საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალია, ყველა იცნობს და... დამოკიდებულება ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა სატელევიზიო გადაცემის წამყვანისთვის ესოდენ საკრალური სიტყვა "რეიტინგი" მის მხარესაა.
ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს იმ გადაცემას, რომელიც მიჰყავს და რომელსაც ამზადებს. "პროფილი" მისი მეორე შვილია, თვითონ კი მაია ასათიანია... არა ხუთშაბათს, არამედ აქ და ამ ფურცლებზე, მაია ასათიანის ქალურ-საქმიანი პორტრეტი...
დღემდე საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გაიარა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. მაია ასათიანის ცხოვრება მუდმივად ცვალებადია- იცვლის ინტერესებს, სამუშაო ადგილებს, თუმცა არასდროს- პროფესიას.
ჟურნალისტობა მისი განხორციელებული ოცნებაა. როდესაც წარსულს იხსენებს, ფიქრობს, რომ მთელი ცხოვრება ჟურნალისტობდა, ბავშვობის ყველაზე შორეულ ფიქრებშიც კი, მას თავი იმ ყუთში წარმოედგინა, რომელსაც ტელევიზორი ჰქვია. მაშინ ეს ყუთი სასწაული ეგონა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს თვითონაც გახდებოდა რჩეული და ტელევიზორში შეძვრებოდა.
ახსოვს სახლში ტელევიზორი, რომელსაც ხელის გადასართავი ჰქონდა და რომელიც მხოლოდ სამ არხს უჩვენებდა. 8 საათზე "ცეროდენას ეკრანს" უყურებდა. პატარა მაია თამაშობდა აი, ასე: ოთახში მარტო იკეტებოდა, მუხლებზე გაზეთებს ილაგებდა, რომელიმე წერტილს მიაშტერდებოდა და ტელედიქტორივით კითხულობდა მის წინ დალაგებული ფურცლებიდან ტექსტებს. თამაშებში ის გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი იყო.
წლები გავიდა და ერთ დღეს, პატარა გოგონა გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი გახდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ, სკოლის დერეფანში ქართულის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნინომ გააჩერა და უთხრა, რომ ტელევიზიაში კონკურსია, ეძებენ მოზარდებს, ვინც მოამზადებს და წაიყვანს გადაცემას.
ეს დღე არასდროს დაავიწყდება, თითქოს იგრძნო, რომ მისი დრო მოვიდა, დაწერა პატარა სიუჟეტი. არც ახსოვს, რა თემაზე, დაწერა და როგორც ჩანს, მოეწონათ, იმიტომ, რომ დაიბარეს. იმ დღის მერე 18 წელი გავიდა, თუმცა დღემდე ახსოვს წამი, როდესაც პირველად შედგა ტელევიზიის შენობაში ფეხი, სტუდიაში იგრძნო სპეციფიკური სურნელი.
ახსოვს, როგორი დიდი და გრანდიოზული ეჩვენა სტუდია და როგორი პაწაწინა იყო თვითონ. ე.წ. სინჯები გაიარა, უნდა ენახათ, როგორ გამოიყურებოდა მაია კამერის წინ. თვითონ გაოცებული იყო იმით, რომ მონიტორში საკუთარ თავს ხედავდა, კამერა არ ჩანდა და იყო ეს მოლოდინი, რომელიც რეალურად სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ მაშინ საუკუნედ მოეჩვენა.
ისიც კი ახსოვს, რა ეცვა: მეგობრისგან ნათხოვარი შოტლანდიური ქვედაბოლო, სქელლანჩიანი ე.წ. ბათინკები, რომბებიანი მაღალყელიანი წინდები და თეთრი პერანგი. 15 წლის დამფრთხალი მაია თვალებს აცეცებდა და ვერაფრით გაეგო, რა უნდა მომხდარიყო. უცებ, გაიგო ვიღაცის ხმა, შემდეგ აინთო წითელი შუქი და დაიწყო ლაპარაკი...
ის წუთი დაუვიწყარია მაიას ცხოვრებაში, აქედან დაიწყო ყველაფერი... ამბობს, რომ ტელევიზიაში მისვლამდე დაკომპლექსებული და მორცხვი გოგონა იყო, კონკურსში გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენა მისცა და შემდეგ ვერც კი მიხვდა, პირველი შეხვედრის შემდეგ, მაიას და კამერის წითელ შუქს ერთმანეთი "შეუყვარდათ", ძალიან... იქნებ ეს იმის ბრალიც არის, რომ მისი პირველი სიყვარული ოპერატორი იყო, ნუცას მამა კამერის უკან იდგა და... პატარა დაბნეული გოგო მიხვდა, რომ შეუყვარდა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.
ბედნიერი იყო, სიუჟეტებიც კარგი გამოსდიოდა და თვალებიც უფრო უციმციმებდა. დღეს ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა აქვს, ვერავინ მიხვდება, რომ წყვილი დიდი ხანია დაშორდა. ეს იყო პირველი სიყვარული, როცა არაფერი გაღელვებს, უბრალოდ, ხარ ბედნიერი და მორჩა...
ახლა მის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა აცნობიერებს- მის გვერდით მამაკაცი რომ იყოს, უკეთ იქნებოდა. დღეს მის პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. რატომ? იმიტომ, რომ დაკავებულია და ამისთვის არ სცალია, ან უბრალოდ, არ უმართლებს და არ შეხვდა ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ბოლომდე მის გვერდით ღირსეულად იქნება ან... არავითარი ან, უბრალოდ მის ცხოვრებაში ასეთი პერიოდია, მომავალში რა იქნება, კაცმა არ იცის...
კიდევ ერთი ცვლილება ცხოვრებაში- გრანდიოზული ცვლილება, როდესაც ქალი დედა ხდება. მაიასთვის ეს ყველაფერი საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ასაკში დედა გახდა, ამან ძირეულად შეცვალა მისი ცხოვრება. ბევრ რამეზე სხვანაირად დააფიქრა, ბევრი რამის გათვალისწინება უწევს და გაცნობიერებული აქვს, რომ სწორედ შვილის გაზრდაა მისი უმთავრესი მოვალეობა.
გული წყდება, რომ საქმიანობიდან გამომდინარე, ყურადღებას ხშირად აკლებს ნუცას, ისიც ზოგჯერ საყვედურობს, რომ ბევრ დროს ვერ ატარებს მასთან. გული წყდება, თუმცა "პროფილიც" მისი მეორე შვილია და ამას ვერაფერს უხერხებს. დედაშვილობა მთავარი განძია მისთვის, იცის, რომ სხვაგან ყველგან შეიძლება რაღაც შეგეცვალოს, თუმცა არა აქ...
დღეს მაიას ცხოვრებაში ნუცა არის ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც შეუძლია ყველაფერი დათმოს. ნუცა, როგორც თითქმის ყველა "ტელებავშვი", სტუდიიდან სტუდიაში გაიზარდა, იცნობს მთელ ტელესამყაროს და ტელევიზიები იმის მიხედვით უყვარს, რომელიც ნაკლებად ართმევდა მას დედას. ნუცა და მაია მეგობრობენ, თუმცა დედაშვილური ურთიერთობის ზღვარს არასდროს გადადის.
გადაცემა "პროფილამდე" რთული და გრძელი გზა განვლო, გზადაგზა იზრდებოდა და ყალიბდებოდა პროფესიონალად. საყმაწვილო ქრონიკების შემდეგ, ცოტა ხანი იმუშავა ტელეკომპანია "იბერვიზიაში", საინფორმაციო გადაცემის წამყვანად, შემდეგ იყო სტუდია "მაესტრო" და "გადაცემა", სადაც ქართულ შოუბიზნესზე აკეთებდა გადაცემას. სწორედ აქ მოხდა საბედისწერო შეხვედრა, ახალგაზრდა დიზაინერებზე აკეთებდა სიუჟეტს, მაშინ ავთანდილს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ასეთი რამ უთხრა: "მე ვიქნები ცნობილი დიზაინერი, შენ კი, ცნობილი წამყვანი და მე შენთვის შევკერავ!"
ეს ფრაზა მაშინ მაიას სასაცილოდ ეჩვენა- უგაზობის, უშუქობის დროს, როცა გადაცემებს გაყინულ სტუდიებში წერდნენ ეს ყოველივე ბოდვას ჰგავდა. ეს ბოდვა დღეს რეალობად იქცა... შემდეგ იყო "ალიონი" და მის ცხოვრებაში კიდევ ერთი გამართლება, ბედის საჩუქარი. ამ გადაცემამ უდიდესი გამოცდილება შესძინა. 18 წლის მაია პირდაპირ ეთერში 1.5 საათი იჯდა და პირველ გადაცემაზე ისევ ნათხოვარი პერანგი ეცვა...
5 წლის შემდეგ მიხვდა, რომ "ალიონში" საკუთარი თავი ამოწურა და მივიდა "კურიერში". მაშინ ეს იყო გადაცემა, რომლის ეთერში გასვლის დროს, თითქმის სრულად ჩერდებოდა თბილისში მოძრაობა. "რუსთავი-2"-ში მუშაობამ უდიდესი გამოცდილება მოუტანა. ეკა ხოფერიასგან ბევრი რამ ისწავლა. შემდეგ მიხვდა, რომ მზად იყო მხატვრული ჩანახატები გაეკეთებინა, ემუშავა საინტერესო თემებზე და გადავიდა გადაცემა "დროებაში".
მისი სიუჟეტები სახალხო იყო თითქოს, მეორე დღესვე ყველა ამაზე საუბრობდა, ალბათ, იმიტომ, რომ კარგად განვითარებული ალღო კარნახობს, რა უნდა ქართველ მაყურებელს. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში პროფილური ხანა დადგა, დღემდე სიამოვნებით ამზადებს გადაცემას, არჩევს თემებს და მუშაობს იმ ხალხთან, ვინც თავისი საქმე კარგად იცის.
თანდათან როგორ შეიცვალა, როგორ გახდა გამორჩეული, სატელევიზიო გადაცემის წამყვანი გოგონა.
როგორიც ჩანს ეკრანზე, სწორედ ისეთია ცხოვრებაშიც. არ დადის ე.წ. ტუსოვკებზე და არც "სვეტსკი" საღამოებზე. არ თამაშობს, იმიტომ, რომ მაყურებელს არ ატყუებს, თანაც ფიქრობს, რომ ამ დოზით თამაში გამორიცხულია, სადღაც მაინც შეცდები...
მასთან გადაცემაში მისულ სტუმრებს არასდროს ატყუებს, არასდროს აყენებს უხერხულ მდგომარეობაში და არ ცდილობს რეიტინგის ამაღლებას რესპონდენტის ცრემლებისა თუ გამანადგურებელი კითხვის ხარჯზე. რისი გაკეთებაც არ შეუძლია ცხოვრებაში, იმას არც ეკრანზე გააკეთებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჰქონია ძალიან სენსაციური მასალა, მაგრამ ეთერში არ გაუშვია, რადგან არ მიიჩნია მორალურ საქციელად. თვლის, რომ არ შეიძლება წარმატებისთვის ყველაფერს გადააბიჯო, იმიტომ, რომ უფალი ყველაფერს ხედავს.
ერთხელ, ერთ გადაცემაში, ისეთი რესპონდენტი ჰყავდა და ისეთი კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა, რომელიც ძალიან მაღალ რეიტინგს მოუტანდა. არჩევნის წინაშე იდგა: ვკითხო, თუ არ ვკითხო? რომ შეჰკითხვოდა, რესპონდენტის სიჩუმეც კი ძალიან მაგარი რამ იქნებოდა. თუმცა ქალმა ქალს თვალებში ჩახედა, იქ შიში დაინახა და გადაცემა ისე დაასრულა, ისე დაემშვიდობა მაყურებელს, არაფერიც არ უკითხავს. ამას არასდროს ინანებს, მიაჩნია, რომ სწორად მოიქცა!
იცის, ასწავლეს და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ჟურნალისტიკაში მთავარია მაყურებელი. ის აძლევს შეკვეთას და ჟურნალისტმა უნდა შეასრულოს. სწორედ ასეთი შეკვეთების საფუძველზე იქმნება გადაცემა "პროფილი". შესაძლოა, ეს იყოს კომპრომისი საკუთარ თავთან, გემოვნებასთან, მაგრამ... როდესაც მარტოა, ძალიან უყვარს ბორის პასტერნაკის "ექიმი ჟივაგოს" კითხვა, თუმცა იცის, რომ ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე მაყურებელს პასტერნაკის შემოქმედება არ უნდა შესთავაზოს, იმიტომ, რომ ამ თემით ბევრს ვერ დააინტერესებს.
ესაა ჯადოსნური ყუთი, რომელმაც უნდა გაგართოს, ეს არ არის ყუთი, რომელიც შეითავსებს ძიძის ან მასწავლებლის ფუნქციებს. "პროფილის" წამყვანმა ამ სეზონზე იმიჯი შეიცვალა, ტელევიზიაში გარეგნობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომაც არ უნდა იყოს მოსაბეზრებელი. წელს მაია ასათიანი გახდა ოდნავ ქალური, შეიცვალა ვარცხნილობა და მაყურებელმაც ის დადებითად მიიღო...
ამბობს, რომ დღემდე ის 15 წლის დაბნეული გოგონაა, რომელიც ნათხოვარი სამოსით მივიდა ტელევიზიაში სინჯებზე. ყოველდღე, ყოველ გადაცემაზე მაია ასათიანი იმ დაბნეულ გოგონას ამარცხებს. ყველა გადაცემის წინ ნერვიულობს, ამ დროს, ის უბრალოდ შედის ცარიელ სტუდიაში და ფიქრობს იმ წითელ შუქზე, რომელიც აკავშირებს მას მილიონობით ადამიანთან... მერე არის ფრაზა: "საღამო მშვიდობისა" და ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება...
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი მიქანაძე