"ბარ-ბარის" კომფორტული და მყუდრო გარემო არაჩვეულებრივი ადგილი აღმოჩნდა სტუმრების მისაღებად. მასპინძელი ამჯერად შორენა ბეგაშვილი გახლდათ, რომელიც "ორაგულის სალათით"გაუმასპინძლდა მეგობრებს.
Bar-Bari-ს მეორე სართულზე მდებარე ლამაზი ვერანდა, თბილისის ულამაზესი ხედით, შორენამ თავად შეარჩია - ზაფხულის საღამოსთვის შესაფერისი ადგილია, სადაც გემრიელი კერძის დაგემოვნებაც შეგიძლია და მეგობრებთან ერთად საღამოს სასიამოვნოდ გატარებაც.
შორენა სტუმრებს მაცნობს: - ეს გოგონა ჩემი ყველაზე უმცროსი მეგობარი, ჩემი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე გახლავთ. ჩემს უფროს მეგობრებს სახელებით გაგაცნობთ – ნატა და მაიკო.
სალათის მომზადების პროცესს შორენა იუმორით შეხვდა – ჩემი გაკეთებული სალათა არ გაიშვაო, თუმცა მეგობრებთან საუბარში აღმოჩნდა, რომ ცნობილი ტელესახე არაჩვეულებრივი დიასახლისია.
შორენა
- სიამოვნებით ვუმასპინძლდები მეგობრებს. ჩვენ საერთო მეგობრები გვყავდა. მათთან ამჟამად აღარ ვმეგობრობ, ესენი კი შემომრჩნენ.
ნატა
- ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს ურთიერთობების ფორმებს, საიმედოობას. შორენა ჩემთვის საიმედო ადამიანი აღმოჩნდა და სწორედ მისმა თვისებებმა განაპირობა ამ ურთიერთობის სიმყარე. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გულისთვის არაფერზე დაიხევს უკან.
შორენა
- მეგობრობა დროსთან ერთად ყალიბდება. რჩება ის, ვინც დროს გაუძლებს.
მაიკო
- საზოგადოებას მის მიმართ რატომღაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. სინამდვილეში მას არ იცნობენ. ბუნებრივია, ძნელია ადამიანის შორიდან შეფასება და მასზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ მის მიმართ მაინც არასწორი განწყობილება იგრძნობა. შორენა ისეთი დავინახე, როგორიც სინამდვილეშია - გულღია, კეთილი.
ყველა ის კარგი თვისება აქვს, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. მასთან ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ ვართ. მოკალათებულები ვართ სახლში და ფინჯან ყავასთან ვსაუბრობთ. ეს ყველაზე სასიამოვნო წუთებია. თურმე, შესაძლებელია, უბრალო საუბრით ძალიან კარგი დრო გაატარო.
ნატა
- ჩვენ მეგობრებიც ვართ და მეზობლებიც. ყოველდღე ერთად ვართ. სასაუბრო თემა არ გველევა. ერთდროულად ყველაფერზე ვსაუბრობთ და ყველაფერს ერთად განვიხილავთ.
შორენა
- "ფეისბუქზე"თუ ნახავთ, ერთად გადაღებული ბევრი ფოტო გვაქვს. თავისუფალ დროს ერთად ვატარებთ. მივდივართ კლუბში, რესტორანში, ვცეკვავთ, ვმხიარულობთ. ჩვენ გარშემო სულ რაღაც ხდება, არასდროს მოიწყენ. მერე ამ თავგადასავლებს ყოველთვის სიცილით ვიხსენებთ. სასმელს არ ვეტანებით, ვსვამთ იშვიათად. სამაგიეროდ, სხვისი სიმთვრალე ძალიან გვახალისებს. ფხიზელი თვალით ნასვამი ადამიანების ყურება სასაცილოა.
მაიკო
- შორენას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს. როგორც მეგობარი, თავს უფლებას ვაძლევ, რომ რჩევა მივცე. ძირითადად, შენიშვნას ვაძლევ, რომ გარკვეული მოვლენების მიმართ საკუთარი პოზიცია დროულად დააფიქსიროს. ზოგჯერ მაოცებს მისი თავდაჭერილობა და სიმშვიდე.
ნატა
- ჩემთან შედარებით მაიკო მშვიდია. როცა სადმე ვართ და შევამჩნევ, რომ შორენას მიმართ არაკეთილგანწყობილი ატმოსფეროა, თავს ვერ ვიკავებ. აგრესიული ვხდები ხოლმე. პირადად მე, ასეთი ცხოვრების რეჟიმს ვერ გავუძლებდი.
მაიკო
- არიან ადამიანები, ვისზეც იტყვი, რომ იღბლიან ვარსკვლავზე გაჩნდნენო. შორენამ კი ყველაფერს შრომით მიაღწია. გარეშე თვალს შეიძლება ჰგონია, იოლად მოიპოვა, მაგრამ ასე არ არის.
შორენა
- მეცინება ხოლმე, როდესაც ნატა მირეკავს და ვეუბნები, არ მცალია, გადაღებაზე ვარ-მეთქი. ასე ხდება დილის 10 საათზე და შუაღამის საათებშიც. მისი პასუხია: აუ, არ გეზარება?
ნატა
- ვერ გავუძლებდი მის რეჟიმს. როცა ფილმში იღებენ, ღამეებს ათენებს. შეიძლება მხოლოდ 2 საათი დაიძინოს, მერე ადგება და ვითომ არაფერი, კვლავ საჭირო ფორმაშია. პირადად მე ამას ვერ შევძლებდი.
შორენა
- გადაღებებზე, როგორც კი მეტყვიან, დამთავრდაო, იმავ წუთს ვითიშები.
მაიკო
- როცა შორენას თვისებაზე ვიწყებ ლაპარაკს, უმალ მისი ღიმილი მახსენდება. რაც უნდა ცუდ გუნებაზე იყოს და რამე სტკიოდეს, ყოველთვის იღიმის.
შორენა
- სიმშვიდეს ძნელად ვკარგავ.
მაიკო
- ცდილობს, ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნოს. დასვენება და სულიერი კომფორტი თუ გინდა, მას უნდა მიაკითხო.
შორენა
- ჩემთვის ამ ორ ადამიანში მთავარი ღირსება ისაა, რომ მათ ვენდობი. ეს ნიშნავს, რომ მათთვის მოყოლილი ამბავი წინ არ დამხვდება. ბოლო წლებში ბევრი მეგობარი შევიძინე და ბევრიც დავკარგე, სწორედ იმის გამო, რომ ზედმეტად ბევრი ილაპარაკეს ჩემზე. სამწუხაროდ, ხშირად შევმცდარვარ ადამიანებში.
იოლად ვერ ვენდობი ყველას, მაგრამ რატომღაც მაინც ბევრში შევცდი. ახლა მხოლოდ ამათთან ვარ გახსნილი. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, არ დავამძიმო ჩემი პრობლემებით. ხშირად მეხუმრებიან, შენს თავს იმდენი რამ ხდება, სერიალის გმირი, კასანდრა გვგონიხარო. რაც შეეხება ჩემს უმცროს მეგობარს, ევას, სულ ჩემთანაა. უმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
მართალია, რაც გაიზარდა, უფრო პრეტენზიული გახდა და ხშირად მაბრაზებს. უნდა, უფროსებივით ეცვას, ვარცხნილობა ჰქონდეს და ა.შ.
ევა
- შორენა მსოფლიოში ყველაზე კარგი დედაა. ყოველთვის მაძლევს კარგ რჩევებს. სურვილებს მისრულებს. ყველაფერში მეხმარება.
შორენა
- სხვათა შორის, ახლა ევას ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც მე მქონდა მეგობარ გოგონებთან. ვურჩევ, რომ იცოდეს საკუთარი თავის ფასი და იყოს თავშეკავებული. შეიძლება, ერთ წუთში ემოციის გამოხატვისგან თავი ვერ შეიკავოს, მაგრამ მერე - ინანოს.
ევა
- იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მეჩხუბება კიდეც. მეც ვიცი, რომ რაღაცას ვაშავებ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
მაიკო
- ერთი რამ ვიცი, რომ შორენასთვის მთავარი ევა და მისი სწორი აღზრდაა. ყველაფერს აკეთებს, რომ გოგონას კარგი განათლება მისცეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი დიასახლისია, ყველაფერი ეხერხება, სამზარეულოში ტრიალი არ ეზარება. ხშირად, როცა სამსახურიდან დაღლილი მასთან სახლში მივდივარ, ცდილობს, რამე მომიმზადოს.
გამასპინძლების გარეშე არ გამომიშვებს. შორენას ყველა კერძი მაქვს დაგემოვნებული. მე წვნიანი მიყვარს და მახვედრებს ხოლმე. ძალიან გემრიელ ბორშჩის ამზადებს.
ნატა
- მე შორენას მომზადებული ჩახოხბილი და ყველიანი მაკარონი მიყვარს. მას კი ძალიან უყვარს ბიგთეისთი და ხშირად ნახავთ "მაკდონალდსში".
შორენა
- აი, ეგ კი არ უნდა გეთქვა. სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევა, დილით, უთენია "მაკდონალდსში" ბიგთეისთისთვის შევსულვარ.
ევა
- რადგან დედა და მე ერთად ვცხოვრობთ, ყველაფერი ვიცი, რასაც ამზადებს. ძირითადად, მე მიმზადებს კერძებს. ძალიან მიყვარს მისი მომზადებული სალათები. მაკარონს ამზადებს გემრიელად. მოვასხამ ხოლმე კეტჩუპს და ისე გეახლებით.
ერთხელ ბლინები დავაცხვეთ. შოკოლადი მოვასხით, დაჭრილი ბანანი მოვუწყეთ და ისე მივირთვით. ძალიან გემრიელი იყო. გვაქვს აგრეთვე ჩვენი საფირმო იოგურტი, შოკოლადითა და ბანანით.
შორენა
- ჩვენი მინუსია, რომ ტელევიზორთან გვიყვარს ჭამა. მარტო ვცხოვრობთ, ხელს არავინ გვიშლის და ისე ვიქცევით, როგორც მოგვესურვება. კიდევ, საწოლში გვიყვარს ჭამა. დილა იქნება, შუადღე თუ საღამო, მნიშვნელობა არ აქვს. ვაღიარებ, ძალიან მსუნაგები ვართ.
გვიყვარს სასუსნავი. ზამთარში უფრო ნამცხვრებს ვეტანებით. ჩემი მომზადებული შეიძლება ისეთი გემრიელი არ გამოვიდეს, მაგრამ აუცილებლად ლამაზად გაფორმებული იქნება.
მაიკო
- რაც შეეხება გასტრონომიულ შთაბეჭდილებებს, ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. საერთოდ, ეს ქვეყანა მიყვარს, მისი ისტორია. ეს გახლავთ ერთადერთი ადგილი, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. იქ რომ ვიმყოფები, მგონია, წარსულ ეპოქაში ვმოგზაურობ. რაც შეეხება სამზარეულოს, თავგადაკლული გურმანები არიან.
რომში, კოლიზეუმთან ერთი პატარა რესტორანია, სადაც უგემრიელეს კარბონარეს ამზადებენ. ეს კერძი ყოველდღე შემიძლია მივირთვა. მეც გემრიელად ვამზადებ. ჩემი იტალიელი მეგობრები აღნიშნავენ, რომ მათზე უკეთ გამომდის.
ნატა
- მე ჩინური სამზარეულო მომწონს. ერთი ხორციანი კერძი აქვთ - "ხორცი სიჩუანურად", რომელსაც ყველა სახის სოკო ურევია. ტკბილ-ცხარე სოუსთან ერთად უნდა მიირთვა.
შორენა
- მე სუშის მოყვარული გახლავართ და სადაც უნდა წავიდე, სუშის ვითხოვ. ყველაზე გემრიელი სუში ლონდონში დავაგემოვნე. ძალიან კარგი იყო, რაღაცნაირი, ფაფუკი.
ორაგულის სალათა
ინგრედიენტები:
150 გრ წითელი ორაგული
200 გრ სალათის ფოთოლი
60 გრ პომიდორი ჩერი
30 გრ ზეითუნის ზეთი
20 გ ბალზამირებული ძმარი
ერთი კბილი ნიორი
პილპილი, მარილი.
მომზადების წესი:
ხელით დავაქუცმაცებთ სალათის ფოთლებს, დავამატებთ კუბებად დაჭრილ ორაგულის ნაჭრებს, შუაზე გაჭრილ პომიდორს. მოვასხამთ ზეითუნის ზეთს და ბალზამიკოს. პილპილი და მარილი გემოვნებით.
ქეთი დარჩია
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)
იხილეთ ვიდეო: სექსსიმბოლო შორენა ბეგაშვილს სიმღერა მიუძღვნეს