ბევრი ქალი თმიდან რეზინის მოხსნის შემდეგ მას მაჯაზე იტოვებს. არა სამკაულად, უბრალოდ, ასეთი ჩვევა აქვს.
შტატ კენტუკის ქალაქ ლუსვილის მცხოვრებმა ოდრი კოპმა თავისი ისტორიით მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო.
ის, როგორც უამრავი ქალი, თმის რეზინს მაჯაზე იკეთებდა, რათა საჭირო დროს თმის შესაკვრელად ეს ნივთი თან ჰქონოდა. ცოტა ხანში ქალმა შეამჩნია, რომ ხელზე კანი გაუღიზიანდა და ასტკივდა.
მიზეზი ინფექცია იყო. ოდრი მაშინვე ექიმთან გაეშურა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.
"ოდრის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მას რომ ცოტა დაეგვიანა, ხელი მოსაჭრელი გაუხდებოდა, - ჰყვება კლივლენდის კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უილიამ სეშცზი, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია. – ასეთი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ თუკი მაჯაზე თმის რეზინს იტოვებთ, სისხლის მიმოქცევის პრობლემები გარდაუვალი იქნება".
პრობლემა იმაშია, რომ თმის რეზინებში უამრავი ბაქტერია ბუდობს, მათ შორის - ინფექციური. კანი მის ქვეშ ლპობას იწყებს, ბაქტერიები სისხლში ხვდება და მდგომარეობა მძიმდება.
ამერიკული აკადემიის დერმატოლოგმა ლორენ პლოხმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაამტკიცა: ადამიანები, რომლებიც არ იხსნიან საათს ან სამაჯურს, ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებისგან.
"მე არ მაქვს სტატისტიკური მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ინფექცია ორგანიზმში თმის რეზინით ხვდება, – ამბობს ექიმი. - მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც მაჯაზე რაიმე ნივთს ატარებენ, თავს საფრთხეში იგდებენ".
ერთი სიტყვით, თუკი თვლით, რომ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, დარწმუნდით, ხომ არ ატარებთ ხელზე გამუდმებით სამაჯურებს, საათებს, თმის რეზინს ან რაიმე ისეთს, რაც კანს ოდნავ მაინც გააღიზიანებს.
თუკი ვერ ელევით რომელიმე ხელის აქსესუარს, ის მაინც გააკეთეთ, რომ მოიხსენით ის შინ მისვლისას, ხელების დაბანისას და შხაპის მიღებისას. ეს დაიცავს თქვენს კანს საშიში ბაქტერიებისგან.