ჩვენი რესპონდენტი ეპატაჟური მუსიკოსი თეონა კონტრიძეა. თეონას რუსეთში წარმატებული კარიერა აქვს. საქართველოში რამდენიმე თვის წინ, ნოე სულაბერიძის მოწვევით ჩამოვიდა და პროექტის, "ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრი გახდა.
- თეონა, ვიცი, რომ ეს სამი თვე ყოველ კვირას გიწევდა რუსეთში წასვლა, "ორი ვარსკვლავისთვის" კი ისევ თბილისში ბრუნდებოდი. რთული იყო ამ გრაფიკში ცხოვრება?
- ჩემთვის ისეთი ორგანულია ფრენა, მეგონა, ამ რიტმს გავუძლებდი, მაგრამ დავიღალე, 3 დღე მოსკოვში ვიყავი, 4 დღე - თბილისში. ბოლო ერთი თვე გაუსაძლისი იყო, მოსკოვში მინდოდა, ბავშვებთან, სახლში და საერთოდ, ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდოდა.
თან, მოგეხსენებათ, საქართველოში ნეგატივთან შერკინებას ნერვები სჭირდება. ამისთვის მზად არ ვიყავი. ყველას ვუყვარვარ მოსკოვში. 21 წელია, არ ვცხოვრობ საქართველოში და არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა.
მზად ვიყავი იმისთვის, რომ 99 კარგი იქნებოდა და 1 ცუდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. პირდაპირობა თურმე დიდი დეფიციტი ყოფილა. აუცილებელია, პირდაპირობა უზრდელობაში არ გადადიოდეს, მაგრამ შენი აზრის დაფიქსირება უნდა შეგეძლოს. მე ჩემი პროფესიონალიზმის გამო ვიყავი მოწვეული პროექტში.
არ შეიძლება აღმიქვა მხოლოდ პიროვნება, რომელიც ეპატაჟს ეძებს. იმდენი რამე გავაკეთე, როგორც მუსიკოსმა და პიროვნებამ, მე ეპატაჟი არ მჭირდება. არ ვეძებ ეპატაჟს ქვეყანაში, სადაც ეს არ მოიტანს დივიდენდს. პიარი პიარისთვის ჩემთვის უაზროა; თუ პიარს ფული არ მოაქვს, უინტერესოა ჩემთვის.
- შენ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან მახსენდება ქართლის დედაზე გაკეთებული შეფასება...
- ეგ ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი რეკლამისთვის. გამაკვირვა ხალხის რეაქციამ, ვინც გადაცემა არც ნახა და ამ ფრაზაზე გახურდა. მე ვთვლი, ამ ფრაზაში არ იყო ექსტრიმი, ჩემი მოგონილი არ არის ეს ფრაზა.
უკვე 25 წელია საქართველოში ქალებმა იმარჯვეს და კაცები წამოკოტრიალდნენ ტახტზე. მე ვხედავ რუსეთში, გზაზე, რესტორნებში დასაქმებულ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კაცებს, მაგრამ ქართველი კაცი არ მინახავს. ქართველი კაცია ზარმაცია, ურჩევნია, თვითონ წამოკოტრიალდეს და ცოლი გაუშვას სამუშაოდ.
საბჭოთა კავშირის მერე, როგორი სუსტიც უნდა ყოფილიყო მამაკაცი, ოჯახი მისგან კულტს ქმნიდა და ყველას სჯეროდა, რომ ეს იყო ნახევრად ღმერთი. კერპთაყვანისმცემლობაა საქართველოში კაცის მიმართ. დედა, ბებია და ეს მემკვიდრეობა ცოლს რჩება და საწყალი ცოლი ცხოვრების ბოლომდე ამაზე "პახაობს".
მე არ ვთვლი, რომ ბიჭმა უნდა დარეცხოს ჭურჭელი, ეს არ არის ლამაზი, მაგრამ როდესაც სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, არასოდეს მხვდება ჭურჭელი გასარეცხი. ჩემი ქმარი ამას ისე გააკეთებს, თხოვნაც არ დასჭირდება. მეც დავაყენებ ახალ ნათურას, თუ ქმარი სახლში არ არის.
იხილეთ სრულად: ambebi.ge