გუშინ "რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორმა" სტარტი აიღო. მუსიკალური პროექტის ჟიური, წამყვანები, სტაფი და 40 მონაწილე, რომლებიც ჟიურის წევრებმა უკვე მეორე ტურში გადაიყვანეს, "მაგთი კლუბში" შეიკრიბნენ და პირველ გადაცემას ერთად უყურეს.
იყო ოვაციები თითოეულის გამოსვლაზე, ტაში; ხოლო სტეფანე და გიორგი გაბუნია აქაც ერთმანეთს "კბენდნენ". პროექტის ექსტრავაგანტური წამყვანი, თამთა გოდუაძე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა ისრაელიდან.
მასთან ახლოს იჯდა ნიკა შერმაზანაშვილი, ის ბიჭი, თამთას თვალი თვალში რომ გაუყარა და შემდეგ სიმპათიებშიც გამოუტყდა სცენიდან. შეგახსენებთ, რომ ნიკა "მაესტროს" მუსიკალური პროექტის, "მაგთი-ფანის" ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. ასევე, მან მონაწილეობა მიიღო ცოტა ხნის წინ გამართულ კონკურს "მისტერ ვალენტინზე" და "ვიცე-მისტერ ვალენტინიც" გახდა. მაყურებელი ალბათ დამეთანხმება, რომ ნიკა მართლაც ძალიან სიმპათიურია.
"მაგთი კლუბში" შეკრებილმა გოგონებმა ისიც კი აღნიშნეს, ნიკა ზურა ყიფშიძის ახალგაზრდობას გვაგონებსო. ზურა ყიფშიძემდე ნიკას ალბათ ბევრი აქვს გასავლელი, მაგრამ მისი ნავარჯიშები სხეული და გამჭოლი მზერა ჟიურის ექსტრავაგანტურ წამყვანს, თამთა გოდუაძეს არ გამოჰპარვია.
გუშინ კონკურსის ყველაზე პიკანტური ეპიზოდის შესახებ თამთას რამდენიმე შეკითხვა დავუსვი.
- თამთა, ნიკაზე მინდა გკითხო, შენი "კი" მისი თვალების ბრალი იყო?
- არანაირად, ხომ მოისმინეთ, მშვენივრად მღერის. იცი, რა მომეწონა მასში? ძირითადად, მორიდებულები არიან ხოლმე კონკურსანტები. ნიკა გამოვიდა და თვალებში ცეცხლი ენთო, საოცარი მზერა ჰქონდა, არაფრის არ რცხვენოდა.
- მამაკაცები, ძირითადად, თვალებში ვერ მიყურებენო, თქვი. რას გულისხმობდი?
- რაც ვთქვი, იმას ვგულისხმობდი, იმაზე მეტს არაფერს (იცინის).
- ნიკა, სცენიდან, ფაქტობრივად, სიყვარულში გამოუტყდი ჟიურის ერთ-ერთ წევრს. ეს გათვლილი გქონდა თუ ექსპრომტად მოხდა?
- თამთა ამ პროექტში გავიცანი. აქამდე მის შესახებ არაფერი ვიცოდი, არც ის, რომ მომღერალი იყო და საბერძნეთში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა. სცენაზე გამოვედი და დავინახე ძალიან ლამაზი გოგო. მაშინვე გამიჩნდა გარკვეული ემოციური ფონი.
- უფრო კონკრეტულად?
- ძალიან მომეწონა პირველ რიგში ვიზუალურად, მერე გადავატრიალე ინტერნეტი და მოვუსმინე მის სიმღერებს, კლიპებს და კიდევ უფრო მოვიხიბლე მისით.
- შენსავით პირდაპირი სცენიდან ბევრი არ ყოფილა...
- მე თავისუფალი ადამიანი ვარ, არ შემიძლია სიყვარულნარევი ემოციების დაფარვა. როცა ვამჟღავნებ, მსიამოვნებს.
- როგორ გგონია, ამან გაჭრა?
- არა, მხოლოდ ჩემს ვიზუალს და სითამამეს ნუ დააბრალებთ ჩემ შემდეგ ტურში გადასვლას. ეს ვოკალის, ხმისა და მუსიკალურობის დამსახურებაა.
- ანუ თვალები არაფერ შუაშია?
- თვალებიც, მაგრამ არამხოლოდ (იცინის).
სპეციალურად საიტისთვის ნინო მჭედლიშვილი