''ორი ვარსკვლავის'' პირველ გადაცემას ყველამ ინტერესით ადევნა თვალი. პირველი სეზონისგან განსხვავებით, პროექტის მონაწილეებს ჯერჯერობით მაყურებლის კრიტიკა არ დაუმსახურებიათ. ბევრი მონაწილე კარგად მღერის. ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ნუცა ბუზალაძისა და ილო ბეროშვილის წყვილმა დაიმსახურა.
- პროექტში მონაწილეობამდე ერთმანეთს იცნობდით?
ნუცა:
- ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ჩემი ოჯახი ილოს იუმორისტული ვიდეოების ფანია. დეიდაჩემსა და ჩემს დეიდაშვილს ილოს ყველა ვიდეო ნანახი აქვთ. მე ყველა ნანახი არ მქონდა, მაგრამ ძალიან მომწონდა და სულ ვფიქრობდი, რომ განსხვავებული და დახვეწილი იუმორი ჰქონდა. ჩემს ოჯახსაც ძალიან უყვარდა და ორმაგად გაუხარდათ, როცა ვუთხარი, ილო იქნება-მეთქი ჩემი მეწყვილე. პირველ გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდა.
ილო:
- ახლა გამახსენდა ნუცას დედასთან პირველი შეხვედრა. დედამისი რომ ვნახე, მივხვდი, თავს ვაწონებდი, როგორც სიძეები იქცევიან სიდედრთან პირველი შეხვედრისას. ნუცას ვეკითხებოდი, მოვეწონე თუ არ მოვეწონე-მეთქი. სასიმღერო სიძედ ვგრძნობდი თავს. რომ ვრეპეტიციობდით, ნუცას ვეუბნებოდი, დედაშენმა ჯერ არ მოგვისმინოს, კარგად რომ შევასრულებთ, მერე მოვასმენინოთ-მეთქი. თან ვიცი, რომ დედამისი ძალიან კომპეტენტურია სიმღერაში.
- ჟიურის წევრი თეონა კონტრიძე მიიჩნევს, რომ ილო ბეროშვილზე ყველა თბილისელი "ნაშა" უნდა ეცემოდეს...
ნუცა:
- დიახაც, ასე უნდა იყოს.
- ასეთი პარტნიორის გვერდით თავს როგორ გრძნობ?
- არაჩვეულებრივად. თავიდან მონაწილეობაზე რომ დავთანხმდი, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა. ვნერვიულობდი, ჩემი ენერგიით მეწყვილე არ გადამეფარა, მაგრამ ილო იმდენად ამყვა ყველაფერში, რომ მასთან წყვილში ყოფნით ბედნიერი ვარ. ილო არც ერთ პროფესიონალს არ ჩამოუვარდება.
- მე სხვა რამ გკითხე. ილო, როგორც ბიჭი, ისე მოსწონთ გოგონებს...
- ეს მხოლოდ თეონას აზრი არაა, ყველა ასე ფიქრობს. ჩემი დაქალები გიჟდებიან ილოზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ვფიქრობ, როცა მთელ თბილისს მოსწონხარ, ეს შენთვის უფრო დიდი პლუსი უნდა იყოს. მგონია, რომ გოგონები და თბილისის ''ნაშობა'' მართლა დაუმესიჯებენ.
- ილო, ასეთ შეფასებებს ელოდი?
- შეფასებებს, როგორც წესი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი წელიც არაა გასული, რაც ამ სფეროში ვარ. პირველი, რამაც ყველაზე დიდი სიამოვნება მომანიჭა, იყო ხალხის პოზიტიური ემოცია ჩემ მიმართ. ეჭვიც კი არ მქონდა, რომ ასე მოხდებოდა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა და არ მგონია, ამას რაიმე ჩაენაცვლოს, თუნდაც ოლიმპიურ შეჯიბრებაში გამარჯვება.
- გაქვს მუსიკალური განათლება?
ნუცა:
- მუსიკალური განათლება არ აქვს და მგონია, რომ ზუსტად ამაშია მისი ნიჭი. მიკროფონი პირველად ეჭირა სცენაზე და ასე მაგრად იმღერა. მე წლინახევრის ასაკიდან ვმღერი, ჩემს თავზე ვმუშაობ და კიდევ არ ვარ ისეთი მომღერალი, როგორიც მინდა ვიყო.
იხილეთ სრულად: reitingi.ge