მათი სიყვარულის ამბავი ერთი წლის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცნობილი ადამიანია, ისე მოახერხეს, მათ რომანზე თბილისში არავის უჭორავია. 14 ივლისს გოგოს დაბადების დღე იყო. ბიჭმა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა: ეკლესიაში წაიყვანა და ჯვარი დაიწერეს.
ჯვრისწერას მხოლოდ მეჯვარეები ესწრებოდნენ. ეს ამბავი მათი მეგობრებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. მსახიობი კახა მიქიაშვილი და "ქრონიკის" კულტურის ბლოკის წამყვანი, სალომე არშბა ჯვრისწერის მეორე დღესვე თურქეთში გაემგზავრნენ.
კახას თბილისში დაბრუნებისთანავე დავუკავშირდი.
-გაბედნიერებას გილოცავთ! თქვენი ქორწინება ბევრისთვის მოულოდნელი იყო.
-მადლობა მოლოცვისთვის! მართალია, ჩვენი ურთიერთობის შესახებ ბევრმა ნაცნობმაც კი არაფერი იცოდა. პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, გრძნობების აფიშირება არც მე მიყვარს და არც -სალომეს. მე ინტერვიუებს მაინც გაძლევთ, სალომე კი ამაზეც უარს ამბობს. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ახლა აქ ამიტომ არ არის.
-თქვენი სიყვარული როდის დაიწყო?
-სალომე შარშან აგვისტოს დასაწყისში გავიცანი. ჩემმა მეგობარმა, ლილიკო ნემსაძემ დამირეკა და მითხრა, ბათუმში ფესტივალი ტარდება და წამყვანი უნდა იყოო. მის წინადადებას დავთანხმდი. აჭარაში რომ ჩავედი, იქ ჩემი მეგობარი, ნიკა წულუკიძე დამხვდა და მითხრა, თბილისიდან სალომე არშბა და კიდევ რამდენიმე მეგობარი უნდა ჩამოვიდნენ და ბინა ერთად ავიღოთო.
სალომეს, როგორც ტელეწამყვანს, ვიცნობდი. ბათუმში ერთად ყოფნამ სულ 3 დღით მოგვიწია. იქ დაწყებული ფლირტი 2 კვირაში სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ ამ გრძნობის შესახებ არავისთან ვლაპარაკობდით, ტელევიზიაშიც თითქმის არავინ იცოდა.
იქ ერთმანეთს ვერც ვხვდებოდით. ჩაის დასალევად ისეთ ადგილებს ვარჩევდით, სადაც ხალხმრავლობა არ იყო. ხასიათით ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ. ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჩვენი მეგობარია. მან რამდენჯერმე გვთხოვა, მის გადაცემაში მივსულიყავით, მაგრამ უარი ვუთხარით და გაგვიგო.
-სალომემ რით მოგხიბლა?
-გარეგნობით სულ მომწონდა, შინაგანად ასმაგად ლამაზი აღმოჩნდა. პირველ დღესვე თავისი უშუალობით, თავმდაბლობით, უბრალოებით გამაოცა. მასში ის თვისებები აღმოვაჩინე, რასაც ადამიანში ყოველთვის ვეძებდი და ვაფასებდი.
სალომე უზომოდ თბილი და კეთილი ადამიანია. მე რითი მოვხიბლე? გულწრფელი ვიყავი და ვარ. არ მითამაშია. იმისთვის, რომ შევყვარებოდი, გამიზნული ნაბიჯები არ გადამიდგამს. უბრალოდ, ვცდილობდი, ჩემი მისდამი დამოკიდებულება ეგრძნო.
ბათუმში ერთად სულ 2 დღე ვიყავით, მერე წამოვედი, მაგრამ სხვა რაღაც მოვიმიზეზე და იმ დღესვე უკან დავბრუნდი.
-მიზეზი სალომე იყო?
-(იცინის) რა თქმა უნდა. მერე ბათუმიდან ერთად დავბრუნდით. როგორც ჩანს, ჩვენი ერთად ყოფნა უფლის ნება იყო. ურთიერთობა თავისთავად აეწყო. 1 თვის წინ 31 წლის გავხდი. როცა მეკითხებოდნენ, ცოლი რატომ არ მოგყავსო? -დიდად არ მსიამოვნებდა.
დაქორწინებას ახლო მომავალში მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ შემხვდა ეს ადამიანი და ახლა ძალიან ბედნიერები ვართ.
-ჯვარიც მოულოდნელად დაიწერეთ...
-სალომე 14 ივლისს არის დაბადებული. დაბადების დღეს საჩუქარი გავუკეთე -სწორედ ამ დღეს დავიწერეთ ჯვარი. წინადღეს ვუთხარით მეჯვარეებს. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან. დილით ეთერი მქონდა. ტელევიზიიდან 10 საათზე გამოვედი, სალომეს გავუარე, ეკლესიაში წავედით და ჯვარი დავიწერეთ.
სალომეს დასაც გზიდან დავურეკეთ. მხოლოდ ერთი მეგობარი გვახლდა, რომელიც ფოტოებს გვიღებდა. ჩემმა და სალომეს მოძღვრებმა დაგვწერეს ჯვარი. მეორე დღესვე თურქეთში წავედით და გუშინ დავბრუნდით.
-მეგობრები არ გაგიბრაზდნენ?
-არა, იცოდნენ, რომ ჩვენ ამ დღეს პომპეზურად არ აღვნიშნავდით. მშობლებსაც ეკლესიიდან დავურეკეთ და ჩვენი დაქორწინება მივულოცეთ. ქორწილის გადახდასაც არ ვაპირებთ.
-სალომეს სიყვარული როგორ აუხსენი?
-სიყვარული არ ამიხსნია. არც ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო. ჩემი მოქმედებით, ყურადღებით, ჟესტით გრძნობდა, რომ მიყვარს.
-სიურპრიზებსაც არ უწყობდი?
-როგორ არა, სულ ვცდილობდი და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ცოცხალი ვიქნები. ღმერთის წყალობით, დიდხანს ვიქნებით ერთად.
-სპექტაკლებზე ეპატიჟებოდი?
-ყველა სპექტაკლზე დადიოდა. "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" -მისი საყვარელი სპექტაკლია. როცა ამ სპექტაკლის სანახავად პირველად მოვიდა, იცოდა, რომ მას ვუძღვნიდი. ერთ-ერთი სცენის თამაშის დროს გავხედე და ვუთხარი: "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!"
-სალომეს ოჯახის წევრები როდის გაიცანი?
-მშობლები რამდენიმე დღის წინ გავაცანით ერთმანეთს. პირად ცხოვრებაზე ღიად ოჯახშიც არ ვლაპარაკობ. ზოგჯერ სიახლეს პრესიდან ან ტელევიზიიდან იგებენ.
-სალომეს მამას შვილის ხელი არ სთხოვე?
-სალომესთან სახლში კვირას ვიყავი. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. ოთხშაბათს ჯვარი დავიწერეთ. ოფიციალურად ხელი არ მითხოვია, მაგრამ ასე გამოვიდა. ვუთხარი, თუ ნებას დაგვრთავთ, ჯვრისწერას ვაპირებთ-მეთქი.
იმ წუთში ზუსტი თარიღი ჩვენც არ ვიცოდით, ეს დილით გადავწყვიტეთ. სალომემ მითხრა, ჩემი დაბადების დღე შემაყვარეო.
-საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 5 წლის შვილი გყავს. ანასტასიამ სალომე უკვე გაიცნო?
-მანამდე გავაცანი, სანამ ჯვარს დავიწერდით. სალომე, მისი დისშვილი, მე და ანასტასია ხშირად ვსეირნობდით. ერთმანეთთან ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ. ვიცი, რომ სალომეს ისევე უყვარს, როგორც -მე. საცხოვრებლად ბინა ვიქირავეთ.
-ორივე თქვენს საქმეს დაუბრუნდებით?
-სალომე "ქრონიკაში" დარჩება. სამწუხაროდ, მე "ტელეიმედიდან" გამომიშვეს.
-რატომ?
-არ ვიცი. ჯვრისწერის მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, გათავისუფლებული ხარო.
-მხოლოდ შენ გამოგიშვეს?
-მე, მარიამ ჯოლოგუასა და ჯაბა კილაძეს დაგვირეკეს. ასეთი "საჩუქარი" გამიკეთეს. არა უშავს, მადლობელი ვარ, რომ ამდენ ხანს ვიმუშავე.
-მიზეზი არ ჰკითხე?
-განმიმარტეს, რომ არხზე ცვლილებებია.
-სალომე გოგიაშვილი დატოვეს?
-მგონი, "იმედის" დილის გადაცემაში დატოვეს. ის მეორე გადაცემაზეც ხომ მუშაობს. დილის გადაცემა გაგრძელდება, მაგრამ პროდიუსერმა (თეა შანიძე. -ავტ.) გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვჭირდებით. არადა, ეს საქმე მიყვარდა, ჩემთვის კარგი სამსახური იყო.
იმედია, სხვა სამსახური გამოჩნდება. ზეგ ბათუმში მივდივარ, ფესტივალი ტარდება, რომელსაც "ერის ხმა" ჰქვია და უნივერსიტეტი ატარებს.
-ბედნიერებას გისურვებთ!
-დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)