქვენი ერთი დღე?
- ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ერთადერთი რამ უცვლელია - დილა თემოზე ზრუნვით იწყება.