ჰერპესის ვირუსი პლანეტის 15 წლის ზევით ასაკის მოსახლეობის 85 პროცენტის ორგანიზმში ცოცხლობს. არსებობს სხვადასხვანაირი, მაგრამ დღეს ტუჩის ჰერპესის წარმოშობის მიზეზებსა და მის მკურნალობაზე მოგიყვებით.
პირველი ტიპის ჰერპესი გადადის საერთო დანა-ჩანგლით, კბილის ჯაგრისით, კოცნით. მეორე ტიპისა - სქესობრივი გზით. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი "იძინებს", მაგრამ ხშირად "გამოიღვიძებს", თუ ადამიანი დაავადდა ბრონქების ანთებით, პნევმონიით, ფიზიკურად გამოიფიტა (დაუშვებელია შიმშილობა), განიცდის ძლიერ სტრესს, დაუქვეითდა იმუნიტეტი, მენსტრუაციისა და აკლიმატიზაციის დროს.
სამწუხაროდ, ჰერპესის განკურნება შეუძლებელია. თუ ადამიანი ერთხელ დასნეულდა, მას მთელი ცხოვრება ატარებს. ჰერპესის პირველივე გამოვლინების დროს დაზიანებული კანი დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით. თუ ფეხმძიმე ხართ და იცით, რომ ჰერპესის ვირუსის მატარებელი ბრძანდებით, აუცილებლად უთხარით მკურნალ ექიმს.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჰერპესი გამოგივიდათ
არ შეეხოთ ბუშტულებს ან მომენტალურად დაიბანეთ ხელები.
გამოიყენეთ პერსონალური პირსახოცი, ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და ა.შ.
არ ეცადოთ ბუშტულების შიგთავსის გამორწყვას. შეიძლება ინფექცია ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანოთ.
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები დაზიანებულ კანზე წაისვით მხოლოდ ბამბის ჩხირით.
ჰერპესით დაავადების დროს მოერიდეთ კოცნას (მისალმება-დამშვიდობების დროსაც კი); დაუშვებელია ორალურ-გენიტალიური კონტაქტი და სექსი პრეზერვატივის გარეშე.
როგორ ავიცილოთ თავიდან გართულება:
უნდა იცხოვროთ ჯანსაღი წესით; მოერიდით ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას; იკვებეთ ჯანსაღად; დაიცავით ძილის რეჟიმი და ზომიერად ივარჯიშეთ. ერთი სიტყვით, იმუნიტეტი უნდა გქონდეთ ძლიერი, რომ ვირუსმა არ "გამოიღვიძოს".