''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ქორეოგრაფებმა - საშა ოხრიმენკომ, ალიონა შოპტენკომ და დიმიტრი დიკუსარმა რამდენიმე კვირის წინ პროექტი დატოვეს.
ისინი ამჟამად რეკლამის გადაღებაში მონაწილეობენ, რომელიც მიუზიკლის სტილში იქნება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ქორეოგრაფებს გოჩა ჩერტკოევთან მოუვიდათ კონფლიქტი, თუმცა დღემდე არც ერთი მხარე კონფლიქტის დეტალებზე არ ლაპარაკობდა. როდესაც ინტერვიუზე საშასა და დიმას ვხვდებოდით, წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე.
- ყველას გვაინტერესებს, რატომ დატოვეთ პროექტი. ვიცით, რომ გოჩა ჩერტკოევთან გქონდათ არასასიამოვნო საუბარი და წამოხვედით პროექტიდან...
საშა:
- ჩვენი გუნდი დაიღალა თვითმარქვიასთან ერთად მუშაობით. ძალიან დიდხანს, დაახლოებით სამი წელი ვმუშაობდით პროექტში და მთელ ჩვენს გულს ვდებდით, ღამეები არ გვეძინა იმისთვის, რომ ქართველ მაყურებელს მოსწონებოდა ჩვენი ნამუშევარი და კმაყოფილები ყოფილიყვნენ. მხოლოდ პროექტიდან წამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და საბოლოოდ მან მიზანს მიაღწია.
კონკრეტულად შოუზე მთლიანი კონტროლი უნდა, სადაც ის პროდიუსერიცაა, ჟიურიშიც ზის და მისი უახლოესი ნათესავი იკავებს მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობას.
- რატომაა გოჩა თვითმარქვია? ის ხომ ნამდვილად მოცეკვავეა...
- დიახ, მაგრამ ათი ცეკვიდან მას უცეკვია მხოლოდ ხუთი და დანარჩენ ხუთზე მან ძალიან ცოტა რამ იცის. ამიტომ ძალიან ხშირად თავის კომენტარებში ის ასახელებს ცეკვის ელემენტებს, რომლებიც არ ყოფილა მოცემულ ცეკვაში და იმით სარგებლობს, რომ მაყურებელი ტერმინებს ვერ გაიგებს...
გოჩა ცეკვით ცეკვავდა, მაგრამ შოუს გაკეთების თვალსაზრისით, მას არანაირი გამოცდილება არ აქვს. ის ყველას უყვებოდა, რომ ამერიკული ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერია, მაგრამ არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ინტერნეტში.
ალიონა და დიმა პირველი სეზონიდან მუშაობენ ამ პროექტზე საქართველოში და მათი თხოვნა იყო, რომ სწორედ ის ჩამოსულიყო საქართველოში ჟიურის წევრად. გოჩა ერთადერთი ადამიანია, რომელიც საქართველოდან საზღვარგარეთ ცეკვავს, მაგრამ მას ამის მეტისთვის არ მიუღწევია. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ისმოდა დაუსაბუთებელი კრიტიკა ქორეოგრაფიის მიმართ.
დიმა:
- მისი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი. ამას ყველა ხვდებოდა.
- რისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი?
- ჩვენი პირველი კონფლიქტი გოჩა ჩერტკოევთან პირველ სეზონზე მოხდა, როდესაც მან არაობიექტურად დაიწყო სამორი ბალდეს შეფასება. სამორი კი, ჩვენი აზრით, საუცხოოდ ცეკვავდა და მოგებას იმსახურებდა. გოჩას აშკარად არ უნდოდა სამორის გამარჯვება, ამას ჩვენ მალევე მივხვდით. ვინც პირველ სეზონში მონაწილეობდა, ეს მათ კარგად ახსოვთ. ჩვენ არ დავუშვით, რომ მას სამორი გაეკრიტიკებინა. მას შემდეგ ჩვენ შორის ღია კონფლიქტი იყო.
- გოჩა ჩერტკოევს უნდოდა, რომ პროექტი გიგი გაჩეჩილაძეს მოეგო?
- თქვენ ყველაფერს მშვენივრად ხვდებით. შემდეგ მოხდა ის, რაც ჩვენი პროექტიდან წამოსვლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მოთმენა ჩვენი ღირსებისთვის შეუძლებელი იყო.
- რა მოხდა, რა იყო ბოლო წვეთი?
საშა:
- ბოლო წვეთი ის იყო, რომ ის ულამაზოდ და არაკორექტულად მოიქცა ჩვენი გუნდის წევრის მიმართ, ღიად დაუპირისპირდა ალიონას და ამ ყველაფერთან ერთად, მან ხელით უბიძგა ალიონას, იმიტომ, რომ ის კაცი არაა.
დიმა:
- არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი კაცი არ შეეხება სხვის ქალს.
- როგორც ვხვდები, ამ ამბავს დიდი ჩხუბი მოჰყვა...
საშა:
- სამწუხაროდ, მე და დიმა ამ ყველაფერს არ შევსწრებივართ, ამიტომ ჩხუბი არ ყოფილა.
დიმა:
- ალიონა პირველი გამოვიდა შოუდან. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, რომ გოჩამ ალიონას ხელი ჰკრა.