ცოტა ხნის წინა "ტვ11"-ის ეთერში, გადაცემა "ჩაის თემაში" მსახიობი დუტა სხირტლაძე იყო მიწვეული, სადაც მის გამოსვლას - "ქართველობას გვართმევენ" საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ დავუკავშირდით დუტას და კომენტარი ვთხოვეთ:
- "ქართველობას გვართმევენ" ჩემი თემის სათაური არ ყოფილა, მერე დაარქვა ვიღაცამ. თემის სათაური იყო - სადღაც მარცვალი გვაქვს დაკარგული და ის უნდა აღვადგინოთ. ამ თემაში მე, უპირველესად, საკუთარი თავი მოვიაზრე, რადგან მეც ზუსტად ისევე ვარ გაზრდილი, როგორც იქ ვილაპარაკე. თუ ყურადღებით მოუსმინეს, მე ყველაფერი საკუთარი მაგალითებით მოვყევი, რადგან მე არ მასწავლიდნენ ისტორიას, მე ვცხოვრობდი პოლონეთში და სხვ.
ერთადერთი, რაც იქ სხვის მაგალითზე ვთქვი, იყო რუსული ჯარი, მაგრამ ესეც არაა ჩემთვის უცხო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახლში ორი ჯვარი მიდევს, რომელიც რუსულ ჯარში მოიპოვა ჩემმა დიდმა ბაბუამ, სხვათა შორის, გიორგი მაზნიაშვილთან ერთად ბრძოლის დროს. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ისტორიის ცოდნაშია და მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ჩვენ გვაქვს ის პატარა მარცვალი მოსაძებნი, სადაც შეგვიწყვიტეს ჩვენი წარსულის ცოდნის ამაღლება და მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ეს ყველაფერი ამოეშალათ ჩვენი ცნობიერებიდან. "ქართველობას გვართმევენ" - ეს ამ თემაში ჩამჯდარი ერთი პატარა ნიუანსი იყო. მე ვთქვი, რომ ქართველობა წაგვართვეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა გეორგიევსკის ტრაქტატის მერე, რუსებმა მეგობრობის ნაცვლად დაიწყეს საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმება.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge