მოდელობა რთული და საკმაოდ სარისკო პროფესიაა. მოდელობისთვის, კარგი გარეგნობის გარდა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მიზანმიმართულება და, რა თქმა უნდა, იღბალიცაა საჭირო.
ყველა პროფესიაში არსებობს მითი, რომ წარმატების მისაღწევად საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე, მაგრამ ეს გამოთქმა ისე არც ერთ პროფესიაში არ ამართლებს, როგორც სამოდელო ბიზნესში.
ქრისტინე ძიძიგურის გადაღება რამდენიმე თვის წინ პარიზში გვქონდა დაგეგმილი, რომელიც რამდენიმეჯერ გადაიდო. ცრურწმენა არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იმას მაფიქრებინებს, რომ საჭირო იყო, სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა სტატუსით გადაგვეღო.
როდესაც ხუან და ქრისტინე დე ბაგრატიონებმა ესპანეთში მიგვიპატიჟეს, არც კი დავფიქრებულვართ, რადგან ჩვენთვის საინტერესო იყო, ხუანი მეორე სამშობლოში გადაგვეღო.
ფოტოსესიის სტილისტიკაზე, კოსტიუმებსა და იმიჯზე, რა თქმა უნდა, წასვლამდე ვიფიქრეთ. არც მეტი, არც ნაკლები, გრეის კელი - მონაკოს პრინცესა იყო ჩვენი ინსპირაციის წყარო.
მადრიდიდან მალაგაში მატარებლით გავემგზავრეთ, მალაგიდან კი ხუანის მშობლიურ ქალაქ მარბეიაში ჩავედით. სწორედ Marbella-ში დავგეგმეთ სამდღიანი გადაღება.
ქართულ-ესპანური სტუმარ-მასპინძლობა, ექსკურსია ქალაქ რონდაში, სადაც ქრისტინემ და ხუანმა ხელი მოაწერეს, უამრავი ახალი ნაცნობი და მზე ახლდა სამუშაო პროცესს. ინტერვიუ ქრისტინესთან ბოლო საღამოს ჩავწერე, დანარჩენი დღეები ემოციებს ვაგროვებდი.
თუმცა წერილს ინტერვიუს ფორმას მაინც არ ვაძლევ, უბრალოდ, მოგიყვებით ამბავს გოგონაზე, რომელიც პრინცესა გახდა. პრინცესა ქრისტინე, - ასე წარადგენს მას მისი მეუღლე ხუან დე ბაგრატიონი.
ქრისტინე დაიბადა საქართველოში. როგორც თვითონ ამბობს, ტრადიციულ ქართულ ატმოსფეროში გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით იხსენებს Unesco-ს პროექტს, სადაც ის საქართველოს წარმოადგენდა.
პროექტში მონაწილეობის პირობის მიხედვით, სამი თაობით ქართველი უნდა ყოფილიყო. ქრისტინემ გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ მეცხრე თაობით იყო ქართველი, რითიც ძალიან ამაყობს! სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე.
ცეკვავდა ანსამბლ ”ერისიონში”. მშვიდი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნდა, სწავლობდა და შინაგანად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებოდა. დეიდამ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მიიყვანა და მას შემდეგ დაუკავშირა ცხოვრება სამოდელო სფეროს.
18 წლის იყო, როდესაც ”მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს. ამბობს, რომ ამის სურვილი დიდად არ ჰქონდა, მაგრამ მაინც მიიღო მონაწილეობა. არ უნანია, რადგან სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სამოდელო კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი ეწყებოდა. წარმატებამაც არ დააყოვნა და ”ვიცე მის საქართველო” და ”მის ტურიზმი” გახდა.
საერთაშორისო კონკურსიდან შინ ბევრი ჯილდოთი დაბრუნდა. მალაიზიაში 2008 წელს გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ”Mis Pesona”-ს ნომინაციაში გაიმარჯვა, მალევე საიუველირო ფირმის სახედ აირჩიეს და, რაც მთავარია, უდიდესი გამოცდილება შეიძინა.
სხვადასხვა ქვეყნისა და ტრადიციების მქონე გოგონების გაცნობამ საინტერესო ურთიერთობები მოუტანა. ეს იყო ქრისტინეს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი, რომელსაც დღეს უფრო აფასებს.
მიუხედავად ამისა, მისი სამომავლო გეგმები სოციოლოგიასა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას უკავშირდებოდა. 2010 წელს Georgian Fashion Week-ზე სტუმრის ამპლუაში მივიდა, სადაც ჩამოსულნი იყვნენ უცხოელი სკაუტი აგენტები ახალი სახეების აღმოსაჩენად.
უცხოელებმა ის შეამჩნიეს და გაოცებულებმა ჰკითხეს, რატომ არ იყო მოდელი. ქრისტინემ უპასუხა, რომ მოდელი იყო. აგენტების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ მოდელი იყო და ჩვენებებში არ მონაწილეობდა. მეორე დღეს სასტუმროში დაიბარეს, აუღეს პარამეტრები, გადაუღეს უამრავი ფოტო და კარგა ხანს არ იჯერებდნენ, რომ ბუნებრივად ჰქონდა მწვანე ფერის თვალები და ლინზები არ ეკეთა.
ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, რამდენიმე დღეში პარიზიდან მეილი მიიღო: სთხოვდნენ, როგორც კი შეძლებდა, პარიზში ჩასულიყო. ქრისტინე მიხვდა, რომ სწორედ საკუთარი თავის გამოცდის დრო დადგა! პარიზში პირველი სამი თვე სატესტო იყო.
პირველი ორი კვირა ტურისტად გრძნობდა თავს, მაგრამ მალე მიხვდა, რომ იმდენად მოსწონდა იქაურობა, პარიზში მუშაობისთვის ყველაფერს გააკეთებდა. პროფესიონალად მალევე უნდა ჩამოყალიბებულიყო. სამი თვის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა, სამოდელო ბიზნესშიც გაერკვია და, რაც მთავარია, ისწავლა, კასტინგზე როგორ გამოერჩიათ ორასი გოგონასგან.
შემდეგ... შემდეგ დაიდო კონტრაქტები სააგენტოებთან Elysee და Slide, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო, კონტრაქტის შემდეგ ჰქონოდა სამუშაო. რამდენადაც მრავალფეროვანია პარიზული მოდის ბიზნესი და მართლაც უამრავი სამუშაოა, იმდენად რთულია ამ კუთხით მორგება, რადგან კარგი გარეგნობისა და იდეალური პარამეტრების მიუხედავად, შეიძლება, უბრალოდ, ვერავინ შეგამჩნიოს.
შესაბამისად, სააგენტოც შეგიწყვეტს კონტრაქტს და ზღაპარიც დასრულდება. საბედნიეროდ, გაუმართლა, ერთი წლის განმავლობაში ბევრ შოუში მიიღო მონაწილეობა, იმუშავა ფოტოგრაფებთანაც.
სწორედ ფოტოგენურობა დაეხმარა კარიერულ წინსვლაშიც და ფინანსურადაც. ჟურნალებთან მუშაობა უმთავრესია მოდელისთვის, რადგან boock-ში ყველაფერი ხილულია. შენს სამუშაოს პირდაპირ ხედავენ და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ”სივში” ჩაწერილი შოუების მშრალი ჩამონათვალი. ჰქონდა შემოთავაზება მილანის სააგენტოებისგან. მილანში, ერთ კვირაში 14 სააგენტოსთან ჰქონდა შეხვედრა. იმუშავა იტალიელ ფოტოგრაფებთანაც.
დიორი - მისი ცხოვრების და კარიერის უმშვენიერესი ეტაპია, მაგრამ ამისთვის სამწლიანი შრომა დასჭირდა. არასოდეს დაავიწყდება დილა, როდესაც აგენტმა დაურეკა და უთხრა, რომ მისით ”დიორის” პარფიუმის ხაზი დაინტერესდა.
კასტინგი დილის 7 საათზე იყო დანიშნული, მღელვარებისგან ძილი გაუტყდა. ახლაც ახსოვს ის უდიდესი ემოცია, როდესაც ”დიორის სახლში” მივიდა. პირველ კასტინგზე ოცი გოგონა მონაწილეობდა, მაგრამ პირადად ”დიორის” მთავარი make up კრეატორი დაინტერესდა მისით და ფოტოები გადაუღო.
ალექსანდრთან დღემდე მეგობრობს. მეორე კასტინგზე, სადაც ორნი დარჩნენ, ქრისტინე აირჩიეს და კონტრაქტი გაუფორმეს. Dior-თან მუშაობა იყო პროფესიონალიზმის უმაღლესი კლასი და პარიზში დაგროვებული გამოცდილების გაშალაშინება, ურთიერთობები და, რაც მთავარია, გარემო, სადაც მოხვედრა უდიდესი პატივია.
უამრავი გეგმა, რომელიც გაწერილი ჰქონდა, თითქმის ერთი წელიწადი ერთმა ზარმა შეცვალა. ხუან ბაგრატიონი - მათი შეხვედრა ბედისწერა იყო. წყვილი ერთმანეთს საქართველოში შეხვდა. ხუანი თბილისში იყო, ქრისტინე პარიზში. როდესაც ქრისტინეს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, ტელეფონის ჩართვის შემდეგ პირველივე sms ხუანისგან იყო: Welcoom to Tbilisi!
ამაღელვებელი იყო მათი პირველი შეხვედრა. ხუანის სასტუმრო ქრისტინეს სახლის გვერდით მდებარეობდა. ესეც ბედისწერამ მოუმზადა! მაშინ სერიოზულად არც უფიქრია, მაგრამ დამთხვევა ენიშნა. მათი შეხვედრები გაგრძელდა და ლოგიკურად განვითარდა. სამების ტაძართან მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ.
მალე დაქორწინდნენ. ხუანი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილიშვილია. ხუანის ბებია გერმანიისა და ესპანეთის პრინცესა იყო. აქედან გამომდინარე, ხუანი ესპანეთის და საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელია. ქრისტინესთვის საპატიო და რთულიცაა პრინცესობა, მაგრამ, როგორც ხუანი ამბობს, ქრისტინე პრინცესადაა დაბადებული.
სასიამოვნო იყო Marbella-ში გატარებული დღეები ახალდაქორწინებულ წყვილთან ერთად. ხუანი სიურპრიზებით აღსავსე დიდგვაროვანია, რომელსაც საინტერესო გამოთქმა აქვს: ”დღეში ერთი სასწაული საკმარისია!”
ქორწილის გადახდას და ჯვრისწერას საქართველოში გეგმავენ და ამის შესახებ ჩვენს ჟურნალში აუცილებლად მოგიყვებით! მაშ ასე, თქვენ წინაშეა პრინცესა ქრისტინე დე ბაგრატიონი ექსკლუზიური ფოტოპროექტით ესპანეთიდან! გვერდს კი, რა თქმა უნდა, ღიმილიანი და მხიარული პრინცი ხუანი უმშვენებს უამრავი გეგმით და კეთილი საქმეებით, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
One miracle in day! ეს რომანი ხომ მართლაც ახდენილი ლამაზი დღის სასწაულია, რომლითაც ბედისწერამ ისინი გულუხვად დააჯილდოვა!
თეა აგლაძე
ჟურნალი ”ბომონდი”
(სექტემბრის ნომერი)