მსახიობი სოფია სებისკვერაძე ქართველმა მაყურებელმა გაიცნო ფილმით "ჭამა და სექსი". ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი უკვე დედაა. ბავშვის გაჩენამ მის გარეგნობაზე სასიკეთოდ იმოქმედა და როგორც თვითონ ამბობს, უფრო მეტად დახვეწა...
- განწყობის მიხედვით ვიმოსები, მაცვია როგორც პანკურად, აგრეთვე, კლასიკურად. ყოველდღიურად უმთავრესად თავისუფალი სტილის სამოსს ვამჯობინებ, მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებულად ვიპრანჭები. ადამიანმა შეიძლება ჩაიცვას თამამად, მაგრამ არა ვულგარულად.
- რომელი ბრენდების სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- გამორჩევით - არც ერთს. უფრო ისეთი ბრენდები მიყვარს, რომლებიც ჰიპურ-პანკურ სამოსს ქმნიან. მიყვარს "დოლჩე და გაბანა", "ნექსტი", "ნაფნაფი" და "მანგო". რაღაც ჩემეული ყოველგვარ სამოსში შემაქვს, თავი უფრო კომფორტულად რომ ვიგრძნო.
ქართველ დიზაინერებთან სამოსი არასოდეს შემიკერავს, რადგან ქართული ნაწარმის ხარისხი ფასის შესაბამისი არ არის.
სამოსს ვიძენ თბილისში, აგრეთვე, ვიწერ ინტერნეტით. შემოსვისას კი აქცენტს ვაკეთებ წელზე, მკერდზე და სხეულის უკანა ნაწილზე.
- როგორ ფეხსაცმელს იცვამ?
- ყოველდღიურად სპორტულ ფეხსაცმელს ვამჯობინებ. ვერ ვიცვამ "შპილკებს", თუმცა მაქვს რამდენიმე წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლებიც დისკომფორტს არ მიქმნის.
- თუ ეთანხმები მოსაზრებას, რომ შემოსვისას მთავარია კარგი ჩანთა და კარგი ფეხსაცმელი?
- რა თქმა უნდა, ჩანთა და ფეხსაცმელი მთავარია ქალისთვის. მე პატარა ჩანთები მომწონს, თუმცა ზოგჯერ ასეთ ჩანთაში ყველაფრის ჩატევას ვერ ვახერხებ... მაქვს "მანგოს" ფირმის პატარა ჩანთა რომელიც ორი წელია მიჭირავს.
- რომელი პარფიუმერიული ბრენდების ნაწარმი მოგწონს?
- მაქვს "შანელის", "დიორის" და სხვა ბრენდების პარფიუმერია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თავს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ: რეგულარულად ვერ ვახერხებ ვარჯიშს, ვეწევი სიგარეტს და იშვიათად, მაგრამ ცოტას ვსვამ კიდეც. არ დავდივარ სოლარიუმში, არ ვიტარებ გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, მაგრამ ვფიქრობ, უკვე დროა, დავიწყო.
- წელს მოდურია მკვეთრი მაკიაჟი.
- სახეზე მკვეთრი ტონები არ მიყვარს, მაგალითად, ვერასოდეს წავისვამ ნარინჯისფერ ტუჩსაცხს, სამაგიეროდ მომწონს ფერადი ფრჩხილები, შემიძლია ყველა თითზე სხვადასხვა ფერის ლაქი წავისვა.
- როგორი სუნამო მოგწონს?
- ერთი და იგივე სუნამო მბეზრდება, გამოვარჩევ "ჟივანშისა" და "კაშარელს".
- მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებ?
- ვითვალისწინებ, მაგრამ საკუთარ სტილსაც ვინარჩუნებ. ახლა მოდურია მრავალფეროვნება: ათასგვარი ფორმა, სილუეტი, სტილი ერთმანეთშია არეული. არჩევანი დიდია, ამიტომ ყველას შეუძლია მოდური სამოსის მორგება.
- ვის მიიჩნევ ყველაზე გემოვნებიან მანდილოსნად?
- გამოვარჩევ თიკო სადუნიშვილს. მართალია, მასზე დიზაინერები ზრუნავენ და მათი მითითებით იმოსება, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს მისი ჩაცმის სტილი. რაც შეეხება უგემოვნოს, თბილისში იმდენი უგემოვნო ადამიანი დადის, რომ ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება.
- რას ურჩევ ქალბატონებს?
- კარგად რომ გამოიყურებოდე, აუცილებელი არ არის, ძვირად ღირებული სამოსი გეცვას. მთავარია, იყო ლაღი და თვალები გიბრწყინავდეს.
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)