კოსმეტიკისა თუ თავის მოვლის საშუალებების შეძენისას, ქალების უმრავლესობა მხოლოდ ბრენდს და პროდუქციის გარეგნულ იერს ანიჭებს უპირატესობას.
არადა, ეს კომპონენტები უსაფრთხო პროდუქციის შესაძენად საკმარისი არ არის. თუ ყურადღებით არ დაუკვირდებით პროდუქციის შემადგენლობას, მან შესაძლოა მომაკვდინებლად იმოქმედოს ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი ასეთი საშიში კონსერვანტი პარაბენია. დარწმუნებულები ვართ, ამისთვის ყურადღება არასოდეს მიგიქცევიათ, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ სტატიას, ამიერიდან უფრო ფრთხილად იქნებით კოსმეტიკისა თუ ბავშვის მოვლის საშუალებების შერჩევისას.
ის ფაქტი, თუ რატომ გამოიყენებენ მწარმოებლები ასეთ საშიშ ნივთიერებას პროდუქციის წარმოებისას, მარტივია. პარაბენები იცავს კოსმეტიკურ საშუალებას ბაქტერიებისა და სოკოებისაგან, რითაც მისი ვარგისიანობის ვადა იზრდება და მნიშვნელოვნად მცირდება პროდუქციის ფასი.
კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ პროდუქციაში: კრემებში, კბილის პასტებში, შამპუნებში, დეკორატიულ კოსმეტიკაში, ბავშვის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებში ფართოდ გამოიყენება ეს ხელოვნური კონსერვანტი.
თუ ეტიკეტზე არის შემდეგი დასახელებები: მეთილპარაბენი (Methylparaben-საკვები დანამატის კოდი E218), პროპილპარაბენი (Propylparaben- E216), ეთილპარაბენი (Ethylparaben- E214), ბუტილპარაბენი (Butylparaben) – მორიდეთ იმ პროდუქციის შეძენას.
რას იწვევს პარაბენების დაგროვება ორგანიზმში?
მათი დაგროვება არღვევს ჰორმონალურ წონასწორობას, რაც განაპირობებს ბავშვების ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკის მომატებას. ორსულობის დროს პარაბენებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის რეპროდუქციული სისტემის დარღვევები.
2004 წელს ინგლისელმა ბიოლოგმა ფილიპ დარბრემ გამოაქვეყნა ძუძუს კიბოს კვლევის შედეგები: 20-დან 19 ნიმუშში პარაბენები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, კოსმეტიკურ საშუალებებში, კერძოდ, თანამედროვე ანტიპერსპირანტებში არსებული მავნე ქიმიური ინგრედიენტები აღწევს კანში, გროვდება ქსოვილებში, რაც იწვევს სხვადასხვა მუტაციასა და პათოლოგიურ პროცესს. ამან მეცნიერებს იმის ვარაუდის საშუალება მისცა, რომ დაავადების ეს შემთხვევები პარაბენების შემცველი დეზოდორანტების გამოყენებით იყო პროვოცირებული..
ცნობისათვის, 2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციით, კოსმეტიკაში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს პარაბენების შემცველობა. 2011 წელს დანია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აკრძალა პარაბენების დამატება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საშუალებებში.