ევროპის ლიდერი სასტუმროების ჯგუფმა "აკორდ გრუპმა" ოთხვარსკვლავიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო Mercure Tbilisi old Town გახსნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ცერემონიის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი გაზეთი Georgian Journal-ი იყო. ღონისძიებას გაზეთის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე უძღვებოდა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, "აკორდ გრუპის" წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, კომპანიის დამფუძნებლები და ინვესტორები ესწრებოდნენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ეს არის წარმატებული პროექტი, რომელზეც 16 მილიონი დოლარი დაიხარჯა. "მინდა აღვნიშნო, ინვესტორები ასევე ახორციელებენ გაცილებით დიდ პროექტებს თბილისში. ეს არის "მწვანე ბუდაპეშტი", რომელზეც დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. "მწვანე ბუდაპეშტი" 2016 წლის მაისში დასრულდება.
ჩვენ ვართ ძალიან კმაყოფილნი, რადგან ასეთმა ცნობილმა ბრენდმა, რომელიც არის Accord Hotels და Mercure, გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა. ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმი საქართველოში არის ერთ-ერთი მზარდი სექტორი. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა საქართველოში. მადლობა ინვესტორებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ საქართველოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სასტუმრო დედაქალაქში, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება.
"ეს არის ჯგუფი, რომელსაც უყვარს ჩვენი ქალაქი. როდესაც 13 ივლისის სტიქია მოხდა, ისინი გვერდით დაგვიდგდნენ. ჩვენი 38 მოქალაქე შეიფარეს მათ, ისევე, როგორც შეიძინეს მედიკამენტები და გადასცეს დაზარალებულ ოჯახებს და განსაკუთრებული მადლობა მინდა მათ გადავუხადო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"აკორდქსელის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსის დელაროფის განცხადებით, იგი კოორდინაციას უწევს საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. "ეს არის 29-ე სასტუმრო ამ რეგიონში. ჩვენ ადვილი გზა არ გაგვივლია, ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ შემოვსულიყავით ამ ბაზარზე, მაგრამ ჩვენი მეგობრების დახმარებით წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა ალექსის დელაროფმა.
მისივე თქმით, საფრანგეთს და საქართველოს დიდი ისტორიული ურთიერთობა აკავშირებთ, ეს იქნება სამზარეულო, ისტორიული კავშირები თუ მეგობრობა. "ივანე მარკოზაშვილი დაიბადა თბილისში. მინდა გითხრათ, რომ ის ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ და მოხარული ვარ, რომ დღეს სასტუმროს ვხსნი თბილისში", - განაცხადა ალექსის დელაროფმა.
Mercure Tbilisi old Town-ში განთავსებულია 108 ნომერი. სასტუმრო Mercure მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. სულ მსოფლიოში 743 სასტუმრო აქვს. სასტუმრო Mercure შუა რგოლის სასტუმროა "აკორდის" ქსელში. სასტუმრო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დიდი გამოცდილებით მთელ მსოფლიოში.
იხილეთ ფოტოგალერეა