ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების დღეს მისი პოლიტიკური პარტნიორი და მეგობარი ვახტანგ რჩეულიშვილი ტელეკომპანია ''კავკასიის'' ეთერში ღვინითა და შოთის პურით მივიდა.
დავით აქუბარდიას გადაცემაში, ღია ეთერში, შოთი ამოიღო, ღვინო დაისხა და, როგორც თავადვე თქვა, ბაბუს შესანდობარი დალია.
ამ ჟესტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი პოლიტიკოსის ამ ქმედებაზე დიდხანს ქილიკობდა. ეს ვიდეო ყველა იუმორისტულ გადაცემაში მოხვდა, აზიარებდნენ "ფეისბუქგვერდები". ამდენად, ჩვენს რესპონდენტთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ბატონო ვახტანგ, ნახევარი საქართველო ქილიკობს თქვენ მიერ ედუარდ შევარდნაძის მოგონებაზე ''კავკასიის'' ღია ეთერში. იმასაც ამბობენ, გადაცემაში ნასვამი მივიდაო, მართალია?
- რასაკვირველია, მართალია. მე და მაია თელავში გახლდით, ეს ამბავი რომ გავიგეთ. ედუარდთან მაიას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტის დამტკიცების დროს ედუარდი მაიას ურეკავდა. მერეც, როცა მე აღარ მქონდა ძალა, მაიას დარჩა ეს პოლიტიკური კავშირები. ჩემი ფიცხი ხასიათის გამო ყველა პოლიტიკურ ლიდერს მასთან ერჩივნა ურთიერთობა. ასე რომ, მან უფრო დაკარგა მეგობარი.
მაიას სოფო შვილივით უყვარს. სოფოსაც დედასავით უყვარს მაია. მამაჩემი, შალიკო, საავადმყოფოში რომ იწვა, უკვე მძიმედ იყო, სოფო მოვიდა მის სანახავად. ამ დროს შევარდნაძის ისეთი ოპოზიცია ვართ, ედუარდს სანაგვეზე ვაგზავნით მე, ჯუმბერ პატიაშვილი, ვახტანგ რაზმაძე.
სამივე იქ ვდგავართ, მამაჩემთან პალატაში. შემოირბინა სოფომ, მოგვესალმა, მოეფერა მამაჩემს და გაიქცა. რაზმაძემ შემომხედა და მითხრა, მოვ..ან თქვენი ოპოზიციაო (იცინის)...
შორს წავედი... მე და მაიამ იმ დღეს სამ საათზე დავიწყეთ ედუარდის მოგონება თელავში. იქიდან უკვე ნასვამი წამოვედი. აქუბარდიამ დამირეკა, გადაცემაში უნდა მოხვიდეო. პური არის სხეული უფლისა, ღვინო - სისხლი. წამოვიღე ორივე თელავიდან და მოვიგონე ბაბუ აქუბარდიას ეთერში.
აბა, მწვადს ხომ არ მივიტანდი გადაცემაში. ეს იყო შერიგებისა და პატიების სუფრა. სულ არ მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ამის გამო მაქილიკებენ. რომ ვნახე, როგორ იწყევლებოდნენ ზვიადისტები, გულმა არ მომითმინა. ამის პასუხი იყო ჩემი ასეთი ჟესტი...
ერთხელ ედუარდმა მე და მაია კინაღამ გაგვალოთა. 1995 წელს, როცა უპირობო ლიდერი ვიყავი, ედუარდის მარჯვენა ხელი და ვიცე-სპიკერი, არჩევნების შემდეგ უპარტიოდ დავრჩი. ჩემმა პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტის გარეთ აღმოვჩნდი. ჟვანიამ ჩამიჭრა გზები და ის გახდა პარლამენტის თავმჯდომარე.
ამის მერე თითქმის მთელი წელი არ დაურეკავს ედუარდს ჩემთვის. ასე იცოდა ადამიანის გულიდან ამოგდება. მაშინ თბილისში სინათლე არ იყო, ''დვიჟოკის'' ენერგიაზე გვენთო ნათურა. ლობიოს მოხარშავდა ხოლმე მაია, დავიდგამდით წითელ ღვინოს, ვსვამდით და ვფიქრობდით, რა გაგვიკეთა ეს ედუარდმა. ძლივს გამოვედით მდგომარეობიდან (იცინის).
- მაიამ რა გითხრათ, ამ გადაცემას რომ უყურა?
- მისაყვედურა, შე კაცო, გეთქვა, ლამაზ ბოთლში მაინც ჩაგისხამდი იმ ღვინოსო (იცინის).
- ბატონო ვახტანგ, ''ორი ვარსკვლავის'' მერე აღარ გვინახავხართ. როგორ გრძელდება თქვენი მუსიკალური კარიერა?
- არასაკონკურსო დღეს ბოლო სიმღერა მე და ნინამ ხომ პლუსზე ვიმღერეთ. ეს ჩანაწერი მაქვს და ზოგჯერ მახინჯაურში, ჩემს რესტორანში ვმღერი ხოლმე ჩემს სტუმრებთან. ვმღერი კი არა, პირს ვაღებ. ლევან ჯავახიშვილი რომ იყო ამას წინათ მეუღლესთან ერთად ''უიქენდზე'', მაშინაც ვიმღერე. მაია დამცინის, რომ ვმღერი.