ბევრ ჩვენგანს უყვარს წინა დღეს მომზადებული კერძის მირთმევა, განსაკუთრებით, დიდი სუფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველას უყვარს ახლად მომზადებული საკვები, მაგრამ მომზადება - ნაკლებად.
თანაც, როდესაც არის საშუალება, შეაგდო მიკროტალღურ ღუმელში წინა დღის კერძი და გაიცხელო. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც უმჯობესია, მეორე დღეს გადაყაროთ.
აი, ეს სამი პროდუქტი:
ბრინჯი
თუ საკვების სტანდარტების სააგენტოს დავუჯერებთ, უმი ბრინჯი შეიცავს დიდი ოდენობით საზიანო ბაქტერიების სპორებს და მათი უმეტესობა ხარშვისას არ ნადგურდება.
მაგრამ თუკი მომზადების დღესვე არ მიირთვით ბრინჯი, ამ ორგანიზმების გავრცელების პროცესი ახალი ძალებით და უფრო სწრაფად იწყება. აი, რატომ იწვევს გუშინდელი ბრინჯი ფაღარათს, გულის რევას და მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებს.
მცენარეული ზეთები
ერთხელ გამოყენებული მცენარეული ზეთის კვლავ გამოყენება დიდი შეცდომაა. ეს შესაძლოა მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის და სიმსივნის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
ბოსტნეული
საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ცენტრის მონაცემებით, დაჭრილი ბოსტნეულის შენახვა 4 გრადუსის პირობებში 12 საათზე მეტხანს დაუშვებელია. თუ იცით, რომ ბოლომდე ვერ მიირთმევთ სალათას, უმჯობესია, გაყინოთ იგი.
საქმე ისაა, რომ ბოსტნეულის უმეტესობა, მათ შორის, ნიახური, ისპანახი და ჭარხალი, შეიცავს ნიტრატებს.
თავად ნიტრატები უსაფრთხოა, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზე ის ბაქტერიების გამრავლების კატალიზატორი ხდება, რომლებიც ნიტრიტებს წარმოქმნის. ნიტრიტები კი თავის ტკივილს, დაღლილობის შეგრძნებას და უფრო სერიოზულ დაავადებებსაც კი იწვევს.