"ომი ის ადგილია, სადაც სიზმრები არასდროს აგიხდება, სადაც არ გძინავს და ვერ ისვენებ. წევხარ თვითმფრინავებით გადაძეძგილი ცის ჩრდილში, ნახევრად მკვდარი სხეულით და ნახევრად ცოცხალი აზრით, რომ იმ მიწისთვის იბრძვი, რომელზეც ასვენია შენი ფიქრები, მეგობრები, ოცნებები და იმედები..."
ქართული სერიალიებისთვის ერთობ მოულოდნელი და უპრეცედენტო მასშტაბის, ორიგინალური ქართული დრამა - "ქერჩი - დაკარგული გმირები" 26 ნოემბრიდან საქართველოს კინოეთეატრებს მოივლის. საპრემიერო ჩვენება "კავეა აიმაქსში" შედგება. ქართველ მაყურებელს, ეძლევა შანსი, სატელევიზიო პრემიერამდე ნახოს სრულმეტრაჟან ფილმად გაერთიანებული პირველი და მეორე ეპიზოდი.
მსახიობმა რევაზ ნასიძემ სერიალში რეალური გმირი, თავისი დიდი ბაბუა, ქერჩის ბრძოლის მონაწილე ამბროსი შენგელია განასახიერა.
"- ჩემს გმირს არაერთ რისკზე უწევს წასვლა. ბრძოლაში ბევრ მეგობარს კარგავს და ამ მხრივ, ტრაგიკული გმირია. თითქმის ყველა დღე აქვს აღწერილი, კონკრეტული პიროვნებების სახელებით და გვარებით.
წერს, როგორ შევიდნენ ამა თუ იმ სოფელში, იქ რა დახვდათ, რას გრძნობდნენ... თვითონ ბაბუას საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, პროფესიით ისტორიკოსი, სწორედ ომის დაწყების წინ, ქუთაისში, სკოლის დირექტორად დანიშნეს. ომიც მაშინ დაიწყო და თავიდანვე მოხალისედ წავიდა. რვაჯერ დაიჭრა, მაგრამ ყოველი გამოჯანმრთელების შემდეგ უკან, ფრონტზე ბრუნდებოდა. ბევრი საინტერესო ამბავი გადახდა თავს და ქერჩიც ამ ამბების ერთი ნაწილია..."
ასე რომ ხუთშაბათიდან, ჩვენი წინაპრები ქერჩში და "ქერჩი" კინოთეატრებში გელით!