სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ნინა აპრილის შუა რიცხვებში შვილს ელოდება. მსახიობი ანი ტყებუჩავა, თავისი გმირისგან განსხვავებით, პირველი შვილის დედა გახდება.
მიუხედავად ამისა, ანი სერიალს არ გამოეთიშება. სერიებს წინსწრებით იღებენ, ამასობაში კი მსახიობი ბავშვის გაჩენას და სერიალში დაბრუნებასაც მოასწრებს. ანი გოგოს ელოდება, სახელის რამდენიმე ვარიანტი აქვს და ბავშვს რომელიც მოუხდება, იმას დაარქმევს.
ანი ტყებუჩავა: მე მგონი, გოგოა, ჯერჯერობით ასე ვიცით. აქამდე ბიჭიაო მეუბნებოდნენ. სახელი ორივე შემთხვევაში მოფიქრებული გვაქვს. რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ დასახელებისგან ჯერ თავს ვიკავებ. ვნახოთ, რომ დაიბადება, მერე უკეთესად გადავწყვეტთ მე და მამა. გვინდა სახელი თვითონაც უხდებოდეს.
- წონაში ბევრი მოიმატეთ?
- ჩვეულებრივად, როგორც ხდება ხოლმე. ისე, რომ მნახულობენ, ძალიან უკვირთ ხოლმე, ეკრანზე ძალიან მრგვალი ხარო და ისე არა. როგორც ჩემი ექიმი ამბობს, ნორმის ფარგლებში ვარ მომატებული. ჯერ არ ვიცი, სად ვიმშობიარებ. კონსულტაციაზე სადაც დავდივარ, ბოლო ვიზიტი დამრჩა და იქიდან რომ გამომატანენ საბუთებს, მერე გადავწყვეტ.
- ფიზიოლოგიურად აპირებთ მშობიარობას?
- დიახ, იმდენად დიდი მოლოდინი მაქვს, რომ არ მეშინია, უფრო მიხარია.
- მეუღლე დაესწრება მშობიარობას?
- კი, თუ რამე ვირუსი არ ექნება ამ გაზაფხულზე. ერთადერთი ეს არის ალბათ, რაც ხელს შეგვიშლის. თავიდანვე ორივემ ასე გადავწყვიტეთ და ორზე გადავანაწილეთ. იმედია, არ გადაიფიქრებს.
- სერიალში უფრო ნაკლები დატვირთვით იქნები?
- სერიალს, ვცდილობ, რომ არ შეეტყოს, რადგან ახლა წინსწრებით ვიღებთ. ანგარიშს მიწევენ, რომ ყურადღების ცენტრში არ არის ნინა. მე მგონი, მაყურებელი ვერ მიხვდება. არ ვაპირებ დეკრეტში გასვლას. მხოლოდ რამდენიმე კვირა თუ მექნება, რომ ბავშვი სახლში მოვიყვანო და ცოტა მეც აზრზე მოვიდე. რაღაც დღეები მომიწევს დატვირთვა, რაღაც დღეები დავისვენებ, ეს ხომ ოფისივით სამსახური არ არის.
ეკა ჩიკვაიძე