"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი მაკა ძაგანია მისი გმირისგან, თინასგან, რადიკალურად განსხვავებული ყოველდღიურობით ცხოვრობს...
ოჯახურ ცხოვრებაშია თავიდან ბოლომდე გადართული, ზრდის წლისა და 4 თვის გიოს და ამავდროულად, საკმაოდ რთულ, გარდატეხის ასაკში ჰყავს უფროსი შვილი. მაკას შვილებზე და დედობის სირთულეზე ვესაუბრეთ.
- გიო წლის და 4 თვის ხდება, ყველაზე რთული ასაკი აქვს. ძალიან ბევრს დადის და არ ლაპარაკობს, მუნჯურად გვაგებინებს ყველაფერს, რაც უნდა, ვცდილობ ვათქმევინო სიტყვები, მაგრამ ის მაინც თავის ენაზე გვესაუბრება.
- ნუცი რამდენად გეხმარება ბავშვის გაზრდაში, თუ რჩება ამისთვის დრო?
- ბავშვს მარტო ვზრდი, ძიძის გარეშე, ახლა დედაჩემიც არაა ქალაქში. როცა აქაა, მაშინაც სულ მუშაობს, მაგრამ სახლში ნახევარ საათს რომ წამეხმარება ხოლმე, ეგეც კარგია...
მე, როგორც დედას, ყველაზე რთული ეტაპი მაქვს, იმიტომ, რომ უფროსი შვილი მყავს თინეიჯერი, გარდატეხის ასაკში, პატარა კი ახლა იწყებს სამყაროს შეცნობას, დაიწყო სიარული, აინტერესებს ყველაფერი და ეპოტინება, რასაც სწვდება.
ისეთი "ბნელი" კუთხიდან ისეთ პატარა დეტალს ამოაძრობს ხოლმე, მიკვირს, ან საიდან ხედავს, ან როგორ უჩნდება სურვილი, მაინცდამაინც იმ პატარა რაღაცას შეეხოს. თუნდაც მტვერი იყოს, ყველაფერი რომ გაწმინდო, დაასუფთავო, მაინც პოულობს რაღაც ისეთს, რომლის გემოც აინტერესებს და პირისკენ მიაქვს. ამ დროს რა დღეში ვარ, ალბათ, ამას ყველა დედა გაიგებს. ორივე შვილს ძალიან რთული ასაკი აქვს და მგონია, რომ ამაზე რთული პერიოდი დედისთვის არ არსებობს.
ნუცი ახლა იმ ასაკშია, როცა უნდა მეგობრები, გართობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ მეხმარება. 5 წუთით თუ დაიტოვებს ხოლმე, რომ ან მაღაზიაში გავიქცე, ან აბაზანაში შევიდე, ესეც იმ შემთხვევაში, თუ სახლშია და არსად მიდის, თორემ რამე რომ გადადოს იმის გამო, რომ მე მომეხმაროს, ამის შანსი არ არის.
ყველა ზემოჩამოთვლილ სიამოვნებასთან ერთად გვყავს ძაღლი, რომელსაც ასევე ცალკე ყურადღება და ელემენტარულად, გასეირნება სჭირდება. იმ დღეს დავურეკე ნუცის და ვკითხე, როდის მოხვალ-მეთქი. მინდოდა ძაღლი გაესეირნებინა და დამარიგა, რა იყო, მოკიდე ხელი და გაიყვანეო. მართლა გავიყვანე, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა... ძალიან სასაცილო ვიყავი, ერთ ხელში ბავშვი მეჭირა აღვირით და მეორე ხელში - ძაღლი საყელურით, ორს ერთად დავატარებდი აქეთ-იქით. ალბათ, უცხო თვალისთვის ძალიან სასაცილო დასანახი ვიქნებოდი. გაგრძელება