მშობიარობა წარმოადგენს ქალის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენას. საჭიროა, რომ მომავალმა დედებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ მშობიარობის შესახებ.
თქვენი პატარას საოცარ მოგზაურობაზე ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი სოფო თამაზაშვილი გვესაუბრება.
- რამდენი ფაზისგან შედგება ფიზიოლოგიური მშობიარობა? რა არის ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი დრო, რაც შეიძლება ბუნებრივი გზით მშობიარობას დასჭირდეს?
- მშობიარობა არის ბუნებრივი პროცესი, ფიზიოლოგიური მოვლენა. ორსული ქალი არ არის პაციენტი, ორსულობა მხოლოდ
მისი დროებითი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. მშობიარობის პროცესიც არის ბუნებრივი მოვლენა. თუკი ქალი რომელიმე რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება და წინასწარ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე სახის ჩარევა, დამატებითი ჩარევა, პრაქტიკულად, არ სჭირდება. მშობიარობა 3 პერიოდისგან შედგება:
პირველი პერიოდი - ეს არის რეგულარული სამშობიარო მოქმედებების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე. რეგულარულ სამშობიარო მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც ქალს 10 წუთში 1 და მეტი, 20 წამზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილი აქვს. პირველი პერიოდი სრულდება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნით. პირველ მშობიარეებში ეს პერიოდი გრძელდება 10-12 საათი, განმეორებით მშობიარობაზე - 8-10 საათი. თუმცა, ეს ზოგადი ცნებაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და ეს მონაცემები შესაძლოა საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას კონკრეტული მშობიარის შემთხვევაში.
მეორე პერიოდი - ეს არის ყელის სრული გახსნიდან ნაყოფის დაბადებამდე. ხშირ შემთხვევაში, ნაყოფი იბადება კეფით წინ მდებარეობით, ეს არის ნაყოფის სიგრძითი მდებარეობა. წინამდებარე ნაწილი ხშირ შემთხვევაში თავია, ასევე სასურველია, რომ ნაყოფი ზურგით იყოს მიქცეული დედის მუცლის ფარისკენ. ბავშვების დიდი ნაწილი იბადება კეფით წინ მდებარეობით, წინა სახეში. ეს მშობიარობის ძალიან საინტერესო და ურთულესი პროცესია, რომელიც ახალშობილის დაბადებით სრულდება.
მესამე პერიოდი - არის მომყოლის გამოძევების პერიოდი. მომყოლის პერიოდის მართვის ორი მეთოდი არსებობს. დიდი ხნის მანძილზე მესამე პერიოდს მოცდითი ტაქტიკით ვმართავდით, ანუ ველოდებოდით, მომყოლი თავისით როდის მოსცილდებოდა. ეს პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე. დღეს მეან-გინეკოლოგიაში წამოვიდა თანამედროვე მიდგომა, მესამე პერიოდს ვმართავთ აქტიურად. დაიბადება თუ არა ახალშობილი, სისხლის დენის საპროფილაქტიკოდ, ბებიაქალი ან მეანი აკეთებს საშვილოსნოს კონტროლირებად ტრაქციას. ერთი ხელით აკონტროლებს საშვილოსნოს შეკუმშვას, მეორე ხელით კი - ქაჩავს ჭიპლარს. რამდენიმე შეკუმშვაში, მომყოლი უნდა გამოძევდეს. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა მეანობაში. ამ მეთოდის დანერგვის შემდეგ სისხლდენის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან შემცირდა.
- როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის?
- მშობიარობისთვის მოსამზადებელი საუკეთესო საშუალება მშობელთა სკოლაში სიარულია. ორსული იქ ეცნობა სხვა ორსულებს, ისინი ერთმანეთს უზიარებენ შეგრძნებებს, ემოციებს. მშობელთა სკოლაში მომავალი დედა სწავლობს, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში, როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით, როგორია ორსულის კვების პრინციპები, წონის მატების ნორმები, როგორი უნდა იყოს ორსულობისას მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება; ასევე სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ ორსულობისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა დისკომფორტს.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ, როგორ მოუარონ პატარას. მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას. აქვე მომავალი მშობლები ეცნობიან ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს. მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში მათ ეხმარება ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით სწავლობენ მშობიარობის მართვას (ტკივილის დაძლევა, სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკა, მშობიარობისთვის აუცილებელი მოდუნების ტრეინინგი, სწორი ჭინთვების სწავლება), ატარებენ უსაფრთხო და სასარგებლო ვარჯიშებს. ორსულობა და მშობიარობა დიდი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, რაც უფრო მეტად იქნებით ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს ორსულობის პერიოდში და შეგიმსუბუქდებათ მშობიარობის პროცესი. ამასთანავე, უფრო მალე დაიბრუნებთ სხეულისთვის საწყის წონას მშობიარობის შემდეგ.
კარგი იქნება, თუ ამგვარ სემინარებს მომავალი მამებიც დაესწრებიან, ისინი ნელ-ნელა გაითავისებენ, რომ სულ მალე მათი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება. მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი", დედისა და ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი, აგრეთვე, იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მშობიარეები, რომელთაც მშობელთა სკოლაში აქვთ გავლილი სემინარები და ფიზიკური ვარჯიშები, მომზადებულები ხვდებიან ამ საპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არიან დაძაბულები.
ასევე სასურველია, ორსულობის დროს მომავალმა მშობლებმა მოინახულონ ის სამშობიარო სახლი, სადაც მათი პატარა უნდა მოევლინოს ქვეყანას. კარგი იქნება, თუ დაათვალიერებენ პალატებს და სამშობიარო ბლოკებს. მათთვის ეს გარემო უკვე ნაცნობი იქნება და როდესაც დადგება მშობიარობის დრო, აღარ ექნებათ გაუცხოების შეგრძნება.
- რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიაკითხოს ქალმა სამშობიაროს?