დეკემბერი – დროის სწორედ ის პატარა მონაკვეთია, როცა ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი, საპატიოდ გააცილოს წელი, მოასწროს ყველა დაწყებული საქმე და მსუბუქად შეხვდეს ახალ წელს... ეს, ალბათ, ყველაზე შესაფერისი დროა მათთვის, ვინც გეგმავს, ახალი წლიდან ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს!
მაშ, მოდი, ერთად მოვიყვანოთ ყველაფერი წესრიგში საყვარელი დღესასწაულების დაწყებამდე!
დეკემბრის გეგმები
1. გათავისუფლდით ძველმანებისგან
გადახედეთ, რამდენი გატეხილი, გაფუჭებული, გაცვეთილი და უსარგებლო ტანსაცმელი გაქვთ? ან საჩუქრები არასასურველი ადამიანებისგან? რად გინდა ის, რაც ცუდ მოგონებებს გიტოვებთ ან უბრალოდ, ხელს გიშლით? - გადაყარეთ! ყველა ეს ძველმანი მხოლოდ უარყოფით ენერგიას იზიდავს თქვენს მყუდრო სახლში.
მოაწესრიგო ყველაფერი, მეტიც – დაალაგო ყველაფერი გენერალურად – პირველ რიგში, საკუთარ გონებაშია საჭირო. არასასიამოვნო ურთიერთობები, უპერსპექტივო პროექტები – ეს ის ყველაფერია, რასაც აჯობებს დაემშვიდობოთ. ცხოვრება ერთია და თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად შეცვლით მას უკეთესობისკენ.
2. დაასრულეთ ყველა დაგეგმილი საქმე
ალბათ, ყველა თქვენგანს აქვს დარჩენილი საქმე, რომელიც შესაძლებელია იმაზე სწრაფად შეასრულოთ, ვიდრე გგონიათ. დეკემბერი ამაში დაგეხმარებათ! უკვე დამტკიცებულია, რომ ბევრი მიზნის მიღწევა სულ რაღაც 72 საათშია შესაძლებელი. ამიტომაც ნუღარ იცდით, მიხედეთ დარჩენილ "კუდებს"!
3. შექმენით საახალწლო ზღაპარი თქვენს სახლში
მორჩა, უკვე დროა სახლის მოსართავად! კიდევ გაქვთ დრო, შეადგინოთ სადღესასწაულო მენიუ, შეიძინოთ პროდუქტები და მოიფიქროთ, სად და როგორ გსურთ შეხვდეთ და გაატაროთ ახალი წელი.
4. შეიძინეთ საჩუქრები
საჩუქრების მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მათი სხვისთვის ჩუქება კიდევ უფრო სახალისოა! შეადგინეთ იმ ადამიანთა სია, ვინც გსურთ, რომ გაახაროთ. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული იყოს საჩუქარი. ხანდახან პატარ-პატარა, საკუთარი ხელით შექმნილი სიურპრიზები უფრო ათბობს გულს, ვიდრე ძვირფასი ნივთები.
5. აღნიშნეთ სამომავლო გეგმები
ითვლება, რომ საუკეთესო მომენტები ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება. ამაში ნამდვილად არის სიმართლე, მაგრამ მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვით და იმის ლოდინით, რომ რამე აუცილებლად მოხდება, ბევრს ვერ მიაღწევთ. ცხოვრების დაგეგმვა მაინც აუცილებელია.
ამისთვის საჭიროა აიღოთ უბრალო უბის წიგნაკი – თქვენი წარმატების საიდუმლო! და თუნდაც ამან რამდენიმე საათი დაგაკარგვინოთ, მაგრამ მკვეთრად განსაზღვრული და ჩამოწერილი სამომავლო გეგმები ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს მომავალ წელს.
6. დატოვეთ ყველაფერი ცუდი წარსულში
წარსული იმით არის კარგი, რომ ის წარსულია. ნუ მისცემთ საშუალებას პრობლემებსა და გაუგებრობებს გადავიდეს ახალ წელს. თუკი ვინმესთან იკამათეთ, შეურიგდით. თუკი ვინმეზე გაბრაზდით – აპატიეთ. თუკი ვინმე წავიდა თქვენი ცხოვრებიდან – გაუშვით. გვერწმუნეთ, ძველისგან გათავისუფლებული, თქვენ ბევრად უკეთეს, ახალ საჩუქრებს მიიღებთ ამ ცხოვრებისგან!
დაბოლოს, არ დაივიწყოთ ოცნებების შესახებ! ამბობენ, რომ ოცნებებს ერთი კარგი თვისება აქვს – ისინი სრულდება. უბრალოდ, ამისათვის დაბრუნდით მე-5 პუნქტთან: ჩაინიშნეთ თქვენი ოცნებები და ყველაფერი გააკეთეთ მათ ასასრულებლად.
იყავით ოპტიმისტი – და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ!