1-ლი ივლისიდან საქართველომ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დაიწყო, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება და ამ მომენტისთვის ციფრული მაუწყებლობა მთელ საქართველოს მოიცავს.
ეს სერვისი ბევრად უფრო კომფორტული და მოქნილი უნდა იყოს მოსახლეობისთვის. ციფრული მაუწყებლობის პლუსებია:
• ღია ეთერით უფრო მეტი სახელმწიფო და კერძო სატელევიზიო არხების მიღების საშუალება;
• უკეთესი, უფრო ხარისხიანი ხმა და გამოსახულება;
• მეტი დაცვა გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან;
• ინოვაციური ფუნქციები.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ შეძლებთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყველა პროგრამის, მათ შორის – პირველი და მეორე არხების და "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყურებას. ხოლო კომერციული ოპერატორი გადასცემს არსებულ ყველა ღია საეთერო, ეროვნულ პროგრამას, მათ შორის, "რუსთავი 2"-ს, "იმედს", "პალიტრა TV"-ს და სხვას. "პალიტრა TV" დღეიდან უკვე ციფრულ მაუწყებლობაზეა და თვენახევრის განმავლობაში ეტაპობრივად მთელ საქართველოზე გავა.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ მოსახლეობაში ინტერესი, მაგრამ ამასთან ერთად, ბევრი შეკითხვა გააჩინა. გთავაზობთ საზოგადოებაში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხებს.
- რა არის ციფრული მაუწყებლობა?
- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ან ანალოგური სიგნალის გათიშვა არის პროცესი, როდესაც ანალოგურ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობას ციფრული მიწისზედა მაუწყებლობა ჩაანაცვლებს. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება დაეკისრა, რომლის მიხედვით, მიწისზედა ტელევიზია უნდა გაციფრულდეს, ანუ არსებული მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა გაითიშოს.
- როგორ უნდა ვიმოქმედო?
- თუ ტელევიზორს მიწისზედა ანტენის მეშვეობით უყურებთ, დრო არ უნდა დაკარგოთ! აირჩიეთ ციფრული სატელევიზიო პროვაიდერი: თანამგზავრული, საკაბელო, IPTV, ციფრული მიწისზედა ან სულაც ორი ან მეტი სახეობის კომბინაცია.
თუ ტელევიზორს თანამგზავრის, საკაბელო ან IPTV-ის გამოყენებით უყურებთ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თანამგზავრი და IPTV ისედაც ციფრულია. საკაბელო ტელევიზიაზე ანალოგური მიწისზედა სიგნალის გათიშვა არ აისახება. თუმცა არსებობს მისი გაუმჯობესების საშუალება, ციფრულში გადაყვანის გზით.
- როგორ უნდა მივიღო ციფრული სიგნალი?
- ამისათვის რამდენიმე საშუალება არსებობს. შეგიძლიათ სატელევიზიო სერვისი თანამგზავრული, საკაბელო ან IPTV პროვაიდერის მეშვეობით მიიღოთ. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა - შეიძინოთ საჭირო მოწყობილობა იმისათვის, რომ თანამგზავრულ ან ციფრულ მიწისზედა არხებს ყოველთვიური გადასახადის გარეშე უყუროთ.
- რომელ ტელეარხებს მივიღებ?
- თუ ციფრულ მიწისზედა სიგნალს აირჩევთ, სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით თქვენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ და მეორე არხთან ერთად, "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს" მიიღებთ. რაც შეეხება პროვაიდერს "სტერეო +", მისი საშუალებით შეგეძლებათ ნახოთ "რუსთავი 2", "იმედი", "კომედი არხი", "პალიტრა TV" და სხვა არხები - ამ ეტაპზე 20 ქართული არხი.
- რა ტიპის მოწყობილობაა საჭირო?
- ციფრული მიწისზედა ტელევიზიის მიღება სეტ-ტოპ ბოქსით ან ტელევიზორში ინტეგრირებული ციფრული დეკოდერით შეიძლება, ის ანტენასთან არის დაკავშირებული. სიგნალის მიღება, ძირითადად, შესაძლებელია ანტენით, რომელიც ანალოგურ სიგნალზე იყო გათვლილი.
მნიშვნელოვანია! HDTV-ს ეკრანი არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაქვთ ციფრული ტელევიზია.
- მივიღებ თუ არა HD ხარისხს (მიწისზედა HD)?
- მაღალი გაფართოების მისაღებად დაგჭირდებათ:
• HD სეტ-ტოპ ბოქსი ან ტელევიზორი ინტეგრირებული HD მიმღებით
• მაღალი გაფართოების ტელევიზორი (HDTV)
• HDMI კაბელი, რომელიც ეკრანს ბოქსთან აკავშირებს
• წყარო HD პროგრამირებისთვის. ანუ თქვენი ტელევიზორი ან კაბელი უნდა იყოს HD. ტელეარხი ასევე HD ხარისხის უნდა იყო.
- ვისზე ვრცელდება სახელმწიფო სუბსიდირება?
- სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70,000 და ნაკლებია, სახელმწიფომ სერტიფიცირებული სეთ-თოფ ბოქსები შეიძინა და გადაანაწილა საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვისცენტრებში. აღნიშნული სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრი, შეტყობინების მიღების შემდეგ, უნდა მივიდეს მითითებულ მისამართზე, წარადგინოს პირადობის მოწმობა და მიიღოს კუთვნილი აპარატი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისთვის კი სახელმწიფო "სეთ-თოფ ბოქსების" საცხოვრებელ ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს.