სტუდენტობისას თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლებოდა.
თაყვანისმცემლების სიმცირეს არ განიცდიდა, თუმცა ყველაზე მეტად საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს გაუმართლა, რომელსაც უთქვამს, - მაკას სილამაზეს ყველა აღნიშნავს, მაგრამ გაცილებით ლამაზი და მდიდარი სული აქვსო.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა პირველი ლედის მოვალეობებს სწორედ მაკა ჩიჩუა ასრულებს. "კვირის პალიტრა" მაკა ჩიჩუას ესაუბრა:
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ?
- ისევე ვცხოვრობ, როგორც ადრე; უბრალოდ, პასუხისმგებლობა გაიზარდა. ყველას ჰგონია, რომ განსაკუთრებული რეჟიმი მაქვს ან ჩემს ცხოვრებაში რაიმე რადიკალური ცვლილებები მოხდა... ზოგადად, ყველა ეტაპს თავისი ცვლილება მოაქვს და ეს გასაკვირი არც არის. ალბათ, ცვლილებების გარეშე ცხოვრება უინტერესოც იქნებოდა...
- რთულია პრეზიდენტის გვერდით ცხოვრება?
- უპირველესად, მე საყვარელ ადამიანთან ვცხოვრობ, საყვარელ ადამიანთან ცხოვრება კი რთული ნამდვილად არ არის.
- თქვენ და გიორგი პატრიარქმა დაგლოცათ. მას შემდეგ თუ ყოფილხართ პატრიარქთან?
- არაერთხელ. პატრიარქთან ყოველი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
- სად გაიცანით გიორგი?
- ერთმანეთი ჩვენმა შვილებმა გაგვაცნეს. სწორედ მათ დაგვაახლოეს. მაშო და ანა მეგობრები არიან, ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან... როგორც კი გიორგის დავუახლოვდი, მივხვდი, რომ უსასრულობის განცდა სიყვარულში ყოფილა შესაძლებელი. გიორგი დღითიდღე სულ უფრო მეტად მიყვარდება და ეს შეგრძნება არასდროს მთავრდება.
- ყველანი ერთად ცხოვრობთ?
- ჩვენ უკვე დიდი შვილები გვყავს. მაშკა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ანა მთაწმინდაზეა, გიორგის მშობლების სახლში. ჩვენ, ძირითადად, ქალაქგარეთ ვართ. გიორგის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იქ ხშირად ვიკრიბებით ყველანი ერთად. ძალიან გვიყვარს დუშეთის სახლი.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge