სექტემბრის ბოლოს მსოფლიო შეძრა ჯიმ ქერის მეგობარი ქალის თვითმკვლელობის ამბავმა. 30 წლის კეტრიონ უაიტი წამლის გადაჭარბებული დოზით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა თავი მსახიობთან განშორების გამო მოიკლა. გასულ შაბათს ირლანდიის ქალაქ კაპაუაიტში გოგონას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. კეიტთან გამოსამშვიდობებლად ჯიმ ქერიც ჩავიდა.
კეტრიონი მამის გვერდზე, მშობლიური ქალაქის, კაპაუაიტის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე ქალის ნათესავები და მეგობრები შეიკრიბნენ, მათ შორის იმყოფებოდა ჯიმ ქერიც. დაკრძალვის პროცესის დროს მსახიობს სხვა მამაკაცებთან ერთად მიჰქონდა სასახლე. ჯიმი ცდილობდა, თავი შეეკავებინა, თუმცა ვერ მოითმინა და ატირდა.
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კეტრიონის დამ თქვა, რომ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ზუსტად აღწერდა მის დას... ეს სიტყვა – სიყვარულია. როგორც მან აღნიშნა, კეტრიონი სიყვარულისთვის ცხოვრობდა.
ჯიმ ქერიმ კი საქვეყნოდ აუხსნა კეტრიონს სიყვარული. მსახიობმა "თვითერში" გამოაქვეყნა მისი და კეტრიონის ერთობლივი ფოტო, რომელზეც მხოლოდ წყვილის სილუეტი ჩანს. "სიყვარულს ვერ დაკარგავ" – ასეთი წარწერა გაუკეთა მსახიობმა ფოტოს.
შეგახსენებთ, ჯიმმა და კეტრიონმა ერთმანეთი 2012 წელს, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მაშინ სულ რამდენიმე თვე იყვნენ ერთად. წყვილის ურთიერთობა ამ წლის მაისში განახლდა. ჟურნალისტების ცნობით, კეტრიონის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კეტრიონი ჯიმს ხვდებოდა, ის გათხოვილი იყო. მსახიობმა ამის შესახებ ქალის სიკვდილის შემდეგ გაიგო.
ჟურნალისტებმა კეტრიონის გარდაცვალების უამრავი მიზეზის შესახებ დაწერეს. ერთ-ერთი მათგანი კეტრიონის საენტოლოგობას უკავშირდება. უკანასკნელი ცნობით კი, მან სიკვდილის წინ დედისგან არასასიამოვნო წერილი მიიღო.