"რუსთავი 2" ახალი მუსიკალური შოუსთვის ემზადება. აპრილის დასაწყისიდან, მაყურებელი მსოფლიოში ცნობილი და ძალიან პოპულარული პროექტის, "X ფაქტორის" ქართულ ვერსიას იხილავს.
ქასთინგი საქართველოს მასშტაბით უკვე ჩატარდა და მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქართველი მაყურებელი ჯერ შესარჩევ ტურებს იხილავს, რის შემდეგაც დაიწყება პროექტი, რომელიც, როგორც პროდიუსერები გვპირდებიან, ყველასგან განსხვავებული იქნება.
შოუს საკმაოდ საინტერესო ფორმატი აქვს, მონაწილეები ქასთინგს ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გადიან, ჟიურის წევრები კი მათი მენტორები ხდებიან.
ცნობილია უკვე ჟიურის ოთხკაციანი შემადგენლობაც. ესენი არიან: თოქ-შოუ "არჩევანის" წამყვანი გიორგი გაბუნია, მომღერალი და "რუსთავი 2"-ის მუსიკალური ხელმძღვანელი სოფო ტოროშელიძე, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და საბერძნეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი თამთა გოდუაძე, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ეწვევა თბილისს.
თამთა საბერძნეთში პოპის ჟანრში მოღვაწეობს, ის არაერთხელ დასახელდა საუკეთესო მომღერლად და გამოირჩევა თამამი და ექსტრავაგანტური ჩაცმულობით. საბერძნეთში მისი კარიერა შოუ "სუპერ აიდოლიდან" დაიწყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. დღეს მისი სიმღერები ჩარტებში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებს.
სოფო ტოროშელიძე: - ვფიქრობ, რომ ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება. მგონია, რომ "რუსთავი 2" საკუთარ თავს აჯობებს და რეკორდებს მოხსნის, რადგან ეს სუპერთანამედროვე, სრულიად ახალი და ძალიან მრავალფეროვანი პროექტი იქნება. პირველ რიგში, შოუში ის არის მრავალფეროვანი, რომ 4 სხვადასხვა კატეგორიაა. ამიტომ ძალიან საინტერესოა საყურებლად და საგულშემატკივროდ.
ჩემთვის, როგორც მუსიკალური ხელმძღვანელისთვის და როგორც ჟიურის წევრისთვის, მთავარია, რომ ეს პროექტი შედგეს, იყოს ძალიან მაგარი და ამაში ეჭვი არ მეპარება. ჟიურის ამპლუა ჩემთვის ახალია, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილება იქნება. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მენდნენ.
- როგორ შეირჩა ჟიურის შემადგენლობა?
- როგორც წესი, პროექტის პროდიუსერები და ხელმძღვანელობა წყვეტს ამ საკითხს და ერთობლივად მოხდა ჟიურის შერჩევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ჟიურის წევრი თამთა გოდუაძეა. ის საბერძნეთში მოღვაწე ახალგაზრდა, წარმატებული მომღერალია, რაც მნიშვნელოვნად აისახება შოუს რეიტინგზე.