80-იანი წლები, შავი ბაზარი, ბებიებთან ნაყიდი "სამაგონი", მიგდებული სარდაფი, სადაც რადენიმე მეგობარი ნათხოვარ გიტარაზე უკრავს და სიმღერებს წერს.
მღეროდნენ ყველაფერზე, რაც მოზარდებს იტაცებდათ, უყვარდათ, მათში აღტაცებას იწვევდა და ხშირად ტკივილსაც აყენებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯგუფის ყველაზე რომანტიკული წევრი რამდენიმე წელიწადში პატარა პროვინციულ ქალაქს დატოვებდა და უზარმაზარ დედაქალაქში წარმატებას მიაღწევდა; მის მუსიკაზე იცეკვებდნენ, შეიგრძნობდნენ ბედნიერებას, იტირებდნენ, ზოგი კი, უბრალოდ, მის სიმღერაში თავის ისტორიას ამოიცნობდა. რომა ზვერის შემოქმედება გულწრფელია. თავადაც ასეთია.
მის ცხოვრებაში იყო ყველაფერი. იყო პირველი სიყვარული, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდა. დაშორების ინიციატორი თავად გოგო იყო. ყველა ქალთან თითქოს ასე გამოსდის. ისინი მიდიან, რომა რჩება.
იყო ნამდვილი მეგობრობა. იმდენად ნამდვილი, რომ მხოლოდ ძმაკაცის სიკვდილის შემდეგ გაბედა რომამ მშობლიური ტაგანროგის დატოვება და მოსკოვში წასვლა. ტკივილს იქ ვერაფერი უყუჩებდა, ვერც სპირტიანი სასმლის დიდი დოზა, ვეღარც მუსიკა. ადგა და წამოვიდა. ჯიბეში მხოლოდ 700 რუსული რუბლი ედო. პრარაბად მოეწყო. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. შემდეგ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, თავადაც ვერ გააცნობიერა. დღეს საკონცერტო დარბაზებს თავისუფლად ავსებს.
იმედი აქვს, 29 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზეც ბევრი მსმენელი მოიყრის თავს. ჯგუფი "ზვერი" მაყურებლის წინაშე ლაივ-კონცერტით წარდგება. რომა ზვერის ექსკლუზიურ ინტერვიუს "ამბები.გე" გთავაზობთ.
"არასდროს წარმომედგინა, რომ გავხდებოდი პოპულარული. ალბათ, ამის შესახებ წინასწარ არავინ იცის. მას შემდეგ, რაც გამოვიდა მუსიკალური კლიპი "შენთვის", შემდეგ კი ალბომი "შიმშილი", მივხვდი, რომ ყველაფერი ახლა იწყება (იცინის)".
ყველაზე რთული რომა ზვერისთვის მუსიკალურ მოღვაწეობაში კრიზისია, შემოქმედებითი კრიზისი. როცა სიმღერა არ იწერება და მუსიკას ვერ იგონებს. ასეთი მომენტებიც ჰქონია. კინემატოგრაფიამ უშველა. ერთი სფეროდან მეორეზე გადაერთო.
რომა ზვერის ყოველი დღე განსხვავებულია. როცა ისვენებს, თავს უფლებას აძლევს, ყურადღება მუსიკიდან სპორტზე გადაიტანოს. "ოჯახთან ერთად ტენერიფზე ვისვენებთ, სადაც სერფინგის დაფაზე ვდგები. ვცდილობ, ოჯახს დიდი დრო დავუთმო. ჩვენ ერთად ვისვენებთ, ვმოგზაურობთ. უფროს ქალიშვილთან სერფინგის სიყვარული მაერთიანებს. შვებულების შემდეგ მთელს დღეებს რეპეტიციებს ვუთმობ" - აღნიშნა რომამ "ამბები.გე"-სთან საუბრის დროს.
"ზვერის" სოლისტი ამბობს, რომ აქვს ოცნება, რომლის ასრულებასაც ელოდება. ოცნებას საიდუმლოდ ინახავს. ბედნიერება მისთვის ჰარმონიაშია. ქართველი მსმენელისგან კი სითბოს ელოდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფ "ზვერის" შემადგენლობაში ცვლილებებია. ჯგუფს ახალი გიტარისტი, ბასისტი და დრამერი ჰყავს. წინამორბედებმა კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვეს.
"ამბები.გე"-ს ჯგუფის დირექტორი ლერა აგაპოვაც ესაუბრა კონცერტის ორგანიზაციულ საკითხებზე. აღმოჩნდა, რომ ჯგუფს გასტროლების დროს განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. პრომოუტერებისგან პროფესიონალურ დამოკიდებულებას ითხოვენ. აუცილებელი მოთხოვნაა ტექნიკური პერსონალისა და ჯგუფის წევრების კომფორტულად განთავსება. "ჩვენთან ყველაზე მკაცრი მოთხოვნები ხმის ინჟინრებსა და განათების მხატვრებს აქვთ. იმედი მაქვს, ჩვენს ბიჭებს თბილად შეხვდებიან და შემდეგ ჯერზე ჯგუფი "ზვერი" უკვე თბილისში ჩამოვა", - აღნიშნავს ლერა.
ქართული ტემპერამენტისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ ჯგუფის წევრებს ბევრი რამ სმენიათ. ელოდებიან, რომ კონცერტზე ბევრი მსმენელი მოვა. გამოსვლა 80-90 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. რომა ზვერი თავისი რეპერტუარიდან 20-24 სიმღერას შეასრულებს.
"შესრულდება სიმღერები როგორც ძველი, ასევე ახალი ალბომიდან "Страха нет". გპირდებით, ძალიან კარგ დროს გავატარებთ", - გვაძლევს პირობას ჯგუფის დირექტორი.
29 აგვისტოს, რომანტიკული ბიჭი ტაგანროგიდან თავის გრძნობებზე, იმედებსა და ცხოვრებაზე ქართველი მსმენელის წინაშე იმღერებს.