სალომე ტეტიაშვილს სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. მის მიერ სუფრასთან ნამღერმა რამდენიმე ქართულმა სიმღერამ ინტერნეტმომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამას მოჰყვა 19 წლის გოგონას მიწვევა სატელევიზიო შოუებში, საიდანაც მისი სოციალური მდგომარეობაც შევიტყვეთ. უმამოდ გაზრდილმა გოგონამ მაყურებლის სიყვარული მალე მოიპოვა. როგორც უკვე იცით, სალომეს დედა, ქალბატონი თამრიკო, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობს. დედა კულისებიდან უყურებდა სცენაზე გასულ შვილს.
სალომემ ფრედი მერკურის in my defance შეასრულა და დარბაზისა და ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია. ძლიერი ხმა - ეს იყო მთავარი კომპლიმენტი, რაც სხვა ქათინაურებთან ერთად, სალომემ ჟიურის თითქმის ყველა წევრისგან მიიღო. განსაკუთრებულად ემოციური იყო თამთა გოდუაძის შეფასება. იმდენ ხანს გრძელდებოდა სალომეს ქება, შემსრულებელს თვალზე ცრემლიც კი მოადგა. კულისებში გამოსულ კონკურსანტს რამდენიმე შეკითხვით მივმართე:
- სალომე, ყოველთვის გეშინოდა კონკურსების და ამის გამო ბევრ პროექტში არ გაგიმართლა. დღეს როგორ დაძლიე ნერვიულობა, ჟიურის სიმპათია რომ დაიმსახურე?
- არ ვიცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის მიმართ და არ მქონდა უფლება, რომ მათთვის იმედები გამეცრუებინა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ რადგან გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, თავი ხელში ავიყვანე, ძალა მოვიკრიბე, გავრისკე და მე მგონი, გამიმართლა, როგორც იქნა.
- დედა სად იყო, როცა მღეროდი, როგორ გამხნევებდა?
- სანამ სცენაზე გავიდოდი, დედა არ მინახავს. მერე სცენიდან დავინახე, კულისებში იდგა და იქიდან მიყურებდა. დედა ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მე ამას შევძლებდი. ამიტომ ძალიან არ უნერვიულია.
- ჟიურის წევრებისგან ვისი შეფასების გეშინოდა ყველაზე მეტად?
- გიორგი გაბუნიას შეფასების მეშინოდა. "იქს ფაქტორის" რამდენიმე შესარჩევ ტურს დავესწარი და ჟიურის სხვა წევრებთან შედარებით მკაცრი და მომთხოვნი იყო, ზედმეტად პირდაპირი. მაგრამ სიმღერის დროს, როდესაც მისი გაღიმებული სახე დავინახე, დავმშვიდდი.
- გახსოვს, როგორ შეგაფასა ჟიურიმ?
- არა, მართლა არ მახსოვს (იღიმება).
- მაშ, რატომ წამოგივიდა ცრემლები?
- ისეთი აჟიტირებული და გახარებული ვიყავი, როცა ფეხზე ამდგარი ხალხი დავინახე...
ეს სიხარულის ცრემლები იყო.
- თვითონ კმაყოფილი ხარ შენი ნამღერით?
-არ ვიცი, ძალიან ვინერვიულე, ნახევარი არ მახსოვს, რა ვიმღერე. მაყურებლის დადებით ემოციას ვგრძნობდი, მათ კმაყოფილ სახეებს ვხედავდი და მთლიანად მათზე ვიყავი გადართული. ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, კარგი იყო. ისე, ჩემი ნამღერით არასოდეს ვარ კმაყოფილი.
- რამდენიმე შესარჩევ ტურს დავესწარიო. მითხარი, რას ფიქრობ კონკურსანტებზე, ძლიერი კონკურენტები გყავს?
- საკმაოდ ძლიერი ბავშვები იყვნენ კასტინგზე, დიდი კონკურენციაა. ამას ემატება ის, რომ მანამდე სხვა კონკურსებში მონაწილეებს, გამარჯვებულებსაც კი აქვთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, მათ მეტი გამოცდილება აქვთ და მეტად დახვეწილები არიან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დიდი "ბრძოლა" მომიწევს გამარჯვებისთვის.
ნინო მჭედლიშვილი