გასულ კვირას ბერა ივანიშვილმა კინო ''რუსთაველში'' ფანებსა და ჟურნალისტებს ახალი კლიპი წარმოგვიდგინა.
ბერასთან შეხვედრას მის შემოქმედებაზე შეყვარებული უამრავი გოგონა ელოდა. პრეზენტაციის ბოლოს გათამაშება გაიმართა და ზოგიერთმა მათგანმა ''აიპოდები'' მიიღო საჩუქრად, ზოგიც მხოლოდ დისკით და ბერასთან ფოტოს გადაღებით იყო ძალიან ბედნიერი. ჟურნალისტებს კი რეპერმა რამდენიმე წუთი დაგვითმო.
- სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად ვარ. სიმღერის შექმნაში ჩემი მეგობარი სენ ჰუკი მეხმარებოდა. მისი სახელწოდებაა ''ბილეთები კინოთეატრში'' და გადმოცემულია სხვადასხვა სიყვარულის ამბავი. ნაჩვენებია, თუ როგორ ინახავენ შეყვარებული წყვილები მათი პირველი პაემნის კინოს ბილეთებს.
- კლიპში მსახიობი ერეკლე გეწაძე და ნინი ნებიერიძეც არიან დაკავებულნი. მონაწილეები როგორ შეირჩა, ისინი შენი მეგობრები არიან?
- მონაწილეები ამ კლიპზე მომუშავე გუნდმა შეარჩია. სამწუხაროდ, მსახიობების სცენების გადაღებებისას ამერიკაში ვიყავი. ჩემი სინქრონები ჩაწერეს და შემდეგ მსახიობები ცალკე გადაიღეს.
- როგორია შენი ამერიკული და თბილისური ცხოვრება?
- ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ერთი სული მაქვს ხოლმე, თბილისში როდის ჩამოვალ. ჩემი მომავლისთვის და კარიერისთვის ამერიკაში საუკეთესო გარემო მაქვს.
- ''ლავსთორი'' კლიპშია და რა ხდება პირად ცხოვრებაში?
- რეალურ ცხოვრებაში არავინ მიყვარს. ჯერ სხვა გეგმები მაქვს. ჯერჯერობით ცხოვრებაში ამ მხრივ პასიურ რეჟიმში ვმუშაობ.
- საქართველოში დარჩენას რამდენ ხანს გეგმავ?
- სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ცოტა ხნით ვარ. დაახლოებით ერთ კვირაში უკან უნდა დავბრუნდე. ახალ ალბომზე ვმუშაობ და მთლიანად მასზე ვარ გადართული.
- ვინ არის შენი სიმღერის შემფასებელი და ვის ასმენინებ ხოლმე?
- ჩემს სიმღერებს პირველად ყოველთვის დედას ვასმენინებ. ჩემი ოჯახის წევრების აზრი ჩემს სიმღერებზე ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ შემოქმედება იყო თავისუფლების სიმბოლო. ცხოვრებაში ვიქნებოდი თავისუფალი და ბედნიერი, თუ გამოვიდოდი შემოქმედი და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
- როგორ ფიქრობ, აქვს საქართველოში შოუბიზნესს განვითარების საშუალება?
- სოციალური ქსელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმოდგენა გვქონდეს, ვინ რა სიმღერას ქმნის. ინტერნეტმა გაართულა და იმავდროულად, გააადვილა შოუბიზნესის საქმე. შეიძლება, აბსოლუტურად უბიუჯეტო კლიპი ''იუთუბზე'' ძალიან პოპულარული გახდეს და დამწყებმა მომღერალმა კარიერა გაიკეთოს.
- როგორი გოგონები იქცევენ ყურადღებას და რას ნიშნავს შენთვის სიყვარული?
- სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სიყვარულის გარეშე ვერ ვიცოცხლებდით. მჯერა, რომ ის ცხოვრებაში ერთხელ მოდის და მგონია, რომ ჯერ არ გამომიცდია. ჩემს წარსულ ურთიერთობებს მხოლოდ გატაცებებს დავარქმევ. თუ როგორი გოგონები მომწონს, ამას ვერ დავაკონკრეტებ. ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული.
- რას ნიშნავს შენთვის, იყო ბიძინა ივანიშვილის შვილი? მომავალში ბიზნესში ხომ არ გადაინაცვლებ?
- რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხიმგებლობაა და მეამაყება. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი გმირია, ჩემთვის ყველაზე სამაგალითო პიროვნებაა. ვერ გეტყვით, მომავალში რა მოხდება. მთლიანად ჩემს საქმეზე ვარ გადართული. ვცდილობ, რაც შეიძლება წარმატებული ვიყო ამ სფეროში, სამომავლოდ კი არაფერია გამორიცხული.
ზუსტად ვიცი, რომ სიმღერის შექმნასა და ჩაწერას ვერასოდეს შეველევი. არ ვიცი, სცენაზე გამოსვლის სურვილი სამოცი წლის ასაკში რამდენად მექნება, მაგრამ სიმღერებს ყოველთვის ჩავწერ.