მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ბოლო დროს არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა - იმღერა, იცეკვა, პოპულარულ სერიალშიც გადაიღეს. ახლა სერიოზული ნახტომისთვის ემზადება, ზაზა შენგელიამ "ბრავო რეკორდსში" მიიწვია - საკონცერტო პროგრამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა.
ამასთან, საზაფხულო სიმღერის ჩაწერასაც აპირებს, რომელსაც გაჰიტებას უწინასწარმეტყველებს.
მოკლედ, ახლა ის ბლიც-სერიის, ანუ "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, ახლაც გულწრფელი აღმოჩნდა, საკუთარი თავი კრიტიკულადაც შეაფასა და რაღაც კითხვებს იუმორითაც მიუდგა...
- სად ხარ ახლა?
- სახლში ვარ და თმას ვიხვევ, "პალიტრა ტვ"-ში უნდა გავიქცე, "განოსა და კოტეს შოუში"...
- როგორ ხასიათზე ხარ?
- დღეს რომ გავიღვიძე, უკვე მზე იყო ამოსული, აივანზე გავედი და მშვენიერ ხასიათზე დავდექი. ისე, ბოლო დროს გამოვიმუშავე ასეთი რამ: როგორი ამინდიც უნდა იყოს (წვიმა თუ ქარიშხალი), ვამბობ, რა კარგია, დღეს მშვენიერი ამინდი იქნება-მეთქი და არაჩვეულებრივ გუნებაზე ვდგები...
- ნინა, ვაკელი ხარ?
- მე გორელი ვარ, მაგრამ ვაკეში ვცხოვრობ...
- "სოფლელს" ვის უწოდებ?
- კარგ სოფელს და სოფლის მოსახლეობას რა ჯობია?! ვგიჟდები დასავლეთ საქართველოს სოფლებზე. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ იქ სადმე, რომელიმე რაიონში სახლი მქონოდა, რადგანაც მათი გამწვანებული და მოვლილი ეზოები სულ მომწონდა...
ისე კი, "სოფლელობა" რაზეც მკითხე, მიმაჩნია, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. მაგრად მესოფლელებიან "შავი გაგების" ქალები და კაცები. აი, ჩემთვის ეგენი არიან ჩარჩენილები და განუვითარებლები...
- მოდი, საკუთარი თავი შორიდან შეაფასე...
- ნინა არავის არაფერს უშავებს, აქვს უამრავი პრობლემა, ტკივილი, მაგრამ არ შეუძლია სამაგიეროს გადახდა. ცდილობს, ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოს იმდენად, რომ ამით საკუთარ თავსაც კი აზარალებს. სულ ჰგონია, რომ მის გარშემო ყველა კარგია, მაგრამ მერე ხვდება, რომ ასე არ არის. თავს გვიან აჯერებს იმაში, რომ ვიღაცაში უაყოფითი თვისებები შენიშნოს...
ცდილობს, ადამიანებს ირგვლივ კომფორტი შეუქმნას და საკუთარ პრობლემებს არავის ახვევს... კულინარიულ ამბავში ცოტა ზარმაცია, თან, ეს საქმე მისდა სამარცხვინოდ, კარგად არც გამოსდის, ალბათ იმიტომ, რომ გულს ვერ უდებს. მან ბევრი დრო დაკარგა ტყუილად. შეეძლო რაღაცები გაეკეთებინა, რასაც ახლა საკუთარ თავს ვერ პატიობს... მაგრამ არა უშავს...
იხილეთ სრულად: ambebi.ge