რამდენიმე თვეა, სოციალურ ქსელში ყურადღების ცენტრშია ზუგდიდელი მეეზოვისა და მისი შვილიშვილის ფოტო, სადაც ორივე უნიფორმაშია გამოწყობილი... კომენტარებში წერდნენ, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა.
"კვირის პალიტრა" ზუგდიდელ მეეზოვეს, 60 წლის დენიზა გოგიასა და მის პატარა შვილიშვილს, ანდრის დაუკავშირდა...
- ანდრი (თოდუა) 3,5 წლის არის. დილას 6 სთ-ზე ვდგებით და ერთად გავდივართ სამუშაოდ. რამდენიმე ქუჩას ვასუფთავებთ. ანდრის ძალიან უხარია ჩემთან ერთად ყოფნა.. ახლო-ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან, თან ზღაპრებსაც ვუყვები და ასე გაგვყავს დრო.
ძალიან აქტიური, დაუზარელი და ცოცხალი ბავშვია. მისი თანატოლებისგან განსხვავებით, ზარმაცი არ არის. თუ ცუდი ამინდია, მეცოდება და მეშინია, არ გამიცივდეს და არ მიმყავს. არც კარგ ამინდებში დამყავს ყოველდღე. როდესაც თავად მოუნდება, მაშინ მომყვება...
პირველად რომ მითხრა - წამიყვანე, ბებო, რა იქნება, მეც წამიყვანე, შენთან მინდაო, ვიუარე, მაგრამ ძალიან მეხვეწებოდა და მეც წავიყოლე. პატარაა, მაგრამ სხვანაირად ჭკვიანი ბავშვია.
- ანდრის დედ-მამა ჰყავს?..
- დიახ, დედამისი ჩემი ერთადერთი შვილია. სიძეც ჩემთან ცხოვრობს. არც ერთი არ მუშაობს და მართალი გითხრათ, არ გვილხინს, თუმცა ბავშვი ამიტომ ნამდვილად არ დამყავს სამუშაოდ, უბრალოდ, თავად გამოთქვა ამის სურვილი. ზუგდიდში, სამეგრელოს ქუჩაზე ვცხოვრობთ.
აფხაზეთიდან დევნილები არ ვართ, როგორც დაიწერა, ადგილობრივები ვართ, სახლ-კარი გვაქვს, მაგრამ შემოსავალიც ხომ გვინდა? მით უფრო, შვილიშვილები პატარები არიან.
- მეუღლე არ გყავთ?..
- არა, გარდაცვლილი მყავს.
- შვილიშვილიც ერთი გყავთ?..
- არა, ანდრის ერთი წლით უმცროსი ძმა ჰყავს, ილია.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge