დედები ის ადამიანები არიან, რომლებმაც დაბადების შანსი მოგვცეს და გაუძლეს ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს იმისთვის, რომ ეს სამყარო ჩვენც გვეხილა, სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოვყალიბებულიყავით...
მოგეხსენებათ, 3 მარტი "დედის დღეა" და გადავწყვიტე, ცნობილი ადამიანებისთვის დედაშვილური ურთიერთობის შესახებ მეკითხა...
"დედას თავში ქვა მოვარტყი"
ლევან სუხიტაშვილი:
- დედასთან ბავშვობიდანვე ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს. მის გარეშე, რაღაც-რაღაც გადაწყვეტილებებს დღესაც ვერ ვიღებ. როგორც პატარა ბავშვი, რჩევებს ისე ვეკითხები-ხოლმე, რადგან მიჩვეული ვარ... "დედის დღეს", ხელცარიელიც რომ ვესტუმრო, ჩემი მისვლა, ჩახუტებაც უხარია. ვცდილობ, რაიმე ვაჩუქო, რომ ჩემი დანახვით გამოწვეულ სიხარულს, კიდევ პატარა სიხარულიც დაემატოს... გამოგიტყდებით, ცოტათი ჯიუტი და ცელქი ბავშვი ვიყავი. ამიტომ დედას ჩემი "მოთვინიერება" ხშირად უწევდა. მაგალითად, გავუფრთხილებივარ - ველოსიპედით ასე ნუ დადიხარო, მაგრამ ჩემი არ დამიშლია და ამოვყირავებულვარ, თავი გამიტეხია. ბავშვობაში ქვების სროლა მქონდა ჩვევად, ოღონდ - წინ კი არა, უკან ვისროდი. ერთხელ დედას თავში ქვა მოვარტყი. შემეშინდა: ჯერ ერთი, დანაშაული ჩავიდინე და მეორე - გული მეტკინა იმის გამო, რომ დედას ვატკინე... მაშინ ჩემთვის არ უსაყვედურია, არაფერი უთქვამს... დედისგან სითბო და მზრუნველობა არასოდეს მაკლდა. ჩემი დედიკო ძალიან მიყვარს, "დედების დღეს" ვულოცავ და მინდა, გვერდით დიდხანს მყავდეს!
"ერთდროულად დავკარგე დედა, მეგობარი და ცოტათი - შვილიც"
გოგა გველესიანი:
- უპირველეს ყოვლისა, მე და დედა უდიდესი მეგობრები ვიყავით. ძალიან მენდობოდა და რა თქმა უნდა, მეც ვენდობოდი. მცირე ასაკიდანვე ისე მზრდიდა, როგორც მეგობარს. თანატოლივით მეპყრობოდა და ამან დიდი შედეგიც გამოიღო. დედის გარდაცვალება ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო: შეგრძნება მქონდა, რომ ერთდროულად, დედაც დავკარგე, მეგობარიც და ცოტათი შვილიც... წელიწადი და 2 თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, ვუვლიდი და ამის გამო, უკვე ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ შვილი გარდამეცვალა და არა - დედა. ვუთხარი კიდეც, - როლები გავცვალეთ: ახლა მე ვარ შენი მშობელი, შენ კი ჩემი შვილი-მეთქი. ამის გამო, იცინოდა (იღიმის)... როდესაც ადამიანთან ცხოვრობ, შეუძლებელია, ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება გქონდეთ. ჩემსა და დედას შორის აზრთა სხვადასხვაობაც ყოფილა, კამათიც, წყენაც, მაგრამ ზღვარს არ გადავსულვართ. თუმცა, ერთხელ თქვა: გოგასთვის არასოდეს დამირტყამსო. - იტყუები, დედა, ერთხელ ხელუკუღმა გამარტყი, ტუჩი გამისკდა და სისხლი წამომივიდა-მეთქი. მართლაც, ასე იყო: დედა უნივერსიტეტში ლექტორი გახლდათ. სკოლიდან მასთან მივდიოდი და ლექციებზე ვიჯექი. იქ სტუდენტებთან "არევა" დავიწყე. დედამ რამდენჯერმე შენიშვნა მომცა, - გაჩერდიო. მერე ხელი გამარტყა, ოღონდ - ძლიერად არა. როგორც ჩანს, ბეჭედი, რომელიც თითზე ეკეთა, მომხვდა და ტუჩი გამისკდა. ძალიან შეწუხდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სტუდენტებსაც უთხრა, - არა უშავს, არ შეიმჩნიოთო. წლები გავიდა... მერე, ეს ამბავი რომ გავახსენე, სულ დარდობდა: ეს როგორ დამემართა ან შენ როგორ დაგამახსოვრდა, ან აქამდე ერთხელ მაინც როგორ არ მითხარიო?! ვამშვიდებდი, - რა მოხდა? დედა შვილს ერთხელ წამოარტყამს-მეთქი...
სამაგიეროდ, ეს ამბავი მეც არ მახსოვდა (ნათესავმა გამახსენა): 3-4 წლისას ქათამი მყავდა, სახელად - კოკოკო. ეს ქათამი ჩემთვის იყო ნაყიდი, რომ დაეკლათ და მეჭამა. უცბად კოკოკო გაქრა! მეგონა, წავიდა, დაიკარგა... შემდეგ ნათესავისგან შევიტყვე, რომ დაკლეს (როგორც ჩანს, დედამ ვერ მოასწრო, მისთვის ენიშნებინა, რომ ჩემთვის სიმართლე არ ეთქვა). პატარა ვიყავი და დედას სულ ფეხებზე ვურტყი ხელები, - როგორ მომატყუე-მეთქი?! ნათესავს მისთვის უთქვამს: ამდენს რატომ აბედვინებო? - ჯერ ერთი, მოვატყუე და თან, ცხოვრებაში დარდი მერეც ეყოფაო... დედა მაქსიმალურად ცდილობდა, შეგნებით გავეზარდე და არა - სიმკაცრით, შიშით. მან 42 წლის ასაკში გამაჩინა. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ძალიან რთულია: მარტოხელა იყო, დამხმარე არავინ ჰყავდა. 4 უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა, რომ ისეთი ხელფასი ჰქონოდა, არაფერი მოგვკლებოდა. თან, ყურადღებას არ მაკლებდა... რაც დრო გადის, ჩემთვის კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რამხელა ტვირთი აიღო საკუთარ თავზე და შანსი მომცა, დავბადებულიყავი, ამ ქვეყნის ჭირი და ვარამი გამეზიარებინა და სიცოცხლის ფასი, აზრი მცოდნოდა. დედის ამაგს ვერასდროს, ვერაფრით გადავიხდით შვილები... გაგრძელება