ორშაბათიდან ”რუსთავი 2”-ის ეთერში მუსიკალური პროექტი ”იქს ფაქტორი” იწყება. კონკურსანტების შეფასება, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, პროექტის მესვეურებმა საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, თამთა გოდუაძესაც მიანდეს.
სანამ პროექტი ეთერში გავა, ჩვენ თამთასთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- თამთა, დღეს ”X-ფაქტორის” ბოლო ქასტინგი გაიმართა. როგორია თქვენი შეფასება, რა შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე ქართველმა შემსრულებლებმა?
- ქართველების ნიჭში ეჭვი არასდროს შემიტანია, ყოველთვის გვეხერხებოდა სიმღერა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. პატარ-პატარა ნიუანსები არის, რის გამოსწორებასაც ვისურვებდი ახალგაზრდებში.
- კერძოდ?
- ცოტა მეტი გახსნილობა სჭირდებათ, შებოჭილები მეჩვენებიან. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. მათიც მესმის. ისინი ხომ დამწყები მომღერლები არიან. მეც როცა პირველად გამოვდიოდი მსგავს პროექტში, მათსავით შებოჭილი ვიყავი. ცოტათი დაკომპლექსებულებიც ჩანან. რამდენჯერმე, როცა ჟიურის რომელიმე წევრმა სიტყვა სექსუალურობა ახსენა, დარბაზშიც და კონკურსანტებშიც უხერხულობის მომენტი შეიქმნა. ღიმილსაც კი იწვევს ეს სიტყვა მაყურებელში. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიტყვა ოცდამეერთე საუკუნეში ვინმესთვის შეურაცხყოფას ნიშნავს. ეს კომპლიმენტია და ასე უნდა მიიღოს ყველამ.
- თამთა, ერთ-ერთ კონკურსანტს სტეფანემ ასეთი რამ უთხრა, ეს ის შემთხვევაა, როცა სიამოვნებით დაგითმობდი ადგილს, შენ ნამდვილი მუსიკოსი ხარო. თქვენ თუ გაგჩენიათ მსგავსი განცდა რომელიმე მონაწილეზე?
- რა თქმა უნდა. ჩვენ შეიძლება ჟიურის სავარძელზე ვსხედვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე რამით მეტნი ვართ. ძალიან ბევრ მონაწილეზე გამიჩნდა ზუსტად ეს შეგრძნება, რომ მე მას ვერც ვერაფერს ვურჩევ და ვერც ვასწავლი. ბევრ ისეთ მონაწილეს მოვუსმინეთ... მე იმ ასაკში ნამდვილად არ ვიყავი ასეთი მაგარი.
- კონკრეტულად შეგიძლიათ, რომელიმე გაიხსენოთ?
- სახელების გახსენება ნამდვილად გამიჭირდება, საქართველოში ხომ ყველა მარიამი და გიორგია (იღიმება). მაგრამ ძალიან ბევრმა მოახდინა ჩემზე გავლენა.
- ქართული სიმღერა მომენატრაო, ერთ-ერთ მონაწილეს უთხარით...
- მართლა ძალიან მომენატრა. მესმის ჟიურის დანარჩენი წევრების, როცა გაცილებით მკაცრები არიან ქართული სიმღერის შეფასებისას, მაგრამ მე პირიქით მემართება, ასეთ შემთხვევაში გაცილებით ლოიალური ვარ.
- გული გიჩუყდებათ?
- საერთოდ, გული ადვილად არ მიჩუყდება, იოლად არ ვტირი, მაგრამ ქართული სიმღერის მოსმენა ყველაზე მეტად მსიამოვნებს.
- არც ერთ კონკურსანტზე არ წამოგსვლიათ ცრემლი?
- იყო ასეთი შემთხვევა, გენერლები რომ გამოვიდნენ. ბავშვობიდან მეცოდებიან მოხუცები, თუნდაც არაფერი სჭირდეთ შესაცოდი. შეიძლება უბრალოდ ვუყურო და ვიტირო. ამიტომაც ავედი სცენაზე მათთან და თითოეულს გადავეხვიე, გულში ჩავიკარი. იხუმრეს კიდეც, რამდენი ვარსკვლავიც გვაქვს, იმდენჯერ გვაკოცეო (იცინის). საყვარლები იყვნენ ძალიან. კიდევ, ძალიან ნიჭიერ პატარა ბავშვებზე მიჩუყდება გული. შეიძლება უსაშველოდ ნიჭიერი არ ვიყავი, მაგრამ ეს ჩემს ბავშვობას მახსენებს.
- როცა საქართველოდან შორს ხართ, რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
- ჩემი ხალხი და ჩემი მეგობრები. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ აქაური ჰაერის სუნიც კი მენატრება. ყველა ქვეყანას თავისი სუნი აქვს. საბერძნეთში იმას რომ არ ვაკეთებდე, რაც ძალიან მიყვარს, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი ქვეყნიდან შორს ცხოვრება.
- რომ დამთავრდება ეს პროექტი, როგორი მოგონება დაგრჩებათ?
- ტკბილი, ემოციური და თბილი. 13 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი საქართველოში. ალბათ რთულია, ჩემს მდგომარეობაში ვინმე შევიდეს, მაგრამ ძალიან მინდა, კარგი დამოკიდებულება გაჩნდეს საზოგადოებაში ჩემ მიმართ. საუბარიც მიჭირს ქართულად.
- ვერ ვიტყოდი...
- ისე კარგად ვალაგებ ხოლმე ფრაზებს და მერე გამოთქმა მიჭირს (იცინის). მაინც კმაყოფილი ვარ, მეგონა, უფრო მეტად გამიჭირდებოდა. ცოტა დრო მჭირდება, ლაივ-შოუებზე ალბათ კიდევ უფრო გავიმართები... კიდევ? კიდევ აქაური ემოცია დამრჩება. ქართული აპლოდისმენტებიც კი სხვანაირად ჟღერს. დედაჩემს ვეუბნებოდი, შენ არაფერზე ინერვიულო, შეიძლება რაიმე ისეთი მაინც გამოძებნონ ჟურნალისტებმა და დაწერონ-მეთქი. მე კი მიჩვეული ვარ, მაგრამ დედა ალბათ განსაკუთრებით ინერვიულებს, თუ ქართულ პრესასა და ტელევიზიაში ცუდად გამოვჩნდები. ცუდს არაფერს ვაკეთებ. მიყვარს ჩემი ხალხი და მათაც მინდა ვუყვარდე.
ნინო მჭედლიშვილი