ოდესმე გსმენიათ ქალზე, რომელსაც პრინცესა დიანას ეძახდნენ? რა თქმა უნდა, გსმენიათ, ინგლისის სამეფო ოჯახში მისნაირი ღვთისნიერი და ადამიანური პრინცესა ჯერ არ ყოფილა.
მან მსოფლიოს თავი შეაყვარა. მას არ ჰქონია სამეფო აღზრდა, ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. მუდამ აკეთებდა იმას, რასაც საჭიროდ და სამართლიანად მიიჩნევდა და ასე გაზარდა შვილები, პრინცები - უილიამი და ჰარი. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. მის მიმართ ინტერესი მისი გარდაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგაც არ ქრება, მაგრამ შეიძლება არასდროს გაგიგიათ მასზე ის, რასაც ახლა წაიკითხავთ.
10. მისი და პრინც ჩარლზს ხვდებოდა
დიანასთან ქორწინებამდე პრინც ჩარლზს რომანი ჰქონდა მის დასთან, სარა სპენსერთან. ის საკმაოდ ენაჭარტალა გოგო იყო და რეპორტიორებს სამეფო ოჯახის საიდუმლოებებს უმხელდა. ჩარლზმა თავი მოტყუებულად და დამცირებულად იგრძნო, დასცილდა მას, მაგრამ დიანას დაადგა თვალი.
9. დიანა არასდროს ყოფილა კარგი მოსწავლე
9 წლამდე საოჯახო განათლებას იღებდა, 9-დან 12 წლამდე დახურულ პანსიონში სწავლობდა, 12-დან 16 წლამდე - გოგონების სკოლაში. მოწესრიგებულ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ ცუდი ნიშნები სპორტულმა და საბალეტო მიღწევებმა გადაფარა.
8. ბალერინობაზე ოცნებობდა
დიანას მთელი ცხოვრების ოცნება იყო პროფესიონალი ბალერინა გამოსულიყო. თუმცა, ბალერინასთვის საკმაოდ მაღალი - 178 სმ იყო და არც სხვა ფიზიკური პარამეტრები უწყობდა ხელს სურვილის ასრულებაში. სამეფო ოჯახში მოხვედრის შემდეგ საბალეტო ხელოვნებას განსაკუთრებით მფარველობდა. იზიდავდა სპონსორებს, ესწრებოდა სპექტაკლებს და სტუმრობდა საბალეტო სკოლებს.
7. ნიშნობის ბეჭედი კატალოგიდან აირჩია
მას შემდეგ ამ ბეჭდის უამრავი სახეობა დამზადდა, მაგრამ პირველად იგი საიუველირო სახლმა Garrad-მა დაამზადა. მას მანამდეც არაერთხელ დაუმზადებია სამკაულები სამეფო ოჯახის წევრებისთვის. ბეჭედში 12-კარატიან საფირონს 14 ბრილიანტის თვალი აგვირგვინებს. მოშურნეები ამბობდნენ, დიანამ ეს ბეჭედი ზომის გამო შეარჩიაო.
6. მისი საქორწინო შლეიფი სამეფო ქორწინებებში ყველაზე გრძელი იყო
მისი კაბა საუკუნის კაბად აღიარეს. მას 10 ათასი მარგალიტი ამშვენებდა. შლეიფი 7,6 მეტრი ჰქონდა. პრინცესას სპეციალური გაკვეთილები დასჭირდა, რათა ამ მდიდრულ კაბაში გრაციოზულად სიარული შეძლებოდა. კაბის შეკერვას 5 თვე დასჭირდა და მას ამ დროის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები იცავდნენ.
5. დიანა ვაჟებს ტრადიციულ სამეფო სტილში არ ზრდიდა
პრინცები ჰარი და უილიამი ქარიზმატული და ზრდილობიანი ახალგაზრდა კაცები არიან. დიანა ცდილობდა, მისი შვილები ჩვეულებრივი ბავშვებივით გაზრდილიყვნენ. დედას, "დისნეილენდისა" და "მაკდონალდსის" გარდა, ბიჭები უპატრონოთა თავშესაფარში, აივ-ინფიცირებულთა კლინიკაშიც და უამრავ მსგავს დაწესებულებაში დაჰყავდა, რათა მათში თანადგომა და კეთილშობილება გამოეწვია.
4. აუქციონზე 79 კაბა გაყიდა
ეს პრინც უილიამის იდეა იყო; მან კაბების გაყიდვა და მიღებული თანხის საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხვა შესთავაზა. დიანამ 1981-96 წლებში ნაქონი 79 კაბა გაყიდა. მიღებული თანხა - 5,76 მლნ დოლარი მკერდის კიბოს და და აივ-ინფიცირებულთა სამკურნალო ფონდებს გადასცა.
3. ის კუნძულზეა დაკრძალული
დიანას გარდაცვალება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ტრაგიკული და შოკისმომგვრელი შემთხვევა იყო. მის დაკრძალვას სამეფო ოჯახის სასაფლაოზე აპირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში, ძმის გადაწყვეტილებით, მისი სხეული სპენსერების საგვარეულო სასაფლაოს მიაბარეს.
2. დიანა "არ დაემორჩილა"
ქორწინების დღეს დიანას საქორწინო ფიცი უნდა ეთქვა, მაგრამ მასში ფრაზა "ქმრის მონა-მორჩილი" შეცვალა სიტყვებით: "მიყვარდეს, გავამხნევო, პატივი ვცე და გავუფრთხილდე". მოგვიანებით იგივე გაიმეორა კეიტ მიდლტონმა.
1. დიანა დეპრესიისა და ბულემიისგან იტანჯებოდა
უამრავი პირადი პრობლემისგან იტანჯებოდა, ქორწინებამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი მდგომარეობა. ქორწინების შემდეგ ჩარლმა წელზე ხელი მოუთათუნა და ყველას გასაგონად თქვა: "ო, ჩვენ ცოტათი პუტკუნები ვართ". მას შემდეგ დიანას სიმსუქნეზე ფიქრი არ შორდებოდა. საკვებში ჰპოვებდა შვებას, რათა სამეფო ოჯახთან დაძაბულობა ცოტათი დაეძლია. 1990 წელს ოფიციალურად აღიარა, რომ ბულემიისგან იტანჯებოდა. გარდა ამისა, მუდმივად გრძნობდა დეპრესიას და სიცარიელეს.
პირადი პრობლემების მიუხედავად, დიანას შეეძლო დახმარებოდა ადამიანებს. სწორედ ამიტომ რჩება იგი დღემდე ყველასთვის საყვარელ პრინცესა ლედი დიდ.