მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ბოლო ერთი თვე მეუღლე გაიანე ხაჩიძესა და შვილთან ერთად საქართველოში გაატარა.
ამჯერად ყოფილ მეუღლეს, თამუნა მუსერიძეს, არ შეხვედრია, თუმცა თბილისში ბოლო სტუმრობისას, როდესაც თამუნასთან ერთად ერთ-ერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და მასთან შეხვედრის სცენა აღწერა, ოჯახში პრობლემა შეექმნა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა.
- საქართველოში ყოველ წელს იანვრის ბოლოს ჩამოვდივარ, 25 იანვარს დედაჩემს დაბადების დღე აქვს. ეს ამბავი, მგონი, მთელმა საქართველომ იცის. უკვე კარგად იციან, წელიწადის რომელ დროს შეუძლიათ, თბილისში გამომიჭირონ.
შარშან გამონაკლისი მოხდა. წელიწადის სამ დროს ვიყავი საქართველოში. სამი კონცერტი მქონდა. აქედან ორ შემთხვევაში კონცერტის ორგანიზატორებს დავდევდი, რომ ჩემი ფული ამეღო. მესამე კორპორატიულმა საღამომ მშვენივრად ჩაიარა, რადგან ქართველებთან არ იყო დაკავშირებული და ფული მაშინვე გადამიხადეს.
- აიღე თანხა, რომელსაც ორგანიზატორები არ გაძლევდნენ?
- საქართველოში ერთმანეთის აყირავება და თითის ერთმანეთისკენ გაშვერა, რომ მან უნდა გადაიხადოს და მე - არა, ყოველთვის იყო. ჩემი თანხა ორივე შემთხვევაში ავიღე. ერთმა ერთ კვირაში მომცა, მეორემ წელიწადზე მეტხანს მაწვალა და საქმე ლამის სასამართლომდე მივიდა, მაგრამ საქმის სასამართლოში გარჩევის მე თვითონ შემრცხვა.
საბოლოოდ გადაიხადეს... ერთ თვეზე მეტია, საქართველოში ვარ ჩამოსული მთელი ოჯახით. ბათუმსა და კვარიათში დავისვენეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩემი ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა, მე თბილისში დავრჩი რაღაც საქმეების მოსაგვარებლად.
- მოსკოვში ძალიან პოპულარული გახდი მას შემდეგ, რაც პროექტ ''ახალ ხმაში''მიიღე მონაწილეობა...
- ჩემდა სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში აღარ ვარ ისე პოპულარული, როგორც რუსეთში. ბათუმში ოჯახთან ერთად დელფინარიუმში ვიყავი. გამიმართლა და იმ მაყურებელთა შორის აღმოვჩნდი, ვისაც დელფინებთან თამაშის შესაძლებლობა მიეცა.
რომ გამოვედი, წამყვანმა მკითხა სახელი და ვუთხარი, რომ აჩი ფურცელაძე ვარ-მეთქი და მაყურებელს ჩემი თავი გააცნო. ტაში კანტიკუნტად დაუკრეს. გული კი არ მწყდება, უბრალოდ, ათი წლის წინ ჩემს სახელს და გვარს რომ აცხადებდნენ, მახსოვს, რა ხდებოდა, მით უფრო, ბათუმში. სულ ვამბობდი, თბილისის მერე თუკი სადმე ვიცხოვრებდი, ეს იქნებოდა ბათუმი.
ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. გამოვედი თუ არა დელფინარიუმიდან, ჩვენთან მოვიდა ორი რუსული ოჯახი და მითხრა, გიცანით, თქვენ ხომ აჩი ხართო. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რუსეთში უფრო მცნობენ, ვიდრე საქართველოში.
აქ ჰგონიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ვსაქმიანობ. ვისაც ასე ჰგონია, მათ ვეტყვი, რომ მე ჩემი საქართველოს დესპანი ვარ და ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია რუსეთში ვცხოვრობ. რუსეთში ახლა ბევრ პროექტში ვარ მიწვეული. ''ახალ ხმაში'' წელს ჩვენს სახელს კარგად გაიტანს დათუნა მგელაძე, ჩემი მეგობარი, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი.
დათუნამ გაიარა მთავარი კასტინგები და მალე დაიწყება ბრმა კასტინგები. პირველ ბრმა კასტინგს უჩემოდ გაივლის. მისი გულშემატკივრების გუნდში უნდა ვყოფილიყავი. სხვა პროექტშიც მიწვევენ. ახალ პროექტს აკეთებენ. ათ მომღერალს შეარჩევენ. იქნება ჟიური და იქნება ეს-ემ-ეს-ები. ჩემთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ქართველობის გამო მოსკოვში პრობლემები თუ შეგქმნია?
- მაქვს დისკომფორტი მაშინ, როდესაც ქართველებთან ერთად ვარ. ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვართ ისეთი მაგარი ქართველები, როგორიც გვინდა, ვიყოთ. რუსეთშიც მოქმედებს დაუწერელი კანონი, რომელსაც ნებისმიერ სფეროში გეტყვიან. თუ გინდა, საქმე გააკეთო, ქართველთან საქმე არ დაიჭირო. ამას თავად ქართველები ამბობენ. სამწუხაროდ, გვიყვარს ფეხის დადებაც, მოტყუებაც და გაცურებაც.
- რუსულ შოუბიზნესში არ დაუდვია შენთვის ფეხი ვინმეს? ჯგუფ ''ნე პარას'' სოლისტი უნდა ყოფილიყავი და ასე არ მოხდა...
- შოუბიზნესს აქვს თავისი წესები. სიმღერის დროს არარუსული აქცენტი არ აწყობთ. საშა, ვინც ''ნე პარაში'' მანამდე იყო, აფხაზი ბიჭია, ქართულადაც ლაპარაკობს, რუსულადაც და ვერასდროს მიხვდები, რომ რუსი არაა. დაიშალნენ და როცა მიხვდნენ, რომ მაყურებლისთვის სიახლის შეთავაზება კარგი იქნებოდა, სოლისტის ძებნა დაიწყეს.
ჩემი ენერგეტიკა მოეწონათ და მიმიწვიეს. ვიპოვეთ პროდიუსერი, რომელიც სამი თვე მარტო სიმღერას არჩევდა. ამბობდა, პირველივე სიმღერით ათეულში უნდა მოვხვდეთ და ვარსკვლავები უნდა მოვხსნათო. იპოვა ასეთი სიმღერა და ჩავწერეთ. რუსეთში არის ''რუსკოე რადიო'' და იქ თუ არ ტრიალებს შენი სიმღერა, არსად მიგიწვევენ და ამ რადიოზე სიმღერა ვერ ტრიალებს, თუ აქცენტი აქვს. სოსო პავლიაშვილს ამ რადიოზე არასდროს ატრიალებდნენ, რადგან დღემდე აქცენტით ლაპარაკობს.
- მოსკოვში წასვლის შემდეგ გარეგნობა შეიცვალე?
- პარადოქსია, რომ ყველა იმოკლებს და მე დავიგრძელე ცხვირი. ოპერაცია ქართველმა ექიმმა გამიკეთა და ვენაცვალე იმ ექიმს, ოთარ გოგიბერიძეს. სამი წელი ვეძებდი და ვერავინ ბედავდა დათანხმებას. გავიკეთე ოპერაცია, თუმცა ჯერ ბოლომდე არაა ყველაფერი მიყვანილი. იმას, რაც მქონდა, ბევრად სჯობს ასეთი ცხვირი. ისეთ აჩი ფურცელაძეს, რომელიც თბილისში იყო, მოსკოვში არ მიმიღებდნენ. ისეთი გარეგნობით მოსკოვში ვერ გავქაჩავდი.